ამბები

10:24 | 5.11.2011 | ნანახია 7379 - ჯერ

ფინალი ნაცნობ რუსეთთან

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 17:15 საათზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ქართველმა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ რუსეთის ნაკრები გაანადგურეს - 38:7. ახლა განსხვავებული სიტუაციაა. ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი იან სმიტი ავარჯიშებს და მან ბუქარესტში უძლიერი შემადგენლობის წაყვანა ვერ მოახერხა, რადგან 5 ნოემბერსვე, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თბილისის “არმია” ქუთაისის “აიას” ეთამაშება, არმიელთა რიგებში კი, ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში ეკუთვნოდათ, მაგრამ კლუბი ვერ მიატოვეს.
ფინალის გზაზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ შვეიცარია გაანადგურა 50:0, მერე კი, მასპინძელ რუმინეთთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. მასპინძლებმა მსაჯის ხელშეწყობით ტაიმი 8:3 მოიგეს (ერთი პერიოდი 8:0-ს იგებდნენ), მაგრამ მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებმა” თამაშის სტილი შეცვალეს, ხელდახელ, გაშლილად შეუტიეს და მეტოქეს სამი ლელო და რეალიზაცია გაუტანეს, რის შედეგადაც 24:8 იმარჯვეს. რუსეთის ნაკრებმა ბრძოლა მეოთხედფინალში გადაიტანა, როდესაც ესპანეთთან ტაიმი 3:5 დათმო და ბოლოს 15:8 იმარჯვა, ნახევარფინალში კი, ჰოლანდიას იოლად გაუსწორდა - 45:8.
განვლილ ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 11 ლელო გაიტანა - რვა შვეიცარიასთან და სამი რუმინეთთან. შვეიცარიელებთან თავი ისახელეს ლევან გოგოლაშვილმა (სამჯერ), გიორგი ზიბზიბაძემ (ორჯერ), მერაბ შარიქაძემ, გურამ შენგელიამ და ბექა მამრიკიშვილმა, ხუთიდან ოთხი რეალიზაცია ვაჟა ხუციშვილმა, ხოლო ერთი ლაშა სირაძემ გამოიყენა. რუმინელებთან ლელოები გოგოლაშვილმა, მამრიკიშვილმა და შარიქაძემ მიითვალეს, ხოლო რეალიზაციები საბა ნიკოლავამ შეასრულა. მის ანგარიშზეა პირველ ტაიმში გატანილი ჯარიმაც. აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები ორივე შეხვედრაში სინბინით დაისაჯნენ და 10-10 წუთი კაცნაკლულებმა ითამაშეს.
ბოლოს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2012 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა და იქ თამაშის უფლება ფინალის მონაწილეებმა - საქართველომ და რუსეთმა უკვე დაიბევეს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო თასზე ითამაშებენ გასულ წელს მსოფლიო თასის უმაღლესი დონის ბოლოადგილოსანი ტონგა, აზიის ჩემპიონი იაპონია, აფრიკის ზონის გამარჯვებული ზიმბაბვე და სამხრეთ ამერიკის პირველადგილოსანი ჩილე.  

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია

2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
5 ნოემბერი
VII ადგილისთვის
ბელგია - შვეიცარია
V ადგილისთვის
პორტუგალია - ესპანეთი
III ადგილისთვის
რუმინეთი - ჰოლანდია
ფინალი
საქართველო - რუსეთი (17:15 თბ.დრ.)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095868