ამბები

18:30 | 6.11.2011 | ნანახია 1918 - ჯერ

ნაკლულ ტურში ყველა ქართული კლუბი დამარცხდა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის X ტურში, შვიდის ნაცვლად მხოლოდ 4 შეხვედრა გაიმართა, 3 კი - გადაიდო. გამართული 4 მატჩიდან, სამში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს და სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.
დავით ხინჩაგიშვილის, იური ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი” “რასინგ მეტროს” დაუხვდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ სტუმრებმა შესვენებამდე წონასწორობა ჯარიმითვე აღადგინეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში, “რასინგ მეტრომ” ჯარიმა და არეკნი გაიტანა, “ბრივმა” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, სტუმართა ორ ჯარიმას მასპინძლებმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, შეხვედრის მიწურულს კი, გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს და მატჩი 12:18 დასრულდა.
ქართველი ლეგიონერებიდან ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნატრიაშვილი და კაკოვინი, პირველმა სრულად ითამაშა, კაკოვინი კი, 55-ე წუთზე, ხინჩაგიშვილმა შეცვალა. “ბრივს” 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის შუაში, მე-8 ადგილზე იმყოფება.
“სტად ფრანსესთან” პარიზში 16:37 დამარცხდა ლიდერთა შორის მყოფი დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”. სტუმრები 25-ე წუთამდე იგებდნენ, ამ პერიოდში 3 ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ შესვენებამდე 3 ლელო და ერთი გარდასახვა მიიღეს და ტაიმი 9:17 დათმეს. 50-ე წუთისთვის, “სტად ფრანსე” უკვე 30:9-ს იგებდა, მერე “კლერმონმა” ერთი საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა შეძლო, მაგრამ ბოლოსკენ 7 ქულა თავადაც მიიღო.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი დაჰყო, მისი გუნდი კი, 35 ქულით, მე-2 ადგილზეა.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” “ბორდოს” სტუმრობდა და 9:24 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაიმი 11:3 მოიგეს, მერე კიდევ უფრო დაწინაურდნენ და მიუხედავად სტუმართა მცდელობისა, მეტოქეს მიახლოვების საშუალება აღარ მისცეს. ფეიქრიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. “კასტრს” 31 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
ტურის კიდევ ერთ ჩატარებულ შეხვედრაში, “ტულუზამ” “პერპინიანი” 21:17 დასცა და ამ მოგებით პირველ ადგილზე აღზევდა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონს” უნდა შეხვედროდა, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, ბექა შეყლაშვილის “აჟენს” უნდა დახვედროდა, ხოლო “ბიარიცს” “ბაიონის” წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ეს მატჩები გადაიდო.
ახლა Top 14-ში სამი კვირით შესვენება გამოცხადდა. ფრანგულ კლუბებს ევროტურნირები - “ჰეინეკენის” და “ჩელენჯ ქაფი” - ელით, შიდა გათამაშებას კი, გუნდები 26 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 36 (10 თამაში), 2. კლერმონი - 35 (10 თ.), 3. კასტრი - 31 (10 თ.), 4. ტულონი - 28 (9 თ.), 5. რასინგ მეტრო - 25 (10 თ.), 6. აჟენი - 24 (9 თ.), 7. სტად ფრანსე - 21 (10 თ.), 8. პერპინიანი - 19 (10 თ.), 9. ბრივი - 19 (10 თ.), 10. ბორდო - 17 (9 თ.), 11. ბაიონი - 15 (9 თ.), 12. მონპელიე - 14 (9 თ.), 13. ლიონი - 12 (8 თ.), 14. ბიარიცი - 10 (9 თ.).

მომდევნო ტური
26 ნოემბერი:
აჟენი - ბორდო, ბაიონი - ლიონი, ბრივი - ტულუზა, კასტრი - ტულონი, მონპელიე - კლერმონი, პერპინიანი - სტად ფრანსე, რასინგ მეტრო - ბიარიცი.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072246