საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. ქუთაისის “აიამ” და თბილისის “არმიამ” კარგი რაგბი ითამაშეს და “ავჭალის” სტადიონზე შეკრებილი 2000 მაყურებელი ასიამოვნეს, თუმცა, საბოლოოდ ნასიამოვნები არმიელთა გულშემატკივრები დარჩნენ. მათმა საყვარელმა გუნდმა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიქმნა, მეორე ნახევარში მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა მოახერხა და 29:22 იმარჯვა, თუმცა, ნამატჩევს ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი აღნიშნავდა, ჩემპიონობას მეტოქეც იმსახურებდაო.
მაგრამ ფინალი იმის ფინალია, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი რჩება და ისტორიაშიც მისი სახელი ეწერება. ზემოთაც ვთქვით, “არმია” ერთი წლის წინ შეიქმნა და მან გამარჯვება პირველივე მცდელობიდან მოიპოვა, მაგრამ შემადგენლობას თუ გადავხედავთ ცხადი გახდება, რომ ეს მოულოდნელობა სულაც არაა. გუნდი განსაკუთრებით სეზონთაშორის შესვენებისას მოძლავრდა, როდესაც უცხოური კლუბებიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები ჩამოიყვანა და ადგილობრივი კლუბებიდანაც მნიშვნელოვანი შევსება მიიღო. “აია” ტრადიციული გუნდია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ბოლოჯერ 1995 წელს გახდა, წლევანდლამდე კი, ფინალში 1997 წელს ითამაშა. ამის შემდეგ ქუთაისურ კლუბს დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ერთი ხანობა პირველ ლიგაშიც დაქვეითდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში ბესიკ ხამაშურიძის დაბრუნების შემდეგ, გუნდში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა.
გასული წლის წარუმატებლობის შემდეგ (ქუთაისელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს), “აიამ” 2011 წელი საუცხოოდ დაიწყო და რეგულარულ პირველობაში ზედიზედ 11 თამაში მოიგო, მაგრამ ბოლოსკენ ძალები არ ეყო და ჯერ “ლელოსთან”, მერე კი, “არმიასთან” სამჯერ დამარცხდა. თუ რეგულარ პირველობაში მარცხი ბევრს არაფერს ნიშნავდა, ფლეი ოფში წაგებამ ამ გუნდს მცირე ფინალში “ლოკომოტივთან” დიდი ძალები დაახარჯინა და ფინალში დენთი აღარ ეყო. პირველმა ნახევარმა საათმა “აიას” სრული უპირატესობით ჩაიარა და გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, არადა, საკუთარი შანსები ბოლომდე რომ გამოეყენებინა, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. ამ ნახევარი საათის განმავლობაში, ქუთაისელები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, შერკინებაში მეტოქეს ჯაბნიდნენ და “არმიაც” უამრავ შეცდომას უშვებდა. განსაკუთრებით სცოდავდნენ გიორგი ელიზბარაშვილი და ბახვა კობახიძე, რომელიც ფეხით არცთუ კარგად თამაშობდნენ და გადაწყვეტილებების მიღებისასაც სცოდავდნენ, მაგრამ მერე ძალთა მობილიზება მოახერხეს, თბილისელებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ჯერ კიდევ თამაშის დაწყებიდან ორი დღით ადრე, ფინალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო. საქართველოს რაგბის კავშირმა იზრუნა და “აიას” და “არმიას” გულშემატკივრები ცალ-ცალკე დასვა. მათაც ძალები არ დაიშურეს და მთელი მატჩის განმავლობაში საყვარელ გუნდს მხურვალედ უქომაგეს. სავსე ტრიბუნებმა შეხვედრას თავისებური ლაზათი შემათა და საფინალო სასტვენის შემდეგ, ორივე გუნდის მორაგბეებმა, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის გულშემატკივრებს, მხურვალე ქომაგობისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს. მორაგბეების ეს ჟესტი და ურთიერთპატივისცემა, არის სწორედ ის, რისთვისაც რაგბი სპორტის სხვა სახეობებისგან გამოირჩევა და მატჩისშემდგომი დერეფანი სულაც არაა უბრალო ტრადიცია - ეს რაგბის სიყვარულია.
სანამ ფრანგი მსაჯი თამაშის დაწყებას ბრძანებდა, ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივრებს და ფინალის მონაწილე გუნდებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მიმართა: “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. მიხარია, რომ “აიამ” ძველი დიდება დაიბრუნა და ამ გუნდს ფინალში დამსახურებულად ვხედავთ, “არმიას” სახით კი, ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი ძლიერი წევრი შეემატა. კარგია, რომ გულშემატკივრებმა ტრიბუნა შევსეთ, მსურს ვნახო მაგარი გულშემატკივრობა, ქართული რაგბის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა”. აქვე გაირკვა ერთი სიახლეც - საქართველოს ჩემპიონატში და საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ სარაგბო მატჩში, პირველად გამოჩნდა ვიდეორეფერი, რომელსაც მოგვიანებით საქმეში ჩართვაც მოუხდა.
“არმია” ფინალურ მატჩში ახალი ფორმებით გავიდა. კარგი იყო ის, რომ მორაგბეები მოედანზე იმ ნომრიანი მაისურებით თამაშობდნენ, რომლითაც ოქმში იყვნენ შეყვანილი - ასეთი რამ ქართული რაგბისთვის იშვიათობაა. “აიამ” პირველივე წუთებიდან შეუტია, მეტოქე ყელში ბოჭვისთვის დაჯარიმდა და კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 32 მეტრიდან, გაგა სინაურიძემ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა. ქუთაისელები შეტევებს განაგრძობდნენ, მაგრამ მე-7 წუთზე “არმიამ” პირველად მოახერხა მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ბახვა კობახიძემ 38 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. მალე პირველი შერკინება დაინიშნა და ცხადი გახდა, რომ ამ კომპონენტში “აია” მეტოქეს ჯობდა, ოღონდ, მეორე ნახევარში თბილისელებმა შერკინებაში თამაში გამოასწორედ და გარკვეულ ეპიზოდებში უპირატესობაც მოიპოვეს.
სინაურიძეს ჯარიმით საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი მე-10 წუთზე მიეცა, მაგრამ 30 მეტრიდან ძალიან ცუდად დაარტყა. სამაგიეროდ, მე-14 წუთზე ბესიკ ხამაშურიძემ ლამაზი ლელო გაიტანა. ქუთაისელებმა მეტოქის 22-მეტრა ხაზთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი კარგად გაიტანეს, ლევან გოგიამ ბესიკ ხამაშურიძე მოძებნა, რომელმაც დიდი სისწრაფე აკრიფა, ოთხ მცველს შორის გაძვრა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, სინაურიძემ კი, ზედ რეალიზაცია მიაყოლა. “არმია” გამოცოცხლდა და საპასუხოდ კარგი იერიში განახორციელა. ქუთაისელთა ხაზი ჯერ გიორგფი კალმახელიძემ გაჭრა და ცენტრთან შეაჩერეს, მერე ელიზბარაშვილმა იყოჩაღა, 20 მეტრით წინ წაიწია, მაგრამ გიორგი შკინინის მისამართით წინ პასი გამოუვიდა. ტაიმის შუაწელს მან ცენტრიდან სცადა არეკნის გატანა, მაგრამ ბურთმა ქვედა ძელს ქვევით გაიარა.
მალე ბახვა კობახიძემ დაუშვა შეცდომა, ბურთის ფეხით მოგერიების ნაცვლად, ხაზის გაჭრა სცადა და ბოჭვისას ის დაკარგა, ქუთაისელებმა სწრაფად ჩაათამაშეს მარცხენა ფლანგზე, სადაც ერთი მცველის წინაშე სამი შემტევი იყო, მაგრამ ერეკლე მეტრეველს ჯერ ბურთის მიღება გაუჭირდა, მერე გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და სალელოვე შეტევა ქარს გაატანა, არადა, ამ ლელოს შეეძლო “აიასთვის” გადამწყვეტი უპირატესობა მოეტანა. ზემოთნახსენები იერიში მაინც გაგრძელდა და მართალია ლელო არ გავიდა, მაგრამ “არმია” დაჯარიმდა და სინაურიძემ ზუსტად დაარტყა - 13:3. სამიოდე წუთში ხამაშურიძის გადაკიდებულს კობახიძე დახვდა, მას არავინ უშლიდა ხელს, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა, მერე “არმია” შერკინებაში დაჯარიმდა და სინაურიძემ კარის გასწვრივ 26 მეტრიდან 27-ე წუთზე ანგარიში 16:3 გახადა.
ნახევარი საათის შემდეგ “აიას” დაღლა დაეტყო. შესაძლოა, მათ ერთი კვირის წინ “ლოკომოტივთან” გადატინლმა მძიმე ჯახმა დაასვა დაღი, “არმიას” კი, ფინალამდე ორკვირიანი დასვენება და მეტი ენერგია ჰქონდა. კობახიძეს ჯარიმით ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ 30-ე წუთზე შორიდან არაზუსტად დაარტყა. შემდეგ ჯერზე მან 40 მეტრიდან კარში დარტყმა აღარ გარისკა და ბურთი აუტში გაიტანა, საიდანაც “არმიამ” მოლით შეტევა სცადა, მაგრამ “აია” დაჯარიმდა და ამჯერად კობახიძემ ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლოსკენ ქუთაისელებმა დაჯარიმებებს უხშირეს და რეფერისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, თუმცა, 36-ე წუთზე კობახიძემ თითქმის ცენტრიდან არაზუსტად დაარტყა. “არმიამ” ბურთზე კონტროლი მაინც არ დაკარგა და როდესაც ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, მეტოქემ კი, ათი მეტრით უკან დახევა ვერ მოასწრო და ირაკლი რევიშვილმა მეტოქე ისე შებოჭა, რეფერიმ მას ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ათი წუთით დაატოვებინა. კაცნაკლულმა “აიამ” გაძლო, ლევან გოგიამ ფეხით შეგორებულ ბურთზე მეტოქეს თამაში მოასწრო, მერე კი, ბურთი მეტოქის ნახევარზეც გადაიტანა, მაგრამ იქ საკუთარი დერეფანი წააგო, “არმიამ” შეტევის საშუალება მიიღო, 22-ის ხაზიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, კობახიძემ ის სამ ქულად აქცია და ტაიმი ქუთაისელებმა მხოლოდ შვიდი ქულის სხვაობით მოიგეს - 16:9.
მეორე ტაიმში “არმიამ” აქცენტი სისწრაფეზე და თამაშის გაშლაზე გააკეთა. გიორგი შკინინი თავის ფლანგზე მცველებს აშკარად სჯობდა და მან დებიუტშივე ლელო გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მანამდე დააფიქსირა, რომ თამაზ მჭედლიძემ ბოჭვისას გადაცემა ოდნავ წინ გააკეთა. ცოტა ხანში შკინინმა ერთი გარღვევაც განახორციელა და მეტოქემ ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. “არმიამ” ბურთი აუტში გაიტანა და მოლი დააყენა, მაგრამ მოწინააღმდეგე ვერ დაძრა და ბურთის ხაზზე გათამაშება სცადა. აქ თბილისელებმა შეცდომა დაუშვეს, ბურთი დაკარგეს, მაგრამ ხამაშურიძემ მისი აღება და კონტრშეტევის წამოწყება ვერ მოახერხა, არეულ თამაშში კი, რეფერიმ ქუთაისელების მხრიდან წესების დარღვევა დაინახა და 46-ე წუთზე კობახიძემ ჯარიმიდან იხეირა.
ორიოდე წუთში უკვე არმიელები დაჯარიმდნენ კარის გასწვრივ 30 მეტრში და სინაურიძემ უპირატესობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა - 19:12. ამის შემდეგ თბილისელები სრულ უპირატესობას დაუფლნენ და ჯარიმნის შესრულების უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ კარში არ დაარტყეს, ბურთი აუტში გაიტანეს და ლელოზე ითამაშეს. როგორც რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: “არმიამ” დერეფანში კარგად მოიგო ბურთი, მოლი დააყენა, ხუთი მეტრი გაიარა და შეცვლაზე შესულმა ირაკლი ქორიძემ 56-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, კობახიძემ კი, რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. 63-ე წუთზე “არმია” პირველად დაწინაურდა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. “აია” კარის გასწვრივ 23 მეტრში დაჯარიმდა, კობახიძემ უშეცდომოდ დაარტყა და ანგარიში 22:19 გახადა.
ამასობაში “არმიამ” უპირატესობა შერკინებაშიც მოიპოვა და ცენტრალურ ხაზზე ბურთი ქუთაისელთა შეგდებისას მოიგო. იერიში მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, იქ კვლავ შკინინი გაექცა მცველებს, ხამაშურიძესთან კონტაქტში შეცვლას ბურთის მეტოქის ნახევარში ფეხით შეცურება ამჯობინა, ქუთაისელთა მოთამაშეთა მწვრთნელი არ დაჯარიმდა და შკინინი და ბაჩუკი გოშაძე ბურთს თითქმის ერთდროულად მიწვდნენ. აქ პირველად ჩაერთო საქმეში ქართველი ვიდეორეფერი, რომელმაც დაადგინა, რომ ლელო არ გასულა. მერე ქუთაისელებმა განახორციელეს სწრაფი შეტევა, ხამაშურიძემ ორჯერ გაჭრა ხაზი, შუალედში კარგად ითამაშა ირაკლი გიორგაძემ, მაგრამ ამით “აიამ” ვერც ქულის აღება მოახერხა და გიორგაძეც დაკარგა, რომელიც ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქმნა.
ამასობაში მოედანზე გიორგი გაგოშვილი გამოჩნდა და მისმა ბურთთან პირველმა შეხებამ, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან ცენტრის სიახლოვეს მიიღო გადაცემა, დიდი სიჩქარე აკრიფა, მცველებს დაუსხლტა და “აიას” ჩათვლის მოედნამდე 50 მეტრი ირბინა. “არმიამ” ლელო ძელებსშუა გაიტანა და კობახიძეს რეალიზაციის გატანა არ გაჭირვებია, რის შემდეგაც მისი გუნდი 72-ე წუთზე ათი ქულით დაწინაურდა. ქუთაისელებმა სწრაფად სცადეს პასუხის გაცემა და კარგი იერიში წამოიწყეს, მაგრამ არმიელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში დაჯარიმდნენ. “აია” არ დანებდა და შეხვედრის დასრულებამდე ორი-სამი წუთით ადრე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო. სინაურიძემ დაახლოებით 33 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა. “აიამ” ძალები მოიკრიბა და შეუტია, მაგრამ მიზნამდე 7-8 მეტრი რომ რჩებოდა ბურთი წინ დაუვარდა და “არმიამ” 29:22 იმარჯვა.
არმიელებმა გაიხარეს, ქუთაისელებმა მოიწყინეს, მაგრამ ერთმაც და მეორემაც, ემოციები იმისათვის მოთოკა, რომ ერთმანეთისთვის და გულშემატკივრისთვის პატივი მიეგოთ. მერე გიორგი ნიჟარაძემ “არმიას” კაპიტან ბესიკ უდესიან “ბზის თასი” ერთი წლით ჩააბარა და არმიელებიც სიხარულს მიეცნენ, თუმცა, სულ მალე გულშემატკივრებს ამ გუნდების ორრაუნდიანი ჯახი კიდევ ელის. ქუთაისის “აია” და თბილისის “არმია”, საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან შეწყვილებული და შინ და გარეთ მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ თასის მეორე ნახევარფინალურ წყვილში, თბილისის “ყოჩები” თანაქალაქელ “ლელოს” ეთამაშება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბესიკ ხამაშურიძე (“აიას” მოთამაშე მწვრთნელი): “სამი წელია რაც გუნდი ჩავიბარე და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. შარშან ოთხეულში გავედით, მაგრამ საფლეიოფო შეხვედრების გამოცდილება არ გვქონდა. წელს ეს კარგად გავიაზრეთ და ფინალში გავედით, მაგრამ ახლა ფინალში თამაშის გამოცდილება დაგვაკლდა. მთლიანობაში, წელს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შარშან. მოხარული ვარ, რომ ახლა “აიას” ყველა აფასებს და მას როგორც ღირსეულ მეტოქეს ისე უყურებს. ამასთან, ჩვენმა გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნა და ნებისმიერი ახლგაზრდა მორაგბისთვის საამაყოა “აიას” მაისურის მორგება. მინდა განვაცხადო, რომ არავისთან პრეტენზია არა გვაქვს და დღეს უძლიერესმა გაიმარჯვა. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს და მაქსიმუმი გაიღეს ამ შეხვედრის მოსაგებად. ფინალში ორივე გუნდმა კარგი, ღია თამაში აჩვენა. ცხადია, რომ ქართული რაგბი წინ მიიწევს. მომავალი წლისთვის ყველა გუნდს ვუსურვებ, რომ უკეთ მოემზადოს და ნებისმიერი შეხვედრა ისეთი იყოს, როგორიც დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, ფინალი მართლაც, მართლაც გამორჩეული გამოდგეს.
როდესაც თანაბარი დონის გუნდები თამაშობენ, რაგბიში ის იმარჯვებს, ვინც ბოლო 20 წუთს უკეთ ჩაატარებს. როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ პროფესიონალურ დონეზე. ყველა კომპონენტს საკუთარი მწვრთნელი ჭირდება, ჩვენ კი, სულ ორნი ვიყავით გუნდში და ეტყობა მომზადების პროცესში რაღაცას ყურადღება ვერ მივაქციეთ. ფიზიკური მომზადება აშკარად უკეთესი უნდა გვქონოდა. საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ძალიან ძნელია მოძებნო მაღალი დონის ფიზმომზადების მწვრთნელი”.
ბესიკ უდესიანი (“არმიას” კაპიტანი): “თავიდან თამაშში ვერ შევედით, ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბიჭებს მობილიზება გაუჭირდათ. “აიას” ვერაფერს ვუხერხებდით, თუმცა, მერე უკეთ ავთამაშდით და მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ. ვულოცავ “აიას” კარგ თამაშს, ისინი თავიანთი გარჯით დღეს ჩემპიონობას იმსახურებდნენ”.
ნიკოლოზ ჭავჭავაძე (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “აიამ” ძალიან კარგად ითამაშა და მადლობა მინდა გადავუხადო ლამაზი ფინალისთვის. პირველ ტაიმში მობილიზაცია ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მერე დავლაგდით და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით. ვიცოდით, რომ შერკინებაში გაგვიჭირდებოდა და ამიტომ, აქცენტი უფრო დერეფნებზე და თამაშის გაშლაზე გავაკეთეთ. “არმიას” ჩემპიონონა დიდი მუშაობის შედეგია. ყველას დავანახეთ, რომ თუ იქნება ერთსულოვნება, ერთი წლის შექმნილი გუნდითაც შეიძლება შედეგის მიღწევა. მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლოსთვის. უცხოური კლუბებიდან ქართველი მორაგბეების დაბრუნებას მომავალშიც ვაპირებთ, თუმცა, ჯერ კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ. მომავალ წელს “არმია” კიდევ უფრო გაძლიერებული შეხვდება”.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
5 ნოემბერი. “ბზის თასის” ფინალი
თბილისი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 22:29 (16:9)
აია: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. გიორგი აბრამიძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. ირაკლი გიორგაძე (20. ლევან შარვაშიძე 70), 11. ბაჩუკი გოშაძე, 10. გაგა სინაურიძე, 9. ლევან გოგია; 1. თორნიკე ლომიძე (17. ზურაბ ჟვანია 64), 2. გაგა გურეშიძე (16. მერაბ მატკავა 58), 3. ტარიელ ჩხიკვაძე, 4. ერეკლე მეტრეველი (23. გიგა კუხიანიძე 74), 5. თორნიკე ძაგნიძე (18. გიორგი ჩიტეიშვილი 41), 6. ირაკლი რევიშვილი, 7. გელა შალამბერიძე, 8. ირაკლი დგებუაძე.
სათადარიგოები: 19. გიორგი ცირეკიძე, 21. ზურაბ ზვიადაძე, 22. ლევან თხელიძე.
1 ლელო: ხამაშურიძე
1 რეალიზაცია: სინაურიძე
5 ჯარიმა: სინაურიძე
1 სინბინი: რევიშვილი
არმია: 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. ვანო გაბროშვილი (21. გიორგი გაგოშვილი, 71), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. გიორგი კაკოვინი (17. ირაკლი ქორიძე 27), 2. ბექა მეკოკიშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 66), 3. ტარიელ დონაძე, 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 5. მამუკა ცხადაძე (19. გიორგი თხილაიშვილი 56), 6. გიორგი კალმახელიძე, 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 18. ლევან დარასელია, 20. ალექსანდრე ზაბახიძე, 22. მამუკა ნინიძე.
2 ლელო: ქორიძე, გაგოშვილი
2 რეალიზაცია: კობახიძე
5 ჯარიმა: კობახიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია