საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “არმიამ” კი გამოთქვა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - “ჩელენჯ ქაფზე” თამაშის სურვილი, მაგრამ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს წელს ვერ მოხდებოდა. როგორც წესი, ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა, ან განაცხადის შეტანა გაზაფხულზე, ან ზაფხულის ბოლოს ხდება, მანამდე კი, ქართული რაგბის გულშემატკივრებს საქომაგოდ ამ ტურნირის მონაწილე ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბები ეყოლებათ.
“ჩელენჯ ქაფზე” წელს არ ითამაშებენ ირლანდიური და შოტლანდიური კლუბები, მხოლოდ ერთი გუნდით იქნება წარმოდგენილი უელსი, სამაგიეროდ, მრავლად არიან ფრანგული, ინგლისური და იტალიური გუნდები. ტრადიციულად, თითო გუნდს წარადგენენ ესპანეთი და რუმინეთი, რომლებიც ამ გათამაშებაში კლუბების ნაკრებებით რეგულარულად მონაწილეობენ და კარგი იქნება, თუ “არმია” თავის გეგმას საბოლოოდ განახორციელებს და მომავალ წელს მარაქაში ქართული კლუბების ნაკრებიც გაერევა.
მანამდე კი, ტურნირის მონაწილე 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული და ისინი ჯგუფურ ეტაპზე მიმოსვლით, ექვს ტურად ითამაშებენ. ჯგუფის ხუთ გამარჯვებულს “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის მესამე-მეხუთე მეორეადგილოსნები დაემატებიან და მეოთხედფინალი ერთმატჩიანი დუელით გაგრძელდება. ერთმატჩიანია ნახევარფინალური ეტაპიც, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე გუნდი მოგებისთვის ოთხ ქულას იღებს, ფრისთვის – 2-ს, 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის - ერთ პრემიალურ ქულას.
გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” მეორე ჯგუფში ითამაშებს და პირველ მატჩს ინგლისში, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კლუბის ქართველი ლეგიონერები Top 14-ში განაცხადშიც კი იშვიათად ხვდებიან და ფრანგული და ინგლისური კლუბები “ჩელენჯ ქაფზე” უმეტესად მეორე შემადგენლობებით თამაშობენ, ქართველებს ძირითადში მოხვედრის შანსი ნამდვილად ექნებათ. ამავე ჯგუფში ითამაშებს დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, რომელიც პირველ ტურში იტალიურ “პეტრარკას” მასპინძლობს. ამ შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარადაა, ქუბრიაშვილი გუნდის, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ხაზის ერთ-ერთი ლიდერია და შესაძლოა, მწვრთნელმა ევროთასების შუალედში დასვენების საშუალება მისცეს.
V ჯგუფშიც ორი ისეთი გუნდია, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები იცავენ. დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და იური ნატრიაშვილის “ბრივი” პირველ მატჩს 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე გამართავს და ინგლისის “სეილ შარქსს” უმასპინძლებს. იმავე დღეს, ბექა შეყლაშვილის “აჟენი” ესპანეთში “ლა ვილას” წინააღმდეგ ითამაშებს.
I ჯგუფი
კროჩიატი პარმა (იტალია)
ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი)
სტად ფრანსე (საფრანგეთი)
უორსტერ უორიორზი (ინგლისი)
10 ნოემბერი
უორსტერი - სტად ფრანსე
13 ნოემბერი
ბუქარესტი - პარმა
18 ნოემბერი
სტად ფრანსე - ბუქარესტი
19 ნოემბერი
პარმა - უორსტერი
II ჯგუფი
ლიონი (საფრანგეთი)
ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი)
პეტრარკა პადოვა (იტალია)
ტულონი (საფრანგეთი)
10 ნოემბერი
ტულონი - პეტრარკა
12 ნოემბერი
ნიუკასლი - ლიონი
19 ნოემბერი
პეტრარკა - ნიუკასლი
ლიონი - ტულონი
III ჯგუფი
ბაიონი (საფრანგეთი)
ბორდო (საფრანგეთი)
როვიგო (იტალია)
ლონდონ უოსპსი (ინგლისი)
12 ნოემბერი
როვიგო - ბაიონი
ბორდო - უოსპსი
17 ნოემბერი
ბაიონი - ბორდო
20 ნოემბერი
უოსპსი - როვიგო
IV ჯგუფი
ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი)
კავალიერი პრატო (იტალია)
ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი)
პერპინიანი (საფრანგეთი)
11 ნოემბერი
პერპინიანი - ექსეტერი
12 ნოემბერი
კავალიერი - დრაგონსი
17 ნოემბერი
დრაგონსი - პერპინიანი
19 ნოემბერი
ექსეტერი - კავალიერი
V ჯგუფი
აჟენი (საფრანგეთი)
ბრივი (საფრანგეთი)
ლა ვილა (ესპანეთი)
სეილ შარქსი (ინგლისი)
12 ნოემბერი
ლა ვილა - აჟენი
ბრივი - სეილი
18 ნოემბერი
სეილი - ლა ვილა
20 ნოემბერი
აჟენი - ბრივი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია