ამბები

13:00 | 3.11.2011 | ნანახია 3247 - ჯერ

თედო ზიბზიბაძე: “ქართული რაბის განვითარების სტრუქტურა ოც წელიწადზეა გათვლილი”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე საკუთარ კლუბს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში წელს აღზევებულ “პერიგოს” ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდა. გუნდი რთულ სიტუაციაშია, რვა თამაშიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა და რვა ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და გამოცდილი ქართველის დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება, მაგრამ 31 წლის თედო მას ჯერ ვერ ეხმარება.
ქართველი მორაგბე 15 ოქტომბერს “ალბისთან” გამართულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ დაშავდა, 33-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს. “პერიგოს” ოფიციალური საიტი ზიბზიბაძეს განვლილ მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებზე და ზოგადად ქართულ რაგბიზე ესაუბრა.
-    გამარჯობა თედო. როგორ შეხვდით თქვენ და საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასს?
-    ეს განსაკუთრებული, მართლაც რომ უნიკალური მომენტი იყო. შემადგენლობის შერჩევა თითქმის სამი თვის განმავლობაში ხდებოდა და გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა. როგორც სპორტული, ასევე, ადამიანური თვალსაზრისით, ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. გავიმარჯვეთ რუმინეთთან, რაც წინდაწინ გვქონდა დაგეგმილი, ძალიან გვსურდა მეორე შეხვედრის მოგება, ეს არ გამოვიდა, მაგრამ შოტლანდიას, ინგლისს და არგენტინას, არაფერი დავუთმეთ და ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება პირადად ჩემ თამაშს, ვფიქრობ, საკუთარი სათამაშო ფორმის პიკზე ვიყავი და კარგადაც გამოვიყურებოდი.
-    ახალი ზელანდიის გაცნობა თუ მოახერხეთ?
-    დიახ, ჩვენ ხომ ხუთ სხვადასხვა ქალაქში გავჩერდით. მართალია, სასტუმროებში ვცხოვრობდით, მაგრამ ორ-სამ კაციან ჯგუფებად, ადგილობრივ ოჯახებში ვსადილობდით და მათი ცხოვრების სტილსაც ვეზიარეთ. ერთ დღეს მაორების ოჯახში პიკნიკიც გვქონდა. ეს მართლაც საოცრება იყო. ამ მშვენიერ ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. ზელანდიაში ყველაფერი რაგბით სუნთქავს. ძალიან გამაოცა იმან, რომ იქ ყველაფერი სწორედ რაგბის უკავშირდება. ზელანდიაში რაგბის ყველგან, ქალაქის ცენტრშიც კი თამაშობენ და სპორტის ამ სახეობას ყველა მისდევს, ბავშვიც და მოხუციც, ქალიც და კაციც. მდიდარს და ღარიბს, ოვალური ბურთი ყველას ერთნაირად უყვარს და ყველა ელოდა საკუთარი გუნდის წარმატებას.
-    რას იტყვით საქართველოს ნაკრებზე და თქვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე?
-    ნაკრების დონე იზრდება. ძალიან ბევრი მოთამაშე საფრანგეთში მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ის ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებიც, რომლებიც შიდა ჩემპიონატში თამაშობენ, პროგრესს განიცდიან. რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) დახმარებით, საქართველოში შეიქმნა რაგბის აკადემია, სადაც, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს. კლუბების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მათი სტრუქტურაც უფრო დახვეწილი ხდება. რაგბი სპორტის ნომერი პირველი სახეობაა ქვეყანაში. ჩვენს მთავარ მწვრთნელს, შოტლანდიელ რიჩი დიქსონს, რომელიც საქართველოში თავდაპირველად IRB-ს ეგიდით ჩამოვიდა, სწორი გზით მივყავართ და განვითარების ისეთი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რომელიც ოც წელიწადზეა გათვლილი. ეს მოთამაშეებს დიდ მოტივაციას გვაძლევს. ძალიან მჭიდრო ურთიერთობაა ახალგაზრდა და გამოცდილ მორაგბეებს შორის. უნდა გენახათ, რა ხდებოდა დუბაის აეროპორტში, როდესაც ჩვენ საფრანგეთში გვიწევდა წამოსვლა, მორაგბეების ნაწილს კი საქართველოში დაბრუნება და ერთმანეთს ვშორდებოდით. ეს ამაღელვებელი მომენტი იყო!
-    მზად ხართ “პერიგოსთან” ერთად Pro D2-ში სათამაშოდ?
-    დიახ, ისეთი მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს. ძალიან სამწუხაროა, “ალბისთან” მატჩში ტრავმა რომ მივიღე, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები და გუნდს Pრო D2-ში წარმატების მიღწევაში დავეხმარები.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082195