საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ფინალისტების - თბილისის “არმიასა” და ქუთაისის “აიას” - დაპირისპირება საქართველოს “ლობერთის თასის” ნახევარფინალურ ეტაპზე გაგრძელდება და ქართული რაგბის გულშემატკივარი ამ საინტერესო ჯახით კიდევ 160 წუთი დატკბება.
ჩემპიონატის ფინალი მართლაც კარგი სანახავი გამოდგა. გუნდებმა შიდა რაგბისთვის უჩვეულოდ ლამაზი თამაში აჩვენეს და “ავჭალის” ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმაც გვარიანად ისიამოვნა. მართალია, მაშინ გამარჯვება “არმიას” დარჩა 29:22, მაგრამ ახლა ქუთათურებს რევანშის შანსი ეძლევათ, მით უმეტეს, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი ნაწილი მათ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში გაიმართება.
წლევანდელი სეზონი ორივე გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა და რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილიც სამართლიანად დაიკავეს, ხოლო შემდგომში ფინალშიც ითამაშეს. 14 ნოემბერს, 14:00 საათზე “დინამოზე” გასამართი მატჩები წელს ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა იქნება, ერთი კვირის თავზე კი, განმეორებითი მატჩი უკვე თბილისში გაიმართება და თასის ფინალისტიც მაშინ გაირკვევა. რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში, მაშინ, როდესაც “აია” ყველა მატჩს ერთმანეთის მიყოლებით იგებდა, მაგრამ საკუთარ ქალაქში სათამაშოდ მოედანი არ გააჩნდა, ამ გუნდების დაპირისპირება ფოთში შედგა და დაძაბული ბრძოლა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 17:15.
რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, როდესაც ორივე გუნდს პლეი ოფის საგზური და უფრო მეტიც, პირველ-მეორე ადგილის დაკავება უკვე გარანტირებული ჰქონდათ და ეს მატჩი მხოლოდ პრესტიჟულ და დაზვერვით ხასიათს ატარებდა, არმიელებმა რევანშის აღება მოახერხეს და 23:15 იმარჯვეს. ავსტრალიური პლეი ოფის პირველ ეტაპზე, “აიამ” “არმიას” ქუთაისში იმ “დინამოზე” უმასპინძლა, რომელზეც მომავალი ჯახი გაიმართება და გამარჯვება კვლავ თბილისელებს დარჩათ - 24:16. თვითმხილველების თქმით, მასპინძლები სტუმრებს თამაშით სჯობდნენ, მაგრამ ანგარიში სხვაგვარი აღმოჩნდა. მერე “აიამ” მცირე ფინალში “ლოკომოტივი” დასცა და “ბზის თასისთვის” გადამწყვეტ მატჩში “ავჭალაში” კვლავ “არმიას” წინაშე წარსდგა. საწყისმა ნახევარმა საათმა ქუთაისელთა უპირატესობით ჩაიარა და 27-ე წუთისთვის ისინი 16:3-ს იგებდნენ. რომ არა “აიას” მორაგბეების შეცდომა, მათ ამ პერიოდში მეორე ლელოს გატანა და უფრო დიდი სხვაობით დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ასე არ მოხდა, მერე “არმიამ” თამაში დაალაგა, “აიას” მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ და ტაიმი 16:9 დასრულდა, მეორე ნახევარში კი, არმიელებმა იმძლავრეს და 29:22 იმარჯვეს.
სანამ ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებოდნენ, თასის მეოთხედფინალები ჩაატარეს. “აიას” მეტოქე რუსთავის “ხარები” იყო და ვანში ქუთაისელებმა დიდი ანგირიშით, 50:0 იმარჯვეს. “არმია” მეოთხედფინალში ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და საკუთარი ამბიცია ახლადშექმნილმა გუნდმა პირვესავე შეხვედრაში გამოამზეურა. მათ დაძაბულ ბრძოლაში 11:9 იმარჯვეს და სენსაციის ავტორები გახდნენ. ზაფხულის შესვენებისას, არმიელთა შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და ახლა ისინი აუტსაიდერებად არცერთ მეტოქესთან აღარ ითვლებიან, მით უმეტეს, რომ უკვე ქვეყნის ჩემპიონის სახელიც მოიხვეჭეს.
“ლიბერთის თასის” 2011 წლის გათამაშება
14 ნოემბერი. ორშაბათი. პირველი მატჩი
ქუთაისი. “დინამო” 14:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია