საქართველოს 2011 წლის შიდა პირველობა 15-კაცა რაგბიში (მანამდე 7-კაცა რაგბის პირველი ეტაპი გაიმართა და შიდა პირველობა 7-კაცა რაგბის დასკვნითი ეტაპით დასრულდება), აპრილის დასაწყისში საქართველოს თასის გათამაშებით დაიწყო და XXIII ეროვნული პირველობის დასრულების შემდეგ, კვლავ თასის გათამაშებით გრძელდება.
საწყისი გათვლით, თასის გათამაშება სეზონის შუაში, ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ის ჩემპიონატის დასრულების შემდეგი პერიოდისთვის გადაიდო და ნახევარფინალური ეტაპით ახლაღა განახლდება. რადგან საქართველოს თასი არც ისე დაფასებულია, ფულადი ჯილდო ახლაღა, “ლიბერთი ბანკმა” დაარსა და საპრიზო ფონდი სულ რაღაც 10 ათას ლარს შეადგენს, მისდამი ინტერესი ქართულ კლუბებს არც ისე დიდი აქვთ და მასში მონაწილეობა მხოლოდ უმაღლესი ლიგის შვიდმა გუნდმა მიიღო.
ახლა ჯილდოსათვის რვა გუნდი იბრძვის და ისინი ფინალისტის გამოსავლენად 2-რაუნდიან ნახევარფინალებს გამართავენ, მეოთხედფინალური ეტაპი კი, ერთმატჩიანი იყო. რაღა თქმა უნდა, რაგბის გულშემატკივრებში უდიდეს ინტერესს საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ორი საუკეთესო გუნდის, ფინალისტების - თბილისის “არმიისა” და ქუთაისის “აიას” დაპირისპირება იწვევს, მაგრამ რადგან ამ წყვილის პირველი შეხვედრა ორშაბათისთვის, 14 ნოემბრისთვის გადაიდო, დღეს თქვენს ყურადღებას მხოლოდ უახლოეს ჯახზე შევაჩერებთ.
მეორე წყვილში ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი ეთამაშება, რომელთაც ჩემპიონატში კრახი განიცადეს და ახლა ერთგვარი რეაბილიტაციის შანსი ეძლევათ. თბილისის “ყოჩებმა”, რომელიც წელს სპონსორის გარეშე დარჩა და წამყვანი მორაგბეების უდიდესი ნაწილი დაკარგა, რეგულარულ პირველობაში ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა, 14-დან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა, ეს კი, საკმარისი არ აღმოჩნდა და უმაღლეს ლიგის ბოლო ადგილით რეგულარული გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაემშვიდობა.
“ლელო” ბოლო დროს ქართული რაგბის ფლაგმანად იქცა და ბუნებრივია, ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილი მას ვერ დააკმაყოფილებდა. გუნდმა დიდი გაჭირვებით, რეგულარული პირველობის ბოლო ტურში მოიპოვა პლეი ოფში თამაშის უფლება, მაგრამ იქ პირველსავე შეხვედრაში “ლოკომოტივთან” დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
აპრილში გამართულ მეოთხედფინალში, “ყოჩებმა” თბილისის “აკადემიის” დამარცხება ვერ მოახერხა, მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა. დებულების თანახმად, რადგან შეხვედრაში ლელო არ გასულა, მსაჯს წითელი თუ ყვითელი ბარათით არავინ გაუძევებია, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭა, ვინც გასული წლის შედეგების მიხედვით ჩემპიონატში უკეთესი ადგილი დაიკავა, ასეთი კი, “ყოჩები” იყო, ვინაც გასული წელი მესამე ადგილზე დაასრულა. “ლელო” ნახევარფინალში უბრძოლველად მოხვდა - “არმაზმა” თასის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მომავალი შეხვედრა 12 ნოემბერს, 15:00 საათზე “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი, ერთი კვირის თავზე შედგება. წელს “ლელომ” “ყოჩები” ორჯერ დაამარცხა - პირველ წრეში 36:20, მეორეში 28:19. ეს მეორე მატჩი დამსწრე საზოგადოებას უფრო გრანდიოზული ჩხუბით დაამახსოვრდა და იმედია, მსგავსი რამ ამ ჯერზე აღარ მოხდება. “ყოჩებმა” ბოლო მატჩი თითქმის ერთი თვის წინ, 15 ოქტომბერს გამართა და “ხარებთან” 3:23 დამარცხდა, “ლელომ” კი, ბოლოჯერ 22 ოქტომბერს ითამაშა და “ლოკომოტივთან” პლეი ოფში 13:22 დაეცა.
“ლიბერთის თასის” 2011 წლის გათამაშება
12 ნოემბერი. შაბათი. პირველი მატჩები
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი)
14 ნოემბერი. ორშაბათი
ქუთაისი. “დინამო” 14:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია