ამბები

15:15 | 14.11.2011 | ნანახია 3092 - ჯერ

ზელანდიელები ქართველ მორაგბეებს ვერ ივიწყებენ

2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, ახალი ზელანდიის ქალაქებმა გულითადად უმასპინძლეს ჩვენს ნაკრებს. მათ შორის, განსაკუთრებუთ გამოირჩეოდა ვაირარაპას სამხარეო ცენტრი – მასტერტონი, სადაც “ბორჯღალოსნებმა” 10 დღე გაატარეს.
როგორც ცნობილია, ჩვენი ნაკრების პატივსაცემად ვაირარაპას მხარეში დიდი საზოგადოებრივი ღონისძიებები ჩატარდა - მერის წვეულებიდან დაწყებული, მასტერტონის აღლუმითა და ქომაგთა კლუბის ჩამოყალიბებით დამთავრებული.
თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ შესანიშნავად წარადგინა ქვეყანა და კულტურა: გლადსტონის ვენახში გამართული საპასუხო წვეულება, სადაც სუფრას რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის მომზადებული შესანიშნავი კერძები და ქართული ღვინო ამშვენებდა, ამის ნათელი მაგალითია. ისევე, როგორც ჩოხებში გამოწყობილი “ბორჯღალოსნების” მსვლელობა მასტერტონის აღლუმზე და ვიზიტები ოჯახებსა და სკოლებში.
მასტერტონის მერმა გერი დანიელმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გიორგი ნიჟარაძეს ძალზე თბილი წერილი მოსწერა, სადაც მეგობრობის გაგრძელებისა და ქართველი მორაგბეების ვაირარაპას მხარეში მიწვევის სურვილებია გამოთქმული. აი, წერილიც:

 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი ნიჟარაძეს
ბატონო გიორგი,

ვაირარაპას მრავალ სხვა მაცხოვრებელთან ერთად, 2 ოქტომბერს მეც ჩავედი პალმერსტონ ნორთში არგენტინასთან თქვენი თამაშის საყურებლად.
წინა უქმეებზე “ოლ ბლექსსაც“ გაუჭირდა არგენტინის გუნდის მოგერიება – ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კარგად ასპარეზობდა თვენი ნაკრები უმაღლეს დონეზე.
მასტერტონის და ვაირარაპას რეგიონის მოსახლეობის სახელით, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ სითბოსთვის, რომელიც გამოიჩინა საქართველოს ნაკრებმა ყოველი ჩვენგანის მიმართ.
ძალიან გაგვიხარდა, რომ დაესწარით ტე ორე ორე მარაეში ჩატარებულ პოფირის ცერემონიას და მერიაში გამართულ მიღებას.
ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა ეროვნულმა სამოსმა. ბედნიერი ვარ, რომ პირადად დავესწარი ქართულ წვეულებას, რომელიც გლადსტონის ვენახში მოაწყვეთ ჩვენთვის.
ბევრ ადამიანს შევხვდი, რომელმაც თქვენს მოთამაშეებს უმასპინძლა სახლებში, იმათაც, ვინც აღლუმზე ან თქვენს ღია ვარჯიშებზე იყო მოსული.
თქვენ და ქართველი მორაგბეები თქვენი ქვეყნის შესანიშნავი ელჩები იყავით.
ყველას ძალიან გვინდა, ქართველებთან ასე დაწყებული მეგობრობა გავაგრძელოთ.
კარგი იქნებოდა, თუ მოხერხდებოდა ქართველი მოთამაშის ჩამოყვანა აქ სათამაშოდ. კიდევ უფრო გაგვიხარდებოდა ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების მასპინძლობა სასკოლო არდადაგების დროს.
მადლობელი ვიქნები, თუ თქვენც გამიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს ურთიერთმომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
გერი დანიელი
მერი

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087696