საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა, რვა ნომერმა დიმიტრი ბასილაიამ, საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიონალურ ფედერალ 1-ის V ტურის შეხვედრაში იდაყვი ამოიგდო.
6 ნოემბერს მისი “ვალანს დაჟენი” სტუმრად “რიბერაკს” ეთამაშებოდა და 22:11 იმარჯვა. ამ გუნდმა წელს ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა, ერთი ფრედ დაასრულა და D ჯგუფს 18 ქულით “ლურდისთან” ერთად ლიდერობს. 25 წლის ბასილაია, განვილი შეხვედრის პირველსავე წუთებზე დაშავდა და დებიუტშივე შეცვალეს. ახლა ქართველ ლეგიონერს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, დადგინდება ტრავმის სიმძიმე და გაირკვევა ის ვადები, როდესაც მას მოედანზე დაბრუნება შეეძლება.
ტრავმირებულია “ვალანს დაჟენის” მეორე ქართველი ლეგიონერიც, მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე და მას ბოლო მატჩში მონაწილეობა არც მიუღია. კლუბის ექიმები ვარაუდობენ, რომ ის დაზიანებას მალე მოიშუშებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, თამაში უახლოეს უქმეებზე შეეძლება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია