საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთში დასრულებულ 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, სამივე მატჩი მოიგო და ყველა მათგანში გაიტანა პრემიალური ქულის მომტანი 4 ლელო, საკუთარი ჩათვლის მოედანი კი, ხელუხლებლად შეინახა.
ეს არის ღირსეული პასუხი IRB-ს ჩინოვნიკებისადმი, რომელთაც პატარა ქართველებს, ივნისში, ოფლითა და სისხლით მოპოვებული საგზური ჩამოართვა და ოქტომბერ-ნოემბერში ახლადდაარსებულ ტურნირში ახლიდან აჭიდავა. აჭიდავა და მათმა რჩეულმა რუმინეთმა, ისეთი ალიყური მიიღო, ელიტისკენ გახედვა კი არა, საქართველოს ხსენებაც კი აღარ ენდომება, ხოლო პატარა “ბორჯღალოსნებმა” მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, დასკვნით ტურში პორტუგალიასთანაც ბოლო წუთამდე იბრძოლეს და გათამაშება ღირსეულად, ჩემპიონების შესაფერისად დაასრულეს.
III ტურის შეხვედრაში, ელიტის საგზურის მფლობელ პორტუგალიასთან გამართულ მატჩში, საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად პირველიდან ბოლო წუთამდე ფლობდა უპირატესობას და ლელო მატჩის დებიუტშივე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერი მოითხოვა, რისი საშუალებაც არ იყო და ლელო გაუქმდა.
მე-12 წუთზე, “ბორჯღალოსნებმა” ნაცად ხერხს მიმართეს, კარგი მოლი დააყენეს, ზედ ჩათვლის მოედანთან თამაში რაქში გადავიდა, იქიდან გამოტანილი ბურთი გუნდის კაპიტანმა საბა შუბითიძემ მიიღო, მეტოქეს ეძგერა და ლელო გაიტანა, რევაზ ბროძელმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
შესვენებამდე, ქართველებმა კიდევ 2 კარგი შეტევა განავითარეს, გაშლილად, ხელდახელ შეუტიეს, მაგრამ ლელოს გატანა ვეღარ შეძლეს, მეტოქემ კი, ჩამორჩენის შემცირება ორჯერ სცადა შორეული ჯარიმით, მაგრამ მიზანმა ორივე შემთხვევაში უმტყუნა.
დაიწყო მე-2 ტაიმი თუ არა, ქართველთა უპირატესობა ანგარიშში შოთა თევზაძემ ასახა, რომელმაც ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია ამჯერად არაზუსტი იყო. 41-ე წუთზე, მსაჯმა თევზაძე გაასინბინა, ხოლო 49-ე წუთზე მის გზას შალვა შაშიაშვილი გაუყენა, მაგრამ ორი კაცით მეტმა პორტუგალიამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჯარიმით სხვაობა ოდნავ შეამცირა. ქართველები მოედანზე ჯერ კიდევ კაცნაკლულები იყვნენ, როდესაც იერიში თავისი მე-2 ლელოთი შუბითიძემ დააგვირგვინა, ხოლო რევაზ ჯინჭველაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა.
ბოლოს, როდესაც ყველაფერი უკვე გარკვეული იყო, საქართველოს ნაკრებმა, კერძოდ კი მურაზ გიორგაძემ, ქართველთა მე-4, პრემიის მომტანი ლელო გაიტანა და გუნდს 24:3 მოაგებინა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ეს ტურნირი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა, ევროპაში რეიტინგით მე-7 გუნდის სახელი დაიგდო და მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფში, ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
A ჯგუფში, ირლანდიის, საფრანგეთის, შოტლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები იბურთავებენ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, პირველადგილოსნები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-3 ადგილს გაითამაშებენ, მესამეები ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის გაეჯიბრებიან, ხოლო ნაბოლარები - ბოლოსწინა ადგილისთვის.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
4 ნოემბერი. პარასკევი. III ტური
ბელგია - რუმინეთი 7:3
საქართველო - პორტუგალია 24:3 (7:0)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. ნიკა ამაშუკელი, 11. დევი დევსურაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი (ილია მელაძე 54); 1. რამაზ მაზმიშვილი (ალექსი ცისკარიშვილი 54), 2. ბექა პირიაშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი (ბადრი ალხაზაშვილი 62), 6. საბა შუბითიძე (ონისე მოგელაშვილი 42, ვახტანგ ამირანაშვილი 63), 7. გიორგი გოგლიძე (ლაშა ლაშხია 62), 8. შოთა თევზაძე.
4 ლელო: შუბითიძე (1, 3), თევზაძე, გიორგაძე.
2 რეალიზაცია: ბროძელი, ჯინჭველაშვილი.
სინბინი: თევზაძე, შაშიაშვილი.
1 | საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 78:18 | 15 |
2 | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 53-46 | 8 |
3 | ბელგია | 3 | 1 | 0 | 2 | 35-53 | 5 |
4 | რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 12-61 | 1 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია