ამბები

21:39 | 1.11.2011 | ნანახია 7327 - ჯერ

17-წლამდელებმა ელიტა გაინაღდეს

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაც ისე მოიგო, რომ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა, ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ელიტარულ გუნდებთან თამაშის საგზური გაინაღდა. საბოლოო ვერდიქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეორე შეხვედრა დასრულდა. პორტუგალიამ მასპინძელი რუმინეთი 27:3 დასცა და ახლა, ბოლო ტური რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მას და საქართველოს ნაკრებს პირველ-მეორე ადგილს ვეღარავინ შეეცილება, ორი საუკეთესო კი, მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად, ევროპის სრულუფლებიანი პირველობისთვის იბრძოლებს.
ბელგია მასპინძელ რუმინეთზე უკეთესი გუნდი და უფრო ღირსეული მეტოქე გამოდგა, მაგრამ ქართულ მოლს ვერც ის დაუდგა. შეხვედრამ მაღალ ტემპში ჩაიარა, ორივე გუნდი ცდილობდა, რომ თამაში გაეშალა და მაყურებლისთვის ლამაზი რაგბი ეჩვენებინა და ეს გამოუვიდა კიდეც. როცა საჭირო იყო, ქართველი მორაგბეები მთავარ იარაღ მოლს დიდებულად იყენებდნენ, მაგრამ პერიოდულად, ბურთის გაშლას ცდილობდნენ და ერთი ლელო ლამაზი კომბინაციის შედეგად გაიტანეს.
პატარა “ბორჯღალოსნებმა” პირველივე წუთებიდან სცადეს ბურთის გაშლა და მეტოქეს ხაზიც გაუჭრეს, მაგრამ მერე შეტევაში დაჯარიმდნენ. ბელგიელებმა ქართველთა 22-მდე მიაღწიეს, იქიდან ბურთი დერეფანში ქართველებმა ააგდეს და პირველი მოლიც აგორდა. პირველ ჯერზე, საქართველოს ნაკრებმა ცენტრალურ ხაზამდე მიაღწია და მეტოქე დაჯარიმდა. ბურთი აუტში მეტოქის 22-თან გადავიდა, ისევ მოლი და ამჯერად, ბელგიელები ჩათვლის მოედნიდან 7 მეტრში დაჯარიმდნენ. კვლავ აუტი, ზედიზედ მესამე კარგი მოლი და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ზაურ ხარებავამ დაამიწა, ბროძელმა კი რეალიზაცია გამოიყენა და მე-7 წუთზე ანგარიში 7:0 გახდა.
ამას ბელგიელთა გააქტიურება მოჰყვა და ორიოდე წუთში მათ, არცთუ იოლი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. მერე ბელგიელებმა დააყენეს მოლი, საქართველოს ნაკრები კვლავ დაჯარიმდა და მე-15 წუთზე სხვაობა უკვე მინიმუმამდე დავიდა - 7:6. აბა, ამას ქართველები როგორ შეეგუებოდნენ და საპასუხოდ კარგი შეტევა წამოიწყეს, მათ ჯერ მარჯვენა ფლანგიდან მოკლე დარტყმებით შეაღწიეს მეტოქის 22-ში, მერე ბურთი მარცხნივ ჩაათამაშეს, სადაც ქარველები მეტობაში იყვნენ და მე-17 წუთზე, ლაშა ლაშხიამ ქართველთა მეორე ლელო მიითვალა, ოღონდ, ამჯერად რეალიზაცია არაზუსტი იყო. ბელგიელები ისევ გაქტიურდნენ, ისინი კარგად იდგნენ შერკინებაში და ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო.
მალე, ხელით თამაში გაჩაღდა, ხან ერთი გუნდი უტევდა, ხან მეორე. “ბორჯღალოსნები” თავს კარგად იცავდნენ. ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა ბურთი თავის 22-თან მოიხელთა, კარგად უტია და მეტოქის 22-მდე მიაღწია. იქ ბელგიელები დაჯარიმდნენ, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან კარში დარტყმას, ქართველებმა ბურთის აუტში გატანა არჩიეს და არც შემცდარან. შესვენებამდე სამიოდე წუთით ადრე, საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულად, ორი ხელით კარგად მოიგო დერეფანი, მოლი დადგა და მეტოქე საკუთარ ჩათვლის მოედანში შეათრიეს, ლელო კი გიორგი გოგლიძემ მიითვალა, რასაც ბროძელმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა და ტაიმი 19:6 დასრულდა.
დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, ბელგიელები კარის გასწვრივ 26 მეტრში დაჯარიმდნენ და ამჯერად, ბროძელმა ნაღდი დარტყმა სამ ქულად აქცია. დაახლოებით 15-მა წუთმა საქართველოს სრული უპირატესობით ჩაიარა. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, იერიშს კარგად შლიდნენ, ორივე ფლანგს იყენებდნენ და მთელი ფრონტით უტევდნენ. ბელგიელები ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ქართველებმა ლელოს გატანაზე ითამაშეს, თუმცა, მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ბურთი დაიკარგა.
ასეთმა გახსნილმა თამაშმა რამდენიმე შეჯახება გამოიწვია და ორჯერ მორაგბეები წაკინკლავდნენ, თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. რადგან ქართველებმა იერიშისას ქულა ვერ აიღეს, ბელგიელებს გული მიეცათ და ახლა მათ დაიწყეს კარგი შეტევა. მეტოქემ ხაზის გაჭრაც მოახერხა და საქართველოს ნაკრებს დიდი ძალისხმევა დაჭირდა საკუთარი ჩათვლის მოედნის დასაცავად. ეს კი მოხერხდა, მაგრამ ბურთი კვლავ ბელგიელების ხელთ იყო და 51-ე წუთზე, დევი დევსურაშვილი მსაჯმა უხეში ბოჭვისთვის გაასინბინა, მეტოქემ კი აღარ გარისკა, ჯარიმა კარში დაარტყა და ჩამორჩენა შეამცირა - 9:22.
ბელგიელებმა მეტობის გამოყენება სცადეს და მეორე ჯერზე ჯარიმა აუტში გაიტანეს, მაგრამ ქართველთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ბურთი დაკარგეს. მალე, კვლავ არეული თამაში გაჩაღდა, ორივე გუნდი ხელით სწრაფი შეტევის განხორციელებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რადგან პრემიალურ ქულამდე საქართველოს ნაკრებს ერთი ლელო აკლდა, ის ჩვეული სტილით თამაშზე გადავიდა, მოლი ააგორა და მეტოქე დაჯარიმდა. ამჯერად, საქართველოს ნაკრებს ხელსაყრელი სიტუაციიდან დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ ამ ჯარიმისთვის მეტოქე სინბინით დაისაჯა და კაცნაკლულმა “ბორჯღალოსნებს” ბოლო ხუთი წუთი ვეღარ გაუძლო. ლელო ჩვეულ სტილში გავიდა. ქართველებმა კარგად მოიგეს დერეფანი, მოლი დააყენეს, ის დაახლოებით 18 მეტრი არბენინეს და ბურთი ზაურ ხარებავამ დაამიწა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ მიზანი მაინც შესრულდა - 27:9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ოთხი ლელოს გატანისთვის კუთვნილი პრემიალური ქულა.
ტურნირის დასკვნით შეხვედრას, ქართველი 17-წლამდელები 4 ნოემბერს, პორტუგალიასთან გამართავენ, მომავალ წელს კი, მათ ელიტარულ გუნდებთან თამაში და დიდი გამოცდა ელით.     

18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
1 ნოემბერი. სამშაბათი. II ტური
საქართველო - ბელგია 27:9 (19:6)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე (დევი დევსურაშვილი 50), 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი (ილია მელაძე 62); 1. რამაზ მაზმიშვილი (ალექსი ცისკარიშვილი 58), 2. ბექა პირიაშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე (ონისე მოგელაშვილი 53), 7. გიორგი გოგლიძე (ვახტანგ ამირანაშვილი 47), 8. შოთა თევზაძე.
4 ლელო: ხარებავა (1, 4), ლაშხია, გოგლიძე
2 რეალიზაცია: ბროძელი
1 ჯარიმა: ბროძელი
სინბინი: დევსურაშვილი

რუმინეთი - პორტუგალია 3:27 (3:13)
 

1 საქართველო 2 2 0 0 54:15 10
2 პორტუგალია   2 2 0 0 50-22 8
3 ბელგია 2 0 0 2 28-50 1
4 რუმინეთი 2 0 0 2 9-54 0



4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.13298