ამბები

17:26 | 13.11.2011 | ნანახია 4596 - ჯერ

გორგოძე ჩემპიონთანაც საუკეთესოა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰეინეკენის თასის” სადებიუტო შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს მატჩი ფრანგულმა კლუბმა თასის მფლობელ ირლანდიურ “ლენსტერთან” გამართა და ოდნავ მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, პირველ გამარჯვებასაც ჩაიწერდა. 

“მონპელიე” პირველად მოხვდა სარაგბო ჩემპიონთა ლიგაზე და მიუხედავად ამისა, რაგბის სპეციალისტები მას ტურნირის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტადაც კი მიიჩნევენ, რაც გუნდის შემადგენლობითაა განპირობებული. “მონპელიეს” შემადგენლობაში საფრანგეთისა თუ სხვა ქვეყნის ნაკრებთა არაერთი გამორჩეული მორაგბე თამაშობს, მაგრამ უმთავრესი, რისი გულისთვისაც რაგბის გულშემატკივრებს ამ გუნდის თამაშის ყურებას ურჩევდნენ, მამუკა გორგოძის ფაქტორია. ეგ კი არა და, ქართველი “გულივერა” იმ ხუთ მორაგბეთა შორის მოხვდა, “რომელთა გამოც “ჰეინეკენის თასის” ყურება ღირს” და “გორგოძილამაც” გულშემატკივარსა და სპეციალისტებს იმედები არ გაუცრუა.

“სტად დე ლა მოსონზე” მასპინძელთა საგულშემატკივროდ 20 ათასზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა და მათ საინტერესო ბრძოლა იხილეს. მთელი საათის განმავლობაში, “მონპელიე” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ტაიმი 13:6 მოიგო და მერე 10 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში გამოცდილებამ დააღალატა. როგორც ჩანს, საკუთარი ძალების და ჩემპიონის დამარცხებისა ვერ ირწმუნა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაშვებული ჯარიმით, მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
ზემოთ გორგოძე ვახსენეთ, რომელიც მართლაც რომ გამორჩეული იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს, “ჰეინეკენის თასზე” ჩემპიონთან, კიდევ ორი ქართველის - გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის დებიუტი შედგა!
გორგოძე რომ გუნდის ლიდერი და გულშემატკივართა საყვარელი მორაგბეა, ეს ყველაფრიდან ჩანდა. როცა ის ბურთს იღებდა, ტრიბუნებიდან უდიდესი ოვაცია მოდიოდა. მეტოქე გორგოძის შეჩერებას მაქსიმალურად სწრაფად, მის მხრიდან სიჩქარის აკრეფამდე ცდილობდა, მაგრამ “გორგოძილამ” რამდენჯერმე მაინც მოახერხა ირლანდიელთა დაცვის გაჭრა და  ტრინ-დუკის მიერ 56-ე წუთზე გატანილი ჯარიმა დიდწილად სწორედ ქართველის დამსახურებაა. მან ერთ შეტევაში სამჯერ მიიღო მონაწილეობა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მთლიანობაში კი, დაახლოებით 20-25 მეტრით წაიწია წინ და თანაგუნდელებისათვის სივრცეები გამოათავისუფლა: მამუკამ თავის ნახევარზე მიიღო ბურთი, მეორეხაზელი ბრაუნი ადვილად ჩამოიშორა და სამ მეტოქესთან ჭიდილში ცენტრის ხაზი გადაკვეთა, ის იერიშს არ გამოეთიშა და მეორე დარტყმით კიდევ რამდენიმე მეტრი მოიგო, ხოლო მესამედ, უკვე “ლენსტერის” ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში იყოჩაღა და ლელომდე სულ ცოტა რჩებოდა, როდესაც ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. ამ იერიშის შემდეგ, “მონპელიე” 16:6 დაწინაურდა...

“მთაკაცი” დიდებული იყო დაცვაში თამაშისას, ბოჭვების დროს. ყველა ირლანდიელი, რომელიც მის მახლობლად ბურთით გაჭაჭანდა, გორგოძის მძლავრი მკლავების მსხვერპლი გახდა და ადგილზე გაქვავდა. მხოლოდ ერთხელ, 65-ე წუთზე მოახერხა მამუკას ბოჭვის შემდეგ ფეხზე წამოდგომა კრონინმა და რადგან დაზღვევაზე წინ აღარავინ დაუხვდა, მან საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ ეს ქართველის ბრალი არაა - მან სიჩქარეაკრეფილი პირველხაზელი ურთულეს სიტუაციაში შეაჩერა და მიწას დაანარცხა, მაგრამ დაზღვევამ დააგვიანა.
ცალკე თემაა გორგოძის დისციპლინა და ლიდერის თვისებები. ერთ ეპიზოდში, მას ირლანდიელი მეორეხაზელი გაეჭიმა და თუნდაც ერთი წლის წინათ, მას ქართული მუშტის გემო სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა, მაგრამ ამჯერად, გორგოძემ ნერვები მოთოკა, მეტოქეს საფრთხე აგრძნობინა და მერე ორი “მთაკაცი” ერთმანეთს სიცილით გადაეხვია. თამაშის მიწურულს კი, როცა “მონპელიეს” “ლენსტერის” იერიშების მოგერიება ძალიან უჭირდა, ის თანაგუნდელებს ამხნევებდა, მითითებებს აძლევდა, თავგანწირვის მაგალითს უჩვენებდა, მაგრამ მაშინ, როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო, სექსტონზე არც ქართველის “შელოცვამ” იმოქმედა, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და გორგოძე ცუდ ხასიათზე დადგა...
“მადლობა” - მოკლედ უპასუხა ფრით განაწყენებულმა, მოწყენილმა და გაბრაზებულმა გორგოძემ მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელების მილოცვას - “შედეგით უკმაყოფილო ვარ, მოგება შეგვეძლო და ამას ვიმსახურებდით კიდეც”.
ანგარიში ჯარიმით მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე გახსნეს, მაგრამ მერე სექსტონმა 2 ზუსტი დარტყმა განახორციელა და “ლენსტერი” 6:3 დაწინაურდა. ტაიმის შუაწელს “მონპელიემ” ჩემპიონის დაცვა გაჭრა და ოედრაოგომ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია, ხოლო ოთხ წუთში ზუსტი ჯარიმა მოჰყვა და ტაიმი 13:6 დასრულდა.
მე-2 ტაიმის საწყის წუთებში უპირატესობა კვლავ ფრანგებისა იყო და ანგარიში 16:6 გახდა, რის შემდეგაც “ლენსტერი” მეტოქის ნახევარზე დასახლდა და მე-60 წუთზე, სექსტონმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა კარს ააცილა. მაგრამ სტუმართა თავგამოდებამ შედეგი გამოიღო და 66-ე წუთზე, მათ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანეს. ირლანდიელებმა უპირატესობა იგრძნეს და ლელოზე ითამაშეს, მაგრამ “მონპელიეს” მორაგბეთა თავდადებამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, ფრანგებმა შეცდომა დაუშვეს. შეტევისას, მეტოქეს ბურთი წინ დააგდებინეს და შერკინების უპირატესობა მიიღეს. თავისუფლად შეიძლებოდა, ფრანგებს ამ უპირატესობით ესარგებლათ, გაჩერებულიყვნენ, მერე დარჩენილი დრო ჯაჯგურში გაეყვანათ და ბურთი აუტში მშვიდად გაეტანათ, მაგრამ მათ სწრაფადვე დაჰკრეს ბურთს ფეხი და აუტში 22-ის ხაზთან გაიტანეს. რეფერიმ უპირატესობა გამოყენებულად ჩათვალა (რისი უფლებაც ჰქონდა), “ლენსტერმა” საკუთარი დერეფანი მოიგო, მერე მსაჯმა მცველთა მხრიდან წესების დარღვევა შენიშნა, სექსტონმა რთული პოზიციიდან ამჯერად ზუსტად დაჰკრა და შეხვედრა ფრედ, 16:16 დასრულდა.

დებიუტანტი გუნდისთვის, ჩემპიონთან შეხვედრის ფრედ დასრულება ცუდ შედეგად არ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ გორგოძე და კომპანია მაინც იმედგაცრუებული დარჩა, “ლენსტერელებმა” კი, მაგრად გაიხარეს.
სხვა ქართველ ლეგიონერთაგან ჟღენტი შეხვედრაში 61-ე წუთიდან ჩაერთო და ძირითადად მეტოქის იერიშების ჩაშლით იყო დაკავებული, ნარიაშვილმა კი, მოედანზე ბოლო 2 წუთი გაატარა და “ჰეინეკენის თასზე” მონაწილეობა დააფიქსირა.
III ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა დღეს, გლაზგოში თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყებოდა და “გლაზგოელი მეომრები” ინგლისურ “ბათს” დაუხვდებიან. “მონპელიე” მე-2 ტურში, ინგლისში, “ბათის” წინააღმდეგ 20 ნოემბერს ითამაშებს.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” 10 ათასი ადგილობრივი გულშემატკივრის თვალწინ, ირლანდიაში “ოლსტერს” ეთამაშა და მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, მხოლოდ ერთ პრემიალური ქულას დასჯერდა. ფრანგები თავდაჯერებული ჩანდნენ და მათ მარცხს არაფერი უქადდა, მაგრამ მასპინძელთა მებრძოლმა ხასიათმა გამარჯვება “ოლსტერს” მოუტანა.

“კლერმონი” ლელოთი მალევე დაწინაურდა, მერე ჯარიმა გაუშვა, მაგრამ თავად ორით უპასუხა და 11:3 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს, ირლანდიელებმა ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი, სხვაობა ჯარიმითვე ორ ქულამდე დაიყვანეს. დასკვნით მეოთხედში, “კლერმონს” შეტევებში აღარაფერი გამოსდიოდა, ბევრ შეცდომას უშვებდა, 69-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო-გარდასახვა გაუშვა, თავად ხიფათის შექმნა კვლავ ვერ მოახერხა და 11:16 დამარცხდა.
ზირაქაშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 50-ე წუთზე შეცვალა.
II ტურში, “კლერმონი” იტალიურ “აირონს” უმასპინძლებს, რომელიც პირველ ტურში ინგლისის “ლესტერთან” 12:28 დამარცხდა და მეტოქეს პრემიალური ქულა არ გაატანა.
უელსში, “სკარლეტსთან”, 8 ათასი მაყურებლის წინაშე, 8 ქულით დამარცხდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. პირველ ტაიმში გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს და მასპინძლები 9:6 დაწინაურდნენ.
მე-2 ნახევრის დასაწყისშივე, “სკარლეტსმა” ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ 50-ე წუთზე, ლელო-გარდასახვა კიდევ მიიღეს. “კასტრმა” ლელო-რეალიზაციით ჩამორჩენა მე-60 წუთზე შვიდ ქულამდე დაიყვანა, 73-ეზე უელსელებმა მე-3 ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო, ფრანგებმა 78-ე წუთზე, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს (23:28) და პრემიალური ქულაც თითქოს გარანტირებული ჰქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მასპინძლებმა ჯარიმა სამ ქულად აქციეს, 31:23 იმარჯვეს და ფრანგები ხახამშრალი დატოვეს.
ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, მისი “კასტრი” კი, 19 ნოემბერს ირლანდიურ “მანსტერს” მასპინძლობს.  
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, “მანსტერი” საკუთარ მოედანზე ინგლისის “ნორთჰემპტონთან” 20:21 მარცხდებოდა და დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც რონან ოგარამ დაახლოებით 40 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და მასპინძლებს 23:21 მოაგებინა.
II ჯგუფში, ორივე მატჩი სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. “კარდიფმა” “რასინგ მეტროს” საფრანგეთში 26:20 აჯობა, ხოლო ინგლისში, “ლონდონ აირიშს” შოტლანდიურმა “ედინბურგმა” 20:19 სძლია. მასპინძლები 45-ე წუთისთვის 19:10-ს იგებდნენ, მაგრამ საათის თავზე ლელო-გარდასახვა, 68-ე წუთზე კი, ჯარიმა გაუშვეს და მერე სიტუაცია ვეღარ შეცვალეს.
V ჯგუფში, Top 14-ის აუტსაიდერმა “ბიარიცმა” უელსში “ოსპრეისთან” ბოლომდე კი იბრძოლა, მაგრამ მისი გარჯა მხოლოდ პრემიალური ქულისთვის აღმოჩნდა საკმარისი - “ოსპრეიმ” 28:21 იმარჯვა.  

“ჰეინეკენის თასი”. I ტური
I ჯგუფი
12 ნოემბერი

სკარლეტსი - კასტრი 31:23 (9:6)
მანსტერი - ნორთჰემპტონი 23:21 (17:13)
 

1 სკარლეტსი (უელსი) 1 1 0 0 31-23 4
2 მანსტერი (ირლანდია)  1 1 0 0 23-21 4
3 ნორთჰემპტონო (ინგლისი) 1 0 0 1 21-23 1
4 კასტრი (საფრანგეთი) 1 0 0 1 23-31 0


II ტური
18 ნოემბერი

ნორთჰემპტონი - სკარლეტსი
19 ნოემბერი
კასტრი - მანსტერი

II ჯგუფი
11 ნოემბერი

რასინგ მეტრო - კარდიფი 20:26 (14:17)
12 ნოემბერი
ლონდონ აირიში - ედინბურგი 19:20 (16:10)
 

1  კარდიფ ბლუზი (უელსი) 1 1 0 0 26-20 4
2 ედინბურგი (შოტლანდია) 1 1 0 0 20-19 4
3 ლონდონ აირიში (ინგლისი) 1 0 0 1 19-20 1
4 რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 1 0 0 1 20-26 1


II ტური
18 ნოემბერი

კარდიფი - ლონდონ აირიში
ედინბურგი - რასინგ მეტრო

III ჯგუფი
12 ნოემბერი

მონპელიე - ლენსტერი 16:16 (13:6)
13 ნოემბერი
გლაზგო - ბათი (16:45 თბ.დრ.)

 

1 ლენსტერი (ირლანდია) 1 0 1 0 16-16 2
2 მონპელიე (საფრანგეთი) 1 0 1 0 16-16 2
3 ბათი (ინგლისი) 0 0 0 0 0-0 0
4 გლაზგოელი მეომრები (შოტლანდია) 0 0 0 0 0-0 0


II ტური
20 ნოემბერი

ლენსტერი - გლაზგო
ბათი - მონპელიე

IV ჯგუფი
12 ნოემბერი

აირონი - ლესტერი 12:28 (6:20)
ოლსტერი - კლერმონი 16:11 (6:11)
 

1 ლესტერის ვეფხვები (ინგლისი) 1 1 0 0 28-12 4
2 ოლსტერი (ირლანდია) 1 1 0 0 16-11 4
3 კლერმონი (საფრანგეთი) 1 0 0 1 11-16 1
4 აირონი (იტალია) 1 0 0 1 12-28 0


II ტური
18 ნოემბერი

კლერმონი - აირონი
19 ნოემბერი
ლესტერი - ოლსტერი

V ჯგუფი
12 ნოემბერი

ოსპრეი - ბიარიცი 28:21 (6:3)
13 ნოემბერი
სარაცინი - ბენეტონი (18:00)
 

1 ოსპრეი (უელსი)   1 1 0 0 28-21 4
2 ბიარიცი (საფრანგეთი) 1 0 0 1 21-28 1
3 ბენეტონ ტრევიზო (იტალია)  0 0 0 0 0-0 0
4 სარაცინი (ინგლისი)  0 0 0 0 0-0 0

II ტური
19 ნოემბერი

ბენეტონი - ოსპრეი
ბიარიცი - სარაცინი

VI ჯგუფი
11 ნოემბერი

ჰარლექუინსი - კონაჩტი 25:17 (19:10)
13 ნოემბერი
ტულუზა - გლოსტერი (19:00)
 

1 ჰარლექუინსი (ინგლისი) 1 1 0 0 25-17 4
2 კონაჩტი (ირლანდია) 1 0 0 1 17-25 0
3 გლოსტერი (ინგლისი) 0 0 0 0 0-0  
4 ტულუზა (საფრანგეთი) 0 0 0 0 0-0 0


II ტური
19 ნოემბერი

გლოსტერი - ჰარლექუინსი
კონაჩტი - ტულუზა
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076069