საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა იან სმიტმა, მე-2 ნახევარში “ბორჯღალოსანთა” თამაშის ტაქტიკა შეცვალა, გუნდს ხელდახელ, გაშლილი რაგბის თამაში დაავალა და ამან შედეგი გამოიღო. 3 უპასუხო ლელო და 21:0 - ასეთი იყო ამ ცვლილების შედეგი და რეფერის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა მასპინძელი რუმინეთი ჯამში 24:8 დაამარცხეს.
ეს იყო 19-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელზეც, ამავდროულად, 2012 წლის მსოფლიოს თასის “ალაფის” 2 საგზური თამაშდება და რადგან საქართველოს ნაკრებმა ფინალში თამაში უკვე გაინაღდა, მომავალ წელს მსოფლიოს თასზეც აუცილებლად მოხვდება. მანამდე, “ბორჯღალოსნებს” კიდევ ერთი შეხვედრა ელით რუმინეთში, სადაც გასული წლის ფინალი გამეორდება და ქართველთა მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, შარშანდელ ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 38:7 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონი გახდა. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 5 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 17:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს აშკარად ეტყობა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელი. რა თქმა უნდა, ახლაც მრავლად იყო შეცდომები, ბურთის წინ ვარდნა, დერეფანში საკუთარი მოწოდების გაცუდება, არასწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ იყო უამრავი დადებითი მომენტი. ქართველმა მორაგბეებმა არატრადიციული რაგბი ითამაშეს, აქცენტი ბურთის გაშლაზე გააკეთეს და ლელოები ლამაზი კომბინაციებით გაიტანეს. რაც მთავარია, ტაქტიკური ცვლილება უშუალოდ მატჩის მსვლელობის მოხდა, რისთვისაც მეტოქე მოუმზადებელი აღმოჩნდა და ქართველთა მიერ საკუთარი 22-დან ხელით წამოწყებულ იერიშებს, ვეღარაფერი დაუპირისპირა. საამისოდ მზად არც მსაჯი აღმოჩნდა, რომელიც ძალისმიერ თამაშში დანაშაულს მუდამ რუმინელთა სასარგებლოდ ხედავდა, აი, გაშლილ ბურთაობაში კი, მიზეზის მოძებნა გაუჭირდა და “დავალება ვეღარ შეასრულა”.
ნახევარფინალური შეხვედრის პირველმა ტაიმმა ძალისმიერ ბრძოლაში ჩაიარა. რუმინელებმა მოახერხეს ქართველების თავს ის თამაში მოეხვიათ, რაც თავად სურდათ, ფრანგი რეფერის დახმარებით, ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. ჯარიმის შესრულების უფლება მე-4 წუთზევე მიიღეს და ანგარიში გახსნეს. საქართველოს ნაკრები ბურთს მეტოქის ზურგში ფეხით ჰკიდებდა და ასე ცდილობდა მეტოქის ნახევარზე გადასვლას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მსაჯი აჯარიმებდა. მე-6 წუთზე, რეფერი ვერაფერს გახდა, რადგან რუმინელი ისე გათამამდა, რომ აშკარა თამაშგარიდან რაქში ბურთს წაეტანა. როგორც წესი, ამისათვის დამნაშავე სინბინით ისჯება, მაგრამ რეფერიმ მეტოქეს სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მისცა, საქართველოს ნაკრებმა კი, ხელსაყრელი სიტუაციიდან წონასწორობის აღდგენის შანსი ვერ გამოიყენა.
პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ შერკინებასა და მოლში რუმინელები ქართველებს სჯობდნენ და საქართველოს ნაკრები საკუთარი 22-ის ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდა. რუმინელებმა ბურთი სწრაფად გაითამაშეს, რეფერიმ, ათი მეტრით უკან დროულად რად არ დაიხიეთო და, ვალერი რაფავა გაასინბინა. მეტოქემ ბურთი აუტში გაიტანა, 5-მეტრა დერეფანი მოიგო, მოლი დააყენა და ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო და მე-12 წუთისთვის რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 0:8.
საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმშიც ჰქონდა გაშლილი რაგბის ჩვენების მცდელობა და მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, რომელიც ამჯერად, საბა ნიკოლავამ ზუსტად შეასრულა და კაცნაკლულმა საქართველომ მე-19 წუთზე ჩამორჩენა შეამცირა.
ამას, კვლავ, მეტოქის ძალისმიერი იერიში მოჰყვა, რეფერიმ ისევ დაგვაჯარიმა და სანამ ერთ-ერთი მათგანი ხელსაყრელი სიტუაციიდან მსაჯს უთითებდა, კარში ვარტყამთო, მეორემ ბურთი გაითამაშა და შეუტია. ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, მსაჯი ჯარიმას მეტოქე გუნდს გადასცემს, მაგრამ ფრანგმა მომხდარს ყურადღება არ მიაქცია და “ბორჯღალოსნებს” ძალიან გაუჭირდათ მეტოქის იერიშის მოგერიება, მაგრამ მოახერხეს.
შემდგომში არეული თამაში გაჩაღდა, რაშიც ქართველები უკეთესები იყვნენ, მაგრამ შეტევის მარჯვნივ განვითარების ნაცვლად, სადაც მეტობა იყო, იერიში კვლავ ცენტრისკენ განვითარდა და შანსი დაიკარგა.
შესვენებამდე რუმინელებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ჯარიმა ორივე შემთხვევაში არაზუსტად დაარტყეს და ტაიმი 3:8 დასრულდა.
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის არცთუ კარგად დაიწყო. ცენტრალური ხაზიდან ჯარიმის აუტში გატანისას, ის გვერდითას კი არა, პირით ხაზს გადასცდა... მაგრამ მოედანზე უკვე სხვა “ბორჯღალოსნები” იყვნენ. მათ სწრაფად დაიბრუნეს ბურთი, ხელდახელ, მაღალ სიჩქარეზე შეუტიეს და როდესაც ჩათვლის მოედნამდე 20 მეტრი რჩებოდა, რუმინელმა თამაშგარიდან გადაცემა განზრახ ჩაჭრა. დამნაშავე სინბინის იმსახურებდა, მაგრამ რეფერი ყვითელი ბარათის ჩვენებას არ აპირებდა. ჰოდა, გაითამაშეს ჩვენებმა სწრაფად ბურთი და ფეხით მარჯვენა ალამთან, მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩაჰკიდეს, სადაც ლევან გოგოლაშვილმა დროულად მიირბინა და ლელო დააფიქსირა. ეს იყო რეფერის უნამუსობისთვის პირველი სასჯელი, რასაც ნიკოლავას ზუსტი რეალიზაცია მოყვა და საქართველოს ნაკრები 10:8 დაწინაურდა.
ფრანგი რუმინელებს გაუძღვა და როცა ქართველმა თავის 22-ში ბურთი ალალზე დაიჭირა, მხარეებს თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ბურთი ქართველებმა მალევე დაიჭირეს, თუმცა, სწრაფი შეტევისას გადაცემა მეტოქეს მიუვიდა და გაგვიმართლა, მას წინ რომ დაუვარდა.
საქართველოს ნაკრებმა კვლავ ხელდახელ შეუტია, მეტოქის 22-მდე მიაღწია და იქ რუმინელი ისე დაჯარიმდა, რეფრიმ ყვითელი ბარათის არამოღება ვეღარ გაბედა. საქართველოს ნაკრებმა ბურთი აუტში გაიტანა, ჯერ მოკლე დარტყმებით მეტოქე დაამუშავა, მერე ის ხაზზე გაშალა და ბექა მამრკიშვილმა ორ მცველთან ჭიდილში, 48-ე წუთზე, ლელო გაიტანა, ხოლო ნიკოლავამ რეალიზაცია ზუსტად შეასრულა.
მალევე, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი 22-დან ხელდახელ შეუტია და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ ზედ ხაზთან ბურთი წინ გადავარდა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა მეტოქის შერკინება მოიგეს, იერიში ცენტრისკენ გაშალეს და ლელო ძელებსშუა მერაბ შარიქაძემ გაიტანა, ხოლო 54-ე წუთზე, ნიკოლავამ რეალიზაციით ანგარიში 24:8 გახადა.
დარჩენილმა დრომ რუმინელთა იერიშებში ჩაიარა. საქართველოს ნაკრების დაცვა კარგად იდგა, ერთადერთი ეგაა, ფეხით ბურთის შორს მოგერიება ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, აქცენტი კვლავ სამხრეთულ სტილში, საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვიდან ხელით თამაშზე გაკეთდა და სიტუაციაც განიმუხტა. ამასობაში, დარჩენილი დროც ამოიწურა, რეფერიმ საფინალო ჩასტვინა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის “ალაფის” საგზურის მოპოვებით და ფინალში გასვლით გაიხარა.
ფინალში ქართველთა მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ჰოლანდია 45:8 გაანადგურა.
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
2 ნოემბერი. თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუმინეთი 24:8 (3:8)
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (დაჩი კოპაძე 56), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. გიორგი მისრიაშვილი (ვაჟა ხუციშვილი 39); 1. გიორგი თეთრაშვილი, 2, დავით ხიდეშელი (გიორგი ლომთაძე 49), 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური (გურამ შენგელია 49), 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე (ნოდარ მარდალეიშვილი 69), 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ვალერი რაფავა.
3 ლელო: გოგოლაშვილი, მამრიკიშვილი, შარიქაძე
3 რეალიზაცია: ნიკოლავა
1 ჯარიმა: ნიკოლავა
1 სინბინი: რაფავა
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია
ჰოლანდია - რუსეთი 8:45 (3:21)
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შვეიცარია - პორტუგალია 7:71 (0:33)
ბელგია - ესპანეთი 7:7 (0:7) (პ. 2:4)
VII ადგილისთვის
ბელგია - შვეიცარია
V ადგილისთვის
პორტუგალია - ესპანეთი
III ადგილისთვის
რუმინეთი - ჰოლანდია
ფინალი
საქართველო - რუსეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია