პირველ ლიგაში აწ უკვე გავარდნილმა თბილისის “ყოჩებმა”, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი პერიოდი ძალიან ცუდად ჩაატარა და თითქმის ყველა მატჩი უბრძოლველად დათმო, “ლიბერთის თასის” პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელ “ლელოს” დიდი ბრძოლა გაუმართა, 26:21 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ 5-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა.
თამაში ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და ამან მატჩის მსვლელობასა და მის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. პირველ ტაიმში ზურგქარი “ლელოს” სასარგებლოდ უბერავდა და ისინი შესვენებაზე 6-ქულიანი უპორატესობით გავიდნენ (14:8), აი, მეორე ნახევარში კი, ქარის თანადგომა უკვე “ყოჩებმა” გამოიყენა და მეორე მატჩისთვის მცირედი ფორა შეიქმნა. ფორა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ქარის, თუ სხვა ფაქტორის გამოისობით, ნომინალურ მასპინძლებს რამდენიმე დარტყმა გაუცუდდათ და მხოლოდ 5-ქულიან უპირატესობას დასჯერდნენ, რაც რაგბისთვის დიდი არაფერია და გულშემატკივარს საინტერესო საპასუხო მატჩს პირდება.
შეხვედრის დებიუტი “ყოჩებისა” იყო, ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და შავლეგ მახარაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. “ლელოს” ჯარიმითვე წონასწორობის აღდგენის შანსი მალევე მიეცა, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილს დარტყმა გაუცუდდა. ამას კვლავ “ყოჩების” შეტევა მოყვა და ახლა მახარაშვილს მიეცა საკუთარი გუნდის კიდევ უფრო წინ გაყვანის შანსი, მაგრამ ქარმა მის შესრულებულ ჯარიმაზეც იმოქმედა. “ლელო” ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლა, ქარის წყალობით მეტოქის ნახევარზე შორს გადაჰქონდა ბურთი, იქიდან კი, მეტოქეს ფეხით თამაში უჭირდა.
ტაიმის შუაწელს “ლელომ” სალელოვედ შეუტია, ჯერ მოლით მიაწვა, მერე რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელა და ჩათვლის ხაზიც გადაიკვეთა, თუმცა, ბურთის დამიწება ვერ მოხერხდა. 30-ე წუთზე მათ მაინც იხეირეს. მართალია, შერკინებაში უპირატესობა “ყოჩებისა” იყო, მაგრამ “ლელომ” ბურთის გამოტანა მოახერხა, გიორგი კაჭარავამ ხაზი გაჭრა და მნიშვნელოვანი მანძილით წაიწია წინ. “ყოჩები” დაჯარიმდა, კაჭარავამ სწრაფად გაათამაშა ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი სანდრო თოდუას შეაყოლა, ხოლო ყიასაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა.
ამაზე “ყოჩებმა” მალევე ლამაზი ლელოთი უპასუხა. მახარაშვილმა საკუთარ ნახევარზე მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, ფინტებით მცველებს თავგზა აუბნია, მარცხნივ ირაკლი გეგენავას დროული გადაცემა გაუკეთა, ლექსო გუგავამ ფლანგის დახურვა ვეღარ მოახერხა და “ყოჩები” ერთი ქულით დაწინაურდა - 8:7. ტაიმის ბოლოს “ლელომ” მოლით შეუტია, რეფერიმ გიგი გაბუნია განზრახ ჯარიმისთვის სინბინით დასაჯა, “ლელომ” ბურთი აუტში გაიტანა და კვლავ მოლით ირჩია ფონს გასვლა. ამჯერად ლელოელთა გათვლამ გაამართლა, ბოლო მომენტში მოლს მორაგბე მოწყდა და მეტოქის ჩათვლის მოედანში გაწვა, ყიასაშვილმა კი, რეალიზაციით თანაგუნდელებს ტაიმი 14:8 მოაგებინა.
მეორე ნახევრის დასაწყისში, კაცნაკლულ “ყოჩებს” ორჯერ მიეცა ჩამორჩენის შემცირების შანსი, მაგრამ მახარაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ორი ჯარიმა გაუცუდდა. შედეგად, 49-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო კონტრიერიში, მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელს გადაცემა არ დაუგვიანა, მანაც დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ბურთი “ყოჩების” ჩათვლის მოედანზე ძელებსუკან დაამიწა, ყიასაშვილმა კი, რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 21:8.
მიუხედავად ასეთი შედეგისა, “ყოჩებმა” ყურები არ ჩამოყარეს, ქარით ისარგებლეს, დარჩენილი ნახევარი საათის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარეს და თავგამოდებისთვის დაჯილდოვდნენ კიდეც. პირველ ჯერზე მახარაშვილს ჯარიმა ისევ გაუცუდდა, მაგრამ მერე კაჭარავა შეცდა, ქარის გათვალისწინებით, ბურთის ფეხით მოგერიებას საკუთარი ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7-8 მეტრში, ხელდახელ სცადა იერიშის დაწყება, ბურთი დაკარგა, მახარაშვილმა მარცხენა გრძელ ფრთაზე გრძელი გადაცემა გააკეთა და ლელო დაუბრკოლებლივ გავიდა. რეალიზაცია ამჯერად გეგენავამ შეასრულა არაზუსტად და ჩამორჩენა მხოლოდ 5 ქულით შემცირდა (13:21).
შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, რეფერიმ უკვე “ლელოს” მორაგბე, კაჭარავა გაასინბინა და მეტობით მეტოქემ კარგად ისარგებლა. გიორგი ბეგაძემ ბურთი მეტოქის შერკინების შემდეგ მოიხელთა, ხმალაძეს გაექცა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა, გეგენავას რეალიზაცია კი, ამჯერად ზუსტი იყო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა. ორიოდე წუთში გეგენავამ უკვე ჯარიმა გაიტანა 46 მეტრიდან, მას ქარიც დაეხმარა და მისი გუნდი 23:21 დაწინაურდა. მალე “ლელოს” შემადგენლობა შეივსო და სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გეგენავას ერთი, ახლოდან დარტყმული ჯარიმა კი გაუცუდდა, მაგრამ მატჩის მიწურულს, როდესაც “ლელო” შეტევაში დაჯარიმდა, დაახლოებით 38 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და “ყოჩებმა” 26:21 იმარჯვა.
საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 19 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, თასის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველი რაუნდის შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონატის ფინალისტები - ქუთაისის “აია” და თბილისის “არმია” ერთმანეთს 14 ნოემბერს, ქუთაისში შეერკინებიან.
“ლიბერთის თასის” 2011 წლის გათამაშება
12 ნოემბერი. შაბათი. პირველი მატჩები
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 26:21 (8:14)
14 ნოემბერი. ორშაბათი
ქუთაისი. “დინამო” 14 საათი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია