საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, მსაჯის სიმპატია არად ჩააგდო და მასპინძელთა გუნდი, დიდი ხელშეწყობის მიუხედავად, 24:8 დაამარცხა.
ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჰოლანდიის, ან რუსეთის ნაკრები იქნება, რომელთა ნახევარფინალური შეხვედრაც 17:00 საათზე იწყება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ქართველმა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული უკვე მოიპოვეს და მაშინ ფინალში რუსეთი დაამარცხეს, ახლა კი, ტიტულის შენარჩუნების შანსი ეძლევათ. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ორი გუნდი, გაისად, სავარაუდოდ იაპონიაში გასამართ 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურს იღებს და ეს უფლება პატარა “ბორჯღალოსნებმა” უკვე მოიპოვეს.
შეხვედრის დებიუტი ქართველებისთვის მძიმე აღმოჩნდა. მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით გახსნეს ანგარიში, მერე რეფერის ხელშეწყობით ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, სულ მალე კი, მსაჯმა ქართველი მორაგბეე გაასინბინა და რიცხვობრივ უმცირესობაში დავრჩით. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ რუმინელებმა ლელოც გაიტანეს და რადგან რეალიზაცია არაზუსტი იყო, 8:0 დაწინაურდნენ. ნელ-ნელა, ქართველებმა თამაშის გათანაბრება შეძლეს და შესვენებამდე ჯარიმით ჩამორჩენაც შეამცირეს. აი, მეორე ნახევარში კი, რუმინელებს გრიგალივით დაატყდნენ თავს, გაშლილი, ხელდახელ რაგბი ითამაშეს, მეტოქეს სამი ლელო უსახსოვრეს, სამივე რეალიზაცია გამოიყენეს და 24:8 დამსახურებულად გაიმარჯვეს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
2 ნოემბერი. თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუმინეთი 24:8 (3:8)
ჰოლანდია - რუსეთი 8:45 (3:21)
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შვეიცარია - პორტუგალია 7:71 (0:33)
ბელგია - ესპანეთი 7:7 (0:7) (პ. 2:4)
VII ადგილისთვის
ბელგია - შვეიცარია
V ადგილისთვის
პორტუგალია - ესპანეთი
III ადგილისთვის
რუმინეთი - ჰოლანდია
ფინალი
საქართველო - რუსეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია