ამბები

16:21 | 7.11.2011 | ნანახია 1489 - ჯერ

Pro D2-ის ქართული დერბები მასპინძლების სასარგებლოდ

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის IX ტურში, ქართველი ლეგიონერების გუნდების ორი დერბი გაიმართა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს ერთნაირი ანგარიშით 15:9.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა” თედო ზიბზიბაძისა და ალექსანდრე მარგველაშვილის “პერიგოს” უმასპინძლა. ზიბზიბაძე ტრავმირებულია და თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, დანარჩენი ქართველები კი, განაცხადში იყვნენ. მასპინძელთა რიგებში სამივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი შესვენებისას, ხოლო ასეიშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს. პირველხაზელმა მარგველაშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-16 წუთზე შეცვალა და 27-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. შესვენებამდე “ორიაკმა” 3 ჯარიმა გაიტანა, რაზეც სტუმრებმა არეკნით უპასუხეს და ტაიმი 9:3 მორჩა. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, რაზეც “პერიგომ” ორი ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, “ორიაკმა” კი, ჯარიმითვე საბოლოო შედეგი 74-ე წუთზე დააფიქსირა. “ორიაკს” 16 ქულით მე-13 ადგილი უკავია, “პერიგო” კი, 9 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
ასეთი ანგარიშით იმარჯვა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლთან”. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მაგრაქველიძე იყო, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. გუნდებმა ქულები ძირითადად საწყის 25 წუთში აგროვეს. ამ პერიოდში მასპინძლებმა 4, ხოლო სტუმრებმა 2 ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 12:6 დასრულდა. “ტარბიმ” მორიგი ჯარიმა 52-ე წუთზე გაიტანა, ხოლო “გრენობლმა” თავისი მესამე ჯარიმა შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გამოიყენა და 9:15 მარცხისთვის ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მიუხედავად მარცხისა, “გრენობლი” 28 ქულით ლიდერთა შორის რჩება, მე-3 ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტარბს” 21 ქულა დაუგროვდა და მე-10 პოზიციაზეა.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ”, საკუთარ მოედანზე “მონ დე მარსანი” 24:15 დაამარცხა, ოღონდ ქართველ ლეგიონერებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათი გუნდი კი, 22 ქულით მე-8 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო, X ტური 12-13 ნოემბერს გაიმართება და “ორიაკი” სტუმრად “მონ-დე-მარსანს” ეთამაშება, “პერიგო” ასევე სტუმრად სატურნირო ცხრილის მეზობლის, მასზე ერთი ქულით მეტის მქონე “ბეზიეს” დამარცხებას შეეცდება, “ტარბი” გასვლაზე” “ბურგუენს” დაუპირისპირდება, “გრენობლის” მასპინძელი “ნარბონი” იქნება, ხოლო “პო” საკუთარ მოედანზე “კარკასონს” დაუხვდება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080469