ამბები

23:11 | 14.11.2011 | ნანახია 3494 - ჯერ

ქუთათურთათვის რევანში გადაიდო

მზიანი ამინდის მიუხედავად, ქუთაისში მთლად სათამაშო პირობები ვერ ჰქონდათ შექმნილი სათასო მატჩში მონაწილე პრინციპულ მეტოქეებს. საქმე ისაა, რომ ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა და მოედანი დატბორილი იყო, რაც გუნდებს ნორმალური თამაშის ჩვენებაში ხელს უშლიდა. 

აღნიშნული სათასო შეხვედრა ერთგვარი შანსი გახლდათ ქუთათურთათვის, არმიელებთან რევანშის ასაღებად, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, რევანში ვერ შედგა. 
მატჩის ძირითადი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმიც მათ 6:0 მოიგეს. ორივე შემთხვევაში, საჯარიმო ზუსტად სინაურიძემ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც გახლავთ მთელ შეხვედრაში "აიას" მიერ მოპოვებული ყველა ქულა. 
პრინციპულ პაექრობაში, გვერდითი მსაჯები სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა მიმართ სტუმრებს პრეტენზიები ხშირად ჰქონდათ, უმრავლეს შემთხვევაში - სამართლიანი. ისე, ერთ მომენტში, არბიტრმა კურიოზული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აშკარად გასასინბინებელი არმიელი დაინდო, სამაგიეროდ, კაპიტანი მოიხმო და დაექადნა - განმეორების შემთხვევაში, აუცილებლად დაგატოვებინებ მოედანსო.
მე-2 ტაიმში, საერთო სათამაშო სურათი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ არმიელები უფრო პროდუქტიულები აღმოჩნდნენ. გამოიყენეს რა მასპინძელთა შეცდომები, ზედიზედ 2 ლელო გაუტანეს რიონისპირელებს და დაწინაურდნენ კიდეც. თამაშის განახლებისთანავე, სამხარაძემ კარგად "ჩაუკიდა" ნუცუბიძეს, რომელმაც ბრძოლაში შეძლო დამიწება. მასპინძლებმა ამ ლელოზე პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ - უშედეგოდ. მალევე, ქათაისელებმა ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდეს, თუმცა, მათი მორიგი შეცდომა გაგოშვილმა გამოიყენა, რომელმაც ჩაჭრა მასპინძელთა შეტევა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 9:10. ამას ნუცუბიძემ რეალიზაციაც მოაყოლა და არმიელებმა სამქულიანი უპირატესობა დაიბევეს. 
მალე, ელიზბარაშვილმა და სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოები გაცვალეს, თუმცა, თბილისელთა გამთამაშებელმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 12:18.
დარჩენილ დროში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, მათ რამდენჯერმე ხელსაყრელი სიტუაციიდან საჯარიმოს დარტყმის უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ ისინი ლელოზე ფიქრობდნენ და ეს შანსი არ გამოუყენებიათ. ისინი რამდენჯერმე ახლოსაც კი იყვნენ მიზანთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბურთი წინ უვარდებოდათ და სახიფათო მომენტებიც განიმუხტებოდა ხოლმე. 
წაგების მიუხედავად, "აია" უიმედო მდგომარეობაში არაა და თბილისური მატჩისწინა ოპტიმიზმს ინარჩუნებს.     
 
“ლიბერთი თასის” 2011 წლის გათამაშება. ნახევარფინალი. პირველი მატჩი
"აია" - "არმია" 12:18 (6:0)
14 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. "დინამო". 500 მაყურებელი
"აია": ჟვანია, მატკავა, ტარიელ ჩხიკვაძე, შალამბერიძე, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, მარდალეიშვილი, თხელაძე, ხამაშურიძე, სინაურიძე, ფრუიძე, ზვიადაძე, კუხიანიძე, გოგლიჩიძე, ძნელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ლომიძე, გურეშიძე, დგებუაძე, შარვაშიძე, აბრამიძე.
4 საჯარიმო: სინაურიძე (4)
მთავარი მწვრთნელი: კობა გიორგაძე
"არმია": ქორიძე, ბრეგვაძე, დონაძე, ჟღენტი, ცხადაძე, თხილაშვილი, თავართქილაძე, ბუჯიაშვილი, სამხარაძე, ელიზბარაშვილი, შკინინი, გაგოშვილი, გაბროშვილი, ტუჩაშვილი, ნუცუბიძე.
შეცვლაძე შევიდნენ: კაკოვინი, კალმახელიძე, ბიწაძე, დარასელია, ნინიძე  
2 ლელო: ნუცუბიძე, გაგოშვილი
რეალიზაცია: ნუცუბიძე
2 საჯარიმო: ელიზბარაშვილი (2)
სინბინი: დარასელია
მთავარი მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე
არბიტრი: მიხეილ ჩაჩუა 
 
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107959