ამბები

13:23 | 10.11.2011 | ნანახია 4007 - ჯერ

ჩემპიონი გორგოძეს უფრთხის

ჰაინეკენის თასის” მოქმედი მფლობელი, ირლანდიური “ლენსტერი” 2011-2012 წლის გათამაშების პირველ შეხვედრას ფრანგული “მონპელიეს” წინააღმდეგ გამართავს და უმთავრეს ამოცანად საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის, მამუკა გორგოძის შეჩერება აქვს დასახული. ირლანდიელები ფიქრობენ, რომ თუ ამას მოახერხებენ, მაშინ გამარჯვებასაც შეძლებენ, თუ ვერა და...
ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ გორგოძეს ფრანგული გუნდის ლიდერად და ზოგადად, წლევანდელი “ჰაინეკენის თასის” ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბედ, მთელი სარაგბო სამყარო ასახელებს. მომავალი შეხვედრა 12 ნოემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და რადგან მატჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია, შეხვედრა “ლა მოსონის” საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, რომელიც 33 ათას მაყურებელს იტევს (“მონპელიეს” სარაგბო სტადიონი 14 ათას მაყურებელს იტევს) და სადაც 1998 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი თამაში გაიმართა.
საფრანგეთის ჩემპიონატის შარშანდელმა ფინალისტმა “მონპელიემ”, თოპ 14-ის წლევანდელი გათამაშება არადამაჯერებლად დაიწყო, ცხრიდან ექვსი შეხვედრა დათმო და ჯერ მხოლოდ მე-12 ადგილზეა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩემპიონატის სტარტზე გუნდს ლიდერები აკლდნენ, რადგან ისინი ეროვნულ გუნდებთან ერთად ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასისთვის იბრძოდნენ. მათ შორის იყო გორგოძეც. ახლა გუნდს ყველა უძლიერესი მოთამაშე დაუბრუნდა და “ჰაინეკენის თასზე” წარმატებული დებიუტისთვის ემზადება. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ამ გუნდმა მეორე რანგის “ჩელენჯ ქაფზე” მეორე შემადგენლობა ათამაშა და ამის გამო ტურნირის ორგანიზატორებისგან ფულადი ჯარიმაც მიიღო, ახლა განაცხადში მხოლოდ უძლიერესი მორაგბეები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ გორგოძის გარდა “მონპელიეს” რიგებში გიორგი ჟღენტი, გოდერძი შველიძე და მიხეილ ნარიაშვილი თამაშობენ.
მომავალი ჯახის წინ, ამ დაპირისპირებას და უფრო გორგოძეს, ინდეპენდენტ-მა სპეციალური სტატია მიუძღვნა:
“2007 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსთან გამართული შეხვედრის მეორე დილას, როდესაც ირლანდიელმა მორაგბეებმა გაიღვიძეს, მათ მამუკა გორგოძე ელანდებოდათ - “მონპელიეს” ქართველი გიგანტი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მორაგბეა ევროპულ რაგბიში და ის ბევრს კოშმარად ექცა. როდესაც თითქმის ორი მეტრი სიმაღლის, 120 კილოგრამის დაკუნთული მთაკაცი მთელი სიჩქარით თქვენსკენ მოქრის, მისი სახე მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაგრჩებათ და სულ მალე, გორგოძის ძალას საკუთარ თავზე “ლენსტერის” უკანახაზელებიც გამოცდლიან.
ვინც მსოფლიო თასს თვალი მიადევნა, კარგად ემახსოვრება როგორ გარღვევებს აკეთებდა ის შოტლანდიასთან, როგორ შეაშინა ინგლისი, გაიტანა ლელო რუმინეთთან და მამაცურად იბრძოდა არგენტინასთან. ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ვინც მათ წინააღმდეგ თამაშობდა, ყველამ იცოდა, რომ ენერგიის სრულად დახარჯვა სჭირდებოდა გამარჯვების მოსაპოვებლად და ეს დიდწილად სწორედ გორგოძის დამსახურება იყო, რომელიც ეროვნული გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. საქართველოს ნაკრებს რომ უკეთესი უკანა ხაზი ყავდეს, ის მსოფლიო თასზე ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდა და გორგოძის ხილვაც უფრო ხშირად მოგვიწევდა. ახლა კი, როცა “მონპელიემ” “ჰაინეკენის თასზე” თამაშის უფლება მოიპოვა, გორგოძეს უფრო დიდი აუდიტორია გაიცნობს და აღიარებს.
“ლენსტერის” გულშემატკივრები ქართველს ძალიან მალე გაიცნობენ, მისი მორაგბეები კი, უკვე ემზადებიან გორგოძის შესაჩერებლად. ირლანდიის ნაკრებისა და “ლენსტერის” მესამეხაზელის, კევინ მაკლოულინის თქმით, გუნდი ამ მთაკაცის შესაჩერებლად სპეციალურად ემზადება:
“საშინაო დავალება უმატესწილად სწორედ მის შეჩერებაზე იყო აგებული. ის ძალიან დიდია. გორგოძე ჩემზე ოდნავ მაღალია, მაგრამ ბევრად მეტს, 120 კილოგრამს იწონის და ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვისთან გვექნება საქმე. ამას დაუმატეთ, რომ “მონპელიეს” ხაზის თამაში დიდწილად სწორედ ამ კაცზეა აგებული, თითქმის ყველა შეტევას ის იწყებს, შეუპოვარი და ძალიან სწრაფია. თუ მან სიჩქარის აკრეფა მოასწრო, მაშინ გზად ყველას და ყველაფერს ანგრევს და მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია მას სივრცე შევუზღუდოთ და ადრეულ სტადიაშივე წავაქციოთ. ეს ერთადერთი გზაა მის შესაჩერებლად - უნდა ვაიძულოთ უმეტესად მიწაზე ითამაშოს. თუ გორგოძეს მიწაზე გავაკრავთ და ბურთის აღება სხვა მოწინააღმდეგეს მოუწევს, ეს უკვა პრობლემა აღარ იქნება. აი, ამიტომ, უმეტესწილად, ჩვენი ყურადღება სწორედ გორგოძისკენ იქნება მიმართული”.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078064