საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, თავის დასკვნით, მესამე შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს და მისი დამარცხებით შესარჩევი ტურნირის მოგებას ეცდება.
ერთი შეხედვით, ეს მატჩი აღარაფერს წყვეტს, რადგან საქართველომ და პორტუგალიამ პირველი ორი შეხვედრა მოიგეს, ბელგიას და რუმინეთს მათი დაწევის შანსი აღარ აქვთ, პირველ-მეორე ადგილი გაინაღდეს და შესაბამისად, მომავალ წელს ელიტარულ გუნდებთან - ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან თამაში დაიბევეს. მაგრამ ეს რაგბია, სადაც ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო წუთამდე მიდის და ეგეც რომ არა, ამ ტურნირის მოგება ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ამისათვის კი, პატარა “ბორჯღალოსნებს” პორტუგალიელი თანატოლების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება მართებთ.
როდესაც ტურნირის მოგების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მიმდინარე წლის ივნისი, როდესაც საქართველოს ამ ნაკრებმა, ბუქარესტშივე რუმინეთის, რუსეთის და უკრაინის ნაკრებებს სძლია, “შავი ზღვის თასი” მოიპოვა და ელიტაში თამაშის უფლებაც მიიღო, მაგრამ მერე მუხთალმა IRB-მ, სავარაუდოდ, რუმინელთა საამებლად, გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა “პატარა ქართველებს” ხელახლა მოუწიათ უკვე მოპოვებული უფლების მოპოვება. ეს ამოცანა წარმატებით კი გადაიჭრა, მაგრამ რაგბის მამებმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახონ, რომ საქართველო ევროპაში მეშვიდე სარაგბო ერია და ამას ზედმეტი გადამოწმება აღარ სჭირდება. ამასთან, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბადე, სწორედ გუნდების მიერ დაკავებული ადგილის მიხედვით შედგება და ბუქარესტის ტურნირის მოგება, შედარებით იოლ მეტოქეებთან თამაშის საშუალებას მოგვცემს.
დასკვნითი ტურის შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და იქ ფავორიტი საქართველოს ნაკრებია. მართალია, ქართველთა მსგავსად, პორტუგალიამ ორივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” ორივე შემთხვევაში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, ორივეჯერ პრემიალური ქულა მიითვალეს დ სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ. პირველი ადგილის დასაკავებლად, საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩში ფრეც აძლევს ხელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ განვლილ ორ შეხვედრაში, ქართველმა მორაგბეებმა ხელდახელ, გაშლილი რაგბი ითამაშეს, ამასთან, ორივე მატჩში იდეალურად გამოიყენეს მოლში უპირატესობა, ჯარიმები კარში არ ურტყეს და აქცენტი მხოლოდ ლელოების გატანაზე გააკეთეს. როგორც რუმინეთთან, ასევე ბელგიასთან, სამ-სამი ლელო სწორედ კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ დაყენებულ მოლს მოყვა. მასპინძლებთან ლელოები შოთა თევზაძემ, ბექა პირიაშვილმა, ალექსი ცისკარიშვილმა და გიორგი გოგლიძემ მიითვალეს. ამას რევაზ ბროძელმა ორი რეალიზაცია და ერთიც ჯარიმა შემატა და საქართველოს ნაკრებმა 27:6 იმარჯვა. ბელგია უკეთესი გუნდი აღმოჩნდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” აქაც იგივე შედეგი გაიმეორეს და 27:9 მოიგეს. ამჯერად ორი ლელო ზაურ ხარებავას ანგარიშზეა, თითო-თითო კი ლაშა ლაშხიამ და გიორგი გოგლიძემ გაიტანეს. ბროძელის მონაგარი ამჯერადაც ორი რეალიზაცია და ერთი ჯარიმა იყო. აღსანიშნავია, რომ განვლილ ორ შეხვედრაში, ქართველებს ლელო არ მიუღიათ და იმედია, ტურნირს ასევე ჩაამთავრებენ.
ქართველთა მომავალმა მეტოქე პორტუგალიამ პირველ ტურში ბელგიასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, ტაიმი 6:9 დათმო, მერე ანგარიში 16:16 იყო, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 23:16 დაწინაურდა, თუმცა, მალევე ჯარიმა გაუშვა, მძიმე 10-11 წუთი გადაიტანა და საბოლოოდ, 23:19 იმარჯვა. რუმინელებთან საქმე შედარებით იოლად მოითავა, მეტოქეს 27:3 აჯობა, ოღონდ, ოთხი ლელოს გატანა ვერც აქ მოახერხა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
4 ნოემბერი. პარასკევი. III ტური
ბელგია - რუმინეთი (12:30 თბ.დრ.)
საქართველო - პორტუგალია (14:00 თბ.დრ.)
საქართველო 2 2 0 0 54:15 10
პორტუგალია 2 2 0 0 50-22 8
ბელგია 2 0 0 2 28-50 1
რუმინეთი 2 0 0 2 9-54 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია