ერთი წლის შექმნილი თბილისის “არმია” 2011 წლის “ბზის თასის” მფლობელი გახდა. საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, არმიელებმა ქუთაისის “აიას” მეორე ნახევარში თამაში შემოუტრიალეს და 29:22 იმარჯვეს.
“ავჭალის” სტადიონზე 2000 მაყურებლის წინაშე გამართული მატჩის დებიუტი ქუთაისელებისა იყო და მე-4 წუთზე გაგა სინაურიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა, თუმცა, ოთხ წუთში ბახვა კობახიძემ ჯარიმითვე წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მე-14 წუთზე სათამაშო უპირატესობა “აიამ” ქულებში ასახა, როდესაც მეტოქის დაცვის ხაზი ბესიკ ხამაშურიძემ გაჭრა, გზა ოთხ მცველს შორის გაიკაფა და ლელო გაიტანა, სინაურიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა. ამას სინაურიძემ კიდევ ორი ჯარიმა შემატა და 27-ე წუთისთვის “აია” 16:3-ს იგებდა, მაგრამ მერე დაღლა დაეტყო და შესვენებამდე კობახიძემ ორი საპასუხო ჯარიმის გატანა მოახერხა - 16:9.
მეორე ტაიმის დასაწყისში, კობახიძემ და სინაურიძემ ჯარიმები გაცვალეს, მერე “არმია” საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა, 55-ე წუთზე კარგი მოლი დააყენა და შეცვლაზე შესულმა ირაკლი ქორიძემ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. 63-ე წუთზე არმიელები დაწინაურდნენ, როდესაც კობახიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მერე კი, შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა არმიელმა გიორგი გაგოშვილმა ხაზი გაჭრა და ქუთაისელთა ჩათვლის მოედნამდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო კობახიძემ ლამაზ ლელოს ზუსტი გარდასახვა წაამატა. “აიამ” მატჩის მიწურულს მოინდომა და სინაურიძემ ჯარიმით ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, თუმცა, დარჩენილ ორ წუთში ქუთაისელებმა ვეღარ იხეირეს და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ, “არმიამ” კი, “ბზის თასი” პირველად შემართა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
5 ნოემბერი. “ბზის თასის” ფინალი
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 22:29 (16:9)
აია: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. გიორგი აბრამიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ბაჩუკი გოშაძე, 10. გაგა სინაურიძე, 9. ლევან გოგია; 1. თორნიკე ლომიძე, 2. გაგა გურეშიძე, 3. ტარიელ ჩხიკვაძე, 4. ერეკლე მეტრეველი, 5. თორნიკე ძაგნიძე, 6. ირაკლი რევიშვილი, 7. გელა შალამბერიძე, 8. ირაკლი დგებუაძე.
სათადარიგოები: 16. მერაბ მატკავა, 17. ზურაბ ჟვანია, 18. გიორგი ჩიტეიშვილი, 19. გიორგი ცირეკიძე, 20. ლევან შარვაშიძე, 21. ზურაბ ზვიადაძე, 22. ლევან თხელიძე, 23. გიგა კუხიანიძე.
არმია: 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. ვანო გაბროშვილი, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. გიორგი კაკოვინი, 2. ბექა მეკოკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 5. მამუკა ცხადაძე, 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ირაკლი ქორიძე, 18. ლევან დარასელია, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. ალექსანდრე ზაბახიძე, 21. გიორგი გაგოშვილი, 22. მამუკა ნინიძე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია