ზე-18

22:11 | 3.03.2016 | ნანახია 952 - ჯერ

ხვალ ზე რაგბის ორი მატჩია

ხვალ, 4 მარტს, სუპერ რაგბის ორი შეხვედრა გაიმართება. ახალზელანდიური ჯახი შედგება ქრაისტჩერჩში - „კრუსეიდერსი“ „ბლუზს“ უმასპინძლებს, ხოლო კანბერაში ავსტრალიელები ითამაშებენ - „ბრამბისი“ „ვარატასის“ წინააღმდეგ.

ბოლო წლებში „კრუსეიდერსს“ ჩვევად ექცა, რომ ტურნირის საწყის ეტაპზე არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურება. პირველი ტური „ჯვაროსნებმა“ „ჩიფსთან“ 21:27 დათმეს. ამ შეხვედრაში წამყვანი მოთამაშეები - ქირან რიდი, ნემანი ნადოლო და სემ ვაითლოქი პასიურად გამოიყურებოდნენ და თუ ზე რაგბის 7-გზის ჩემპიონს მომავალ მატჩებში გამარჯვება სურს, ზემოთჩამოთვლილმა მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფორმა.

„ბლუზის“ ახალი მწვრთნელი ტანა უმაგაა, რომელმაც, როგორც პირველ ტურში გამოჩნდა, გუნდში ბევრი სიახლე შეიტანა. უმაგას დამოძღვრილმა გუნდმა შეძლო და შარშანდელი ჩემპიონი „ჰაილენდერსი“ ორი ქულის სხვაობით დაამარცხა [33:31]. სპეციალისტები ამ მატჩში გამორჩეულ თამაშს ნემანი ნადოლოსგან ელოდებიან, მაგრამ ფიჯელი გარემარბი პასიური იყო და ახლა ელიან, რომ ნადოლო აფეთქდება და თავის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.

რაც შეეხება ცვლილებებს, „ჯვაროსნებმა“ 23- აციან რაზმში მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალეს და ისიც სათადარიგოთა სკამზე - რის პრინსეპის ადგილს პეტე სამუ დაიკავებს. „ბლუზმა“ ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი ჯერემი კაინო.

გავლენიანი ვებგვერდი Planetrugby.com უპირატესობას სტუმრებს ანიჭებს და თვლის, რომ „ბლუზის“ 5 ქულით გამარჯვება რეალურია.

კანბერაში „ბრამბისი“ „ვარატასს“ ამაღლებულ განწყობაზე ხვდება, „ცხენებმა“ შარშანდელი ფინალისტი „ჰარიქეინსი“ 52:10 გაანადგურეს, თუმცა განწყობას არც „ვარათასი“ უჩივის - სიდნეის გუნდმა „რედსს“ 30:10 სძლია.

ამ გუნდების ბოლო მატჩი კანბერაში „ვარატასის“ გამარჯვებით დასრულდა, ამიტომ მასპინძლებს დამატებითი მოტივაცია აქვთ და რევანშის აღებას ეცდებიან. საინტერესოა, რომ ორივე გუნდში მრავლად არიან ავსტრალიის ნაკრების მორაგბეები და მათი დაპირისპირებაც მატჩისადმი ინტერესს ერთიორად ზრდის. ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან „ვოლაბების“ ორი გამორჩეული მესამეხაზელი დეივიდ პოკოკი და მაიკლ ჰუპერი, უცხოელი ექსპერტები სწორედ მათზე ამახვილებენ ყურადღებას.

Planetrugby.com თვლის, რომ მასპინძლები ოთხი მარცხის შემდეგ შეძლებენ და „ვარატასს“ 6 ქულით დაამარცხებენ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:29 | 03.03.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი ჯახი იქნება, მარა მაინც მგონია კრუსეიდერსი იმარჯვებს.

0.08941