ამბები

13:42 | 6.11.2011 | ნანახია 5586 - ჯერ

ლამაზ სტილში მოგებული ევროპა

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მათზე ორი წლით უმცროსებისა არ იყოს, მთელ ევროპას დაანახეს, რომ ხელდახელ გაშლილი ბურთაობა ქართველებსაც შეუძლიათ. ამასთან, პატარა “ბორჯღალოსნებმა” ორივე მნიშვნელოვან ჯახში - ნახევარფინალში რუმინეთთან და ფინალში რუსეთთან - შეხვედრის დასაწყისში მეტოქეს დაწინაურების შანსი მისცეს (რუმინეთთან 0:8, რუსეთთან 0:6), პირველი ნახევარი დათმეს, მაგრამ მე-2 ტაიმში წინააღმდეგობა გატეხეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
მთელი ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ისე დაასრულა, რომ მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა, თავად კი, ლამაზ სტილში, 13 ლელო მიითვალა. ქართველებმა სულ 14 ქულა მიიღეს, თავად კი, 94 ქულა მოაგროვეს, რომელთა უმრავლესობა ლელოებზე მოდის. შვეიცარია რა ჩვენი სადარი გუნდია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანეს და 50:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო გადამწყვეტი თამაში მასპინძელ რუმინეთთან, რომელსაც მსაჯის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, 8:0 დაწინაურდა და ტაიმი 8:3 მოიგო, მაგრამ აქ გამოჩნდა ახალი შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის, იან სმიტის განსწავლულობა. მან ტაქტიკა შეცვალა, ბიჭებს გაშლილი, ხელდახელ თამაში დაავალა, ამით მსაჯს ქართველთა დაჯარიმების შანსი მინიმუმამდე შეუმცირდა და საქართველოს ნაკრებმაც ტაიმი 21:0 მოიგო (სამ-სამი ლელო და გარდასახვა).
ნახევარფინალი გადამწყვეტი იმიტომ იყო, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურიც თამაშდებოდა, რომელსაც ფინალში გასული 2 გუნდი იღებდა და საქართველოს ნაკრებმაც ეს საგზური მასპინძელთან უთანასწორო ბრძოლაში მოიპოვა. მაგრამ წინ იყო ფინალი იმ რუსეთის ნაკრებთან, რომელსაც შარშან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველებმა 38:7 გადაურბინეს. თუმცა, ახლა სიტუაცია სხვაგვარი იყო. რუსებს ნახევარფინალში შედარებით იოლი მატჩი ჰქონდათ ჰოლანდიასთან, რომელიც 45:8 მოიგეს, ქართველებმა რუმინელთა ძლევას დიდი ენერგია შეალიეს და შესაძლოა, ეს სამდღიანი ინტერვალის პირობებში გადამწყვეტი ყოფილიყო.
და მაინც, საქართველოს ნებისმიერი ასაკობრივი მორაგბეთა ნაკრები რისი საქართველოს ნაკრებია, მეტოქეს რომ იოლად დანებებოდა. დანებებოდა ისე, თორემ დანებებას არც არავინ აპირებდა და “ბორჯღალოსნებმა” ფინალში საუცხოო თამაში აჩვენეს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ საგრძნობ ინიციატივას და მრავალფეროვნად, გაშლილად უტევდნენ. ამასთან, დაცვა ისე საიმედოდ იდგა, რომ “დათუნიებს” ლელოს გატანის შანსი ერთხელაც არ მისცემიათ და პრინციპში, ამაზე ფიქრს მალე თავადვე შეეშვნენ. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაში აჩვენა, მაშინ, როდესაც მათ ადგილას სხვა ნებისმიერი გუნდი მასირებული იერიშების პირობებში კაპიტულაციას გამოაცხადებდა, ისინი კლდესავით დადგნენ და ქართველებს დიდი პრობლემები შეუქმნეს. აშკარად ჩანდა, რომ რუსები კარგად იყვნენ ფიზიკურად მომზადებული და ამასთან, საქართველოს ნებისმიერ ფასად დამარცხება ჰქონდათ განზრახული.
ამ ყველაფერმა ის განაპირობა, რომ მაყურებელმა სწრაფი, ლაღი, გაშლილი რაგბი იხილა, სადაც ორივე გუნდი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა და გვარიანადაც ისიამოვნა. საწყისი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მეტოქე საკუთარ 22-ში გამოკეტა და მრავალფეროვნად, მთელს პერიმეტრზე შეუტია. რამდენიმეფაზიანი იერიშების მიუხედავად, რუსები დაცვაში საიმედოდ იდგნენ და იმ ბოლო სანტიმეტრებს აღარ თმობდნენ, რომელსაც ლელო უნდა მოჰყოლოდა. საქართველოს ნაკრებს ჯარიმის კარში დარტყმაზე არც უფიქრია და აქცენტი მეტოქის ამტანობის გატეხაზე გააკეთა, მაგრამ 20-წუთიან შტურმს შედეგი რომ არ მოჰყვა, მერე მეტოქემაც წამოიწყო იერიში და ქულების აღება არეკნით სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
მეტოქემ ამოისუნთქა, თამაშის მოედნის ცენტრისკენ გადაიტანა და 26-ე წუთზე, კარიდან ოდნავ მარცხნივ, 45 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და თამაშის მსვლელობის საწინააღმდეგოდ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა, რომელმაც ოთხიოდე წუთში, ისევ მარცხნიდან, ამჯერად დაახლოებით 33 მეტრიდან, ისევ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება და უკეთესი პოზიციიდან უპირატესობა გაზარდა.
თამაში კვლავ ჩვეულ სცენარს დაუბრუნდა, საქართველოს ნაკრებმა ბურთი და ინიციატივა დაიბრუნა და 33-ე წუთზე, მეტოქეს რომ თავი მშვიდად არ ეგრძნო, საბა ნიკოლავამ 37 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა შეამცირა. შემდეგ “ბორჯღალოსნებმა” ისევ სალელოვედ შეუტიეს, რუსების 22-ს დაუბრუნდნენ და მრავალფაზიანი შტურმით მეტოქის ჩათვლის მოედანს სანტიმეტრებში მიუახლოვდნენ, მაგრამ “დათუნიებმა” ტაიმის ბოლომდე გაძლეს და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 3:6.
მე-2 ნახევარი ისევ საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. საკუთარი 22-დან მეტოქის 22-ში ნიკოლავას მიერ ფეხით გადაკიდებულ ბურთს, ერთბაშად 3 ქართველი აჰყვა, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია და მას დაჯარიმება აიძულა, მაგრამ ქართველებს ჯარიმის კარში დარტყმა არ უფიქრიათ. ბურთი აუტში გაიტანეს და მორიგი მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს. იერიში ხან ერთი ფლანგიდან ვითარდებოდა, ხან მეორე, თუმცა, რუსებმა ეს შტურმიც წარმატებით მოიგერიეს, მაგრამ მომდევნო მრავალფაზიან შეტევას უკვე ვეღარ გაუძლეს. მე-2 ტაიმი 14 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ხანგრძლივი შეტევით და მიმართულებების ხშირი ცვლით, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის დაცვა გაწელეს და მარცხენა ფლანგზე ლელო ვალერი რაფავამ გაიტანა, ხოლო ნიკოლავამ რეალიზაცია გამოიყენა.
განახლდა თუ არა შეხვედრა, საქართველოს ნაკრები კარის გასწვრივ 35 მეტრში ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და რუსეთმა ორ წუთში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სიფრთხილე გამოიჩინა და ფეხით გადაკიდებულ ბურთს, მეტოქეს თავადაც ფეხით უბრუნებდა. “პიმ-პოკში” საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელიც მეტოქის ნახევარზე გადავიდა და ორჯერ კარგად გაჭრა ხაზი, მაგრამ “დათუნიებმა” ქართველების შეჩერება ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე სანტიმეტრში შეაჩერეს. ინიციატივა საკუთარ თავზე ვაჟა ხუციშვილმა აიღო, ბურთი რაქიდან გამოიტანა, ჩათვლის მოედნისკენ გაიწია და მცველების მცდელობის მიუხედავად, მე-2 ნახევრის 22-ე წუთზე ქართველთა მე-2 ლელო მიითვალა, ნიკოლავამ კი, რეალიზაცია ამჯერადაც გამოიყენა - 17:9.
შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, რუსეთის ნაკრებმა ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანა და ანგარიში სახიფათო გახდა. “ბორჯღალოსნებმა” აღარ გარისკეს, სამ წუთში 35 მეტრიდან ჯარიმა თავადაც სამ ქულად აქციეს და ანგარიში 20:12 გახდა. რუსები მიხვდნენ, თამაშს ვეღარ მოიგებდნენ და პრესტიჟის ლელოს გასატანად გაიწიეს. მათ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს და ლელოს გატანა სცადეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს, ფეხით გადაკიდებულს ლევან გოგოლაშვილი აჰყვა, მეტოქეს ბურთი წაართვა და რუსები რომ არ დაჯარიმებულიყვნენ, ლელო გარდაუვალი იქნებოდა. ჯარიმა კარის გასწვრივ 15 მეტრში იყო დანიშნული და 3 ქულის აღება თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” ბურთი აუტში გაგზავნეს, მსაჯმა საფინალო ჩასტვინა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით გაიხარა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2011 წლის ევროპის ჩემპიონები გახდნენ: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია

2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
5 ნოემბერი
VII ადგილისთვის

ბელგია - შვეიცარია 40:6
V ადგილისთვის
პორტუგალია - ესპანეთი 15:26
III ადგილისთვის
რუმინეთი - ჰოლანდია 59:18
ფინალი
საქართველო - რუსეთი 20:12 (3:6)
საქართველო:
15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (გიორგი ზიბზიბაძე 33-38), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. თორნიკე ჯიბლაძე (გიორგი თეთრაშვილი 36, არჩილ ბეჟანიშვილი 70), 2. გიორგი ლომთაძე (დავით ხიდეშელი 36), 3. ზაზა ნავროზაშვილი (ვახტანგ ახობაძე 36), 4. გურამ შენგელია, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე (მინდია ელგუჯაური 63), 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ვალერი რაფავა.
2 ლელო: რაფავა, ხუციშვილი
2 რეალიზაცია: ნიკოლავა
2 ჯარიმა: ნიკოლავა
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103124