ამბები

18:48 | 4.11.2011 | ნანახია 4005 - ჯერ

“ბზის თასისთვის” სრული ანშლაგით

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, “ავჭალის” სტადიონზე, 2011 წლის საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი “არმია” და “აია”, ერთმანეთს “ბზის თასისთვის” დაუპირისპირდება. ის, რომ ეს ორი გუნდი წელს მართლაც საუკეთესოა, რეგულარულმა პირველობამაც დაგვანახა. ქუთაისელები დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებლები იყვნენ, მერე მარცხის გემოც კი იწვნიეს, მაგრამ რეგულარული პირველობის პირველობა მაინც დიდი ხნით ადრე გაინაღდეს, თბილისელებმა კი, ერთი წლის წინ დაკომპლექტებული გუნდით საოცარ შედეგს მიაღწიეს და ახლა “თასის” დასაკუთრებას ეცდებიან.
ქუთაისის “აია” ყოველთვის ითვლებოდა ქართული რაგბის ფლაგმანად და მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველობა დაარსდა, გუნდმა პირველი ორი გათამაშება მოიგო. მერე საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის გუნდმა, ჩემპიონობას გემო 1995 წელს გაუსინჯა, პრიზიორებში კი, ბოლოჯერ 1997 წელს მოხვდა, როდესაც ფინალურ შეხვედრაში “ყოჩებთან” 8:20 დამარცხდა და 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ნანატრი ოქროს მოპოვებას 16 წლის შემდეგ ეცდება. რეგულარული პირველობის მოგების შემდეგ, ფლეი ოფში ქუთაისელები მომავალ მეტოქე “არმიასთან” დამარცხდნენ და “ბზის თასისთვის” ბრძოლის გასაგრძელებლად, მცირე ფინალში ქვეყნის აწ უკვე ყოფილ ჩემპიონ “ლოკომოტივითან” მოუწიათ ბრძოლა.
“აიამ” კარგი თამაში აჩვენა და მეტოქე 27:7 დასცა. ამ შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, რომელსაც ასაკის მიუხედავად მეორე სუნთქვა გაეხსნა და ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. ქუთაისელთა შემადგენლობა კარგადაა დაბალანსებული და ძლიერ შერკინებასთან ერთად, საუცხოო უკანა ხაზი ჰყავს, სადაც ხამაშურიძესთან ერთად ეროვნული გუნდის კანდიდატები - ირაკლი ჩხიკვაძე და ირაკლი გიორგაძე გამოირჩევიან.
“არმია” წლევანდელი სეზონის წინ, პირველი ლიგის გამარჯვებულ თსუ -“ლომების” ბაზაზე ჩამოყალიბდა და თავი ძლიერ შემადგენლობას მოუყარა. მართალია, სეზონთაშორის შესვენებისას გუნდი “ბორჯღალოსანთა” პირველხაზელმა, ირაკლი ნატრიაშვილმა დატოვა, რომელმაც ფრანგულ “ბრივს” მიაშურა, მაგრამ გუნდმა დიდი შევსებაც მიიღო. სხვა ქართული კლუბებიდან მორაგბეების გადაბირების გარდა, “არმიამ” სამშობლოში დააბრუნა ეროვნული გუნდის კანდიდატები ბესიკ უდესიანი და ლაშა თავართქილაძე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდთან ერთად არიან ზელანდიამოვლილი ჯაბა ბრეგვაძე და ბიძინა სამხარაძე, ასევე გიორგი შკინინი, გიორგი ელიზბარაშვილი და 20-წლამდელთა საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი, ამ გუნდის ძალა თავისთავად ცხადი გახდება. ისიც სათქმელია, რომ გუნდს საქართველოს A ნაკრების თავკაცი ნიკოლოზ ჭავჭავაძე თავკაცობს, ვისაც ორ მატჩში ლევან მაისაშვილთან ერთად ეროვნული გუნდიც ჰყავს გაწვრთნილი, შერკინების მწვრთნელი კი, თვით ქართული რაბის ლეგენდა ლევან ცაბაძეა.   
მოკლედ, საკადრო ნაკლებობას არცერთი გუნდი არ უჩივის. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ორი დღით ადრე, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა და “ავჭალის” სტადიონზე, რომელიც ორი ათასზე ოდნავ მეტ მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგი იქნება. ამიტომ, ვისაც მატჩის ხილვა სურს, მაგრამ ბილეთი ჯერ არ შეუძენია, ამას ვეღარც მოახერხებს და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში მოუწევს მომავალი ჯახის ხილვა. წელს ამ გუნდებმა ერთმანეთში სამჯერ ითამაშეს. რეგულარული პირველობის პირველ წრეში, “აიამ” “არმია” ფოთში 17:15 დაამარცხა, მეორე წრეში არმიელებმა 23:15 ირევანშეს, ფლეი ოფში კი, ქუთაისში, თვითმხილველების თქმით, “აიამ” მეტოქეს თამაშით აჯობა, მაგრამ ანგარიში “არმიის” სასარგებლოდ მეტყველებს - 24:16.
პლეი ოფში გამარჯვებამ “არმიას” ორი კვირით დასვენების საშუალება მისცა. ისინი “ავჭალაში” გადიოდნენ შეკრებას და მთავარ მატჩს სრულად მობილიზებული ხვდებიან. “აიამ” მცირე ფინალში “ლოკომოტივის” დამარცხების შემდეგ, გეზი თბილისისკენ აიღო, ბანაკი “შევარდენის” ბაზაზე დასცა და ოთხი დღეა, რაც დედაქალაქში ემზადება. ფინალური შეხვედრის წინა დღეს, გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები ჟურნალისტებს შეხვდნენ.
ბესიკ ხამაშურიძე (“აიას” მთავარი მწვრთნელი): “უწინარესად, მინდა აღვნიშნო “შევარდენის” ბაზაზე შექმნილი პირობები. ახალგაზრდა მორაგბეებს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ დიდ სპორტსმენებად გაიზარდნონ. ასეევე, კლუბებს შეუძლიათ აქ ნაყოფიერი შეკრებები გამართონ და ინდივიდუალური თუ გუნდური ოსტატობა დახვეწონ. ჩვენ ყველაფრით კმაყოფილი ვართ. კარგია, რომ ხვალ სტადიონი სავსე იქნება. ქართული რაგბისადმი ინტერესი იზრდება და ეს სპორტის ამ სახეობის განვითარებას ძლიერ წაადგება. მომავალი შეხვედრის წინ, ტრავმირებული არავინ გვყავს. ფინალში ბოლოჯერ 1997 წელს ვითამაშეთ, მას შემდეგ კი, რაგბიში კი არა, მთელ ქვეყანაში დადგა კრიზისი. ახლა ჩვენ “კავკასუს ონლაინის” სახით ძლიერი სპონსორი გვყავს, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს, “აია” უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და აგერ უკვე ფინალში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ. “აიაში” თამაში ყველა მორაგბისთვის საამაყოა, ყურადღებას ქალაქის ხელმძღვანელობისგანაც ვგრძნობთ, რომელთაც ახლახანს მიტოვებული მოედანი გადმოგვცეს და მომავალი ჯახის წინ, ყველა კარგ განწყობაზეა. მორაგბეებს ზედმეტი საუბარი არ გვჩვევია. ხვალ ის გუნდი მოიგებს, რომელიც უკეთ შეასრულებს დასახულ ამოცანებს. მთავარი კი ისაა, რომ ორივე გუნდის მაყურებელი შინ ნასიამოვნები დაბრუნდეს. კლუბის წლევანდელი ბიუჯეტი მომავალ წელს იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ ევროთასებზე ვითამაშოთ, თუმცა, სამომავლოდ ასეთი გეგმები გვაქვს. ჩემპიონი გახდება თუ არა, მოხარულები ვიქნებით, თუკი “არმია” “ჩელენჯ ქაფზე” ითამაშებს, ეს ქართული რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია”.
ნიკოლოზ ჭავჭავაძე (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, “ავჭალაზე” ვემზადებოდით და ფინალურ მატჩს კარგად მომზადებული ვხვდებით. ჩვენ ახალშექმნილი გუნდი კი ვართ, მაგრამ შემადგენლობა კარგადაა შეკრული და წარმატებასაც ამის ხარჯზე მივაღწიეთ. ერთმანეთისა და საქმისადმი ყველას კარგი, პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს. “აიამ” დიდი შრომა გასწია და მიხარია, ხვალ მათთან რომ გვიწევს ფინალში თამაში. კარგი თამაში იქნება და ხვალ ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც კონკრეტულად ამ დღეს უკეთ იქნება მომზადებული. სწორედ ფინალში გამოჩნდა, წაგვადგა თუ არა ორკვირიანი დასვენება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ შეკრებაზე ბიჭებს თამაშთან მიახლოვებული დატვირთვები ჰქონდათ და მთლად დასვენებულებიც არ არიან. თუ ჩემპიონები გავხდით, “ჩელენჯ ქაფზე” თამაშსაც ვგეგმავთ, თუმცა, ვნახოთ, კონკრეტულად იმ მომენტისთვის რა მდგომარეობა იქნება”.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
5 ნოემბერი. “ბზის თასის” ფინალი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)

აია: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. გიორგი აბრამიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ბაჩუკი გოშაძე, 10. გაგა სინაურიძე, 9. ლევან გოგია; 1. თორნიკე ლომიძე, 2. გაგა გურეშიძე, 3. ტარიელ ჩხიკვაძე, 4. ერეკლე მეტრეველი, 5. თორნიკე ძაგნიძე, 6. ირაკლი რევიშვილი, 7. გელა შალამბერიძე, 8. ირაკლი დგებუაძე.
სათადარიგოები: 16. მერაბ მატკავა, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი ჩიტეიშვილი, 19. გიორგი ცირეკიძე, 20. ლევან შარვაშიძე, 21. ზურაბ ზვიადაძე, 22. ლევან თხელიძე, 23. გიგა კუხიანიძე.
არმია: 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. ვანო გაბროშვილი, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. გიორგი კაკოვინი, 2. ბექა მეკოკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 5. მამუკა ცხადაძე, 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ირაკლი ქორიძე, 18. ლევან დარასელია, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. ალექსანდრე ზაბახიძე, 21. გიორგი გაგოშვილი, 22. მამუკა ნინიძე.

 

 

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076242