"სუნამოების გამყიდველი ქალიც კი ჩვენს გუნდს გულშემატკივრობდა..."
გიორგი შიუკაშვილის მოგზაურობა ახალ ზელანდიაში ლუდის მიმართ მის დიდ სიყვარულს უკავშირდება. განსაკუთრებით "ნატახტარის კასრი" უყვარს და ერთი პერიოდი იმდენს სვამდა, რომ მომატებული წონით თავადაც შეწუხდა და ახლობლებიც შეაწუხა. მაგრამ ამ უმნიშვნელო მიზეზს გიორგისთვის ხელი არ შეუშლია ლუდის სმის გაგრძელებაში და ერთ საღამოსაც, როცა მეგობართან ერთი შეკვრა ლუდით ავიდა, მიხვდა, რომ მისი თავგანწირვა ამაო არ იყო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი "ნატახტარის" დიდი გათამაშებით დაიწყო...
- რა მოხდა იმ საღამოს, როცა აღმოაჩინე, რომ განსაკუთრებული ლუდის განსაკუთრებული ბოთლი შეგხვდა?
- ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, გამოვიარე სუპერმარკეტში და რამდენიმე "ნატახტარი" ავიღე. ეს ჩვეულებრივი რიტუალივით იყო ჩემთვის. დავსხედით, გავხსენით ეს ბოთლები და სიმართლე გითხრათ, არც კი დაგვიხედავს თავსახურებისთვის. რომ გითხრათ, მოგების დიდი იმედი მქონდა და ამიტომ ვყიდულობდი-მეთქი, მოგატყუებთ. უცებ, ჩემი მეგობრის მეუღლემ, ნაგავში გადასაყრელად რომ მიჰქონდა ეს თავსახურები, მაშინ აღმოაჩინა, რომ ლუდი მომგებიანი იყო და აი, მერე ატყდა ერთი ამბავი. როგორც ლუდის შემძენს და მიმტანს, ეს მოგებაც მე მერგო წილად...
- და ასე აღმოჩნდი ახალ ზელანდიაში...
- სხვათა შორის, აეროპორტში მივედი თუ არა და ვნახე ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მივდიოდი, ანუ თორნიკე - ნატახტარის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, მეორე ჩემისთანა იღბლიანი - ავთო და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, მაშინვე მივხვდი, რომ სულ ერთი ჭკუის ხალხი ვიყავით და კარგ დროს გავატარებდით. ასეც მოხდა.
მართალია, ჩასვლისთანავე ბარგი დავკარგეთ, მაგრამ ეს არ იყო დიდი პრობლემა. ცოტათი თორნიკეს და ავთოს გაუჭირდათ, პერანგის და მაისურის ამარა დარჩნენ, მაგრამ ვაჟკაცურად გაუძლეს.
ზოგადად, ახალი ზელანდია ძალიან საინტერესო ქვეყანაა. იქაურები ხასიათით წმინდა წყლის ბრიტანელები არიან, უბრალოდ, ეგზოტიკურ ქვეყანაში ცხოვრობენ. რაც მთავარია, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი კიდეც - ქართველებივით სტუმართმოყვარეები ხართ-თქო და მიპასუხა, ჩვენთან იმდენად ცოტა სტუმარი ჩამოდის, ასე თბილად რომ არ დავხვდეთ, აღარავინ ჩამოვაო. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ველინგტონმა. ულამაზესი ქალაქია და რაც ყველაზე საინტერესოა, არქიტექტურა აქვს არაჩვეულებრივი. იქ ორი ერთნაირი სახლი არ მინახავს. თან პროფესიული თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს, ინჟინერ-მშენებელი ვარ და მართლა აღრფთოვანებული დავრჩი.
- საქართველოს შესახებ, გარდა იმისა, რომ რაგბის კარგად ვთამაშობთ, რამე სმენიათ ახალზელანდიელებს?
- ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ მას შემდეგ დაიწყეს გუგლში საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება, რაც ჩვენი ნაკრების ჩასვლის შესახებ გაიგეს. ზოგი იმასაც გვეუბნებოდა - თქვენ რუსეთის ნაწილი ხართო, რასაც საშინლად ვაპროტესტებდით. ისე, ბანკში ისეთი ქალიც შეგვხვდა, რომელმაც ისიც კი იცოდა, რომ რუსეთთან ომი გვქონდა. მაგრამ ყველაზე მაგარი განცდა რა იყო, იცით? მთელი ქალაქი აჭრელებული იყო საქართველოს დროშებით, რამაც ერთდროულად გამაოცა და გამახარა კიდეც.
- ანუ, ადგილობრივები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ? რამე განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდათ ამისთვის?
- ვერ გეტყვით, რა მიზეზი ჰქონდათ, მაგრამ ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა ჩვენდამი კეთილგანწყობა. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ზელანდია სარაგბო ქვეყანაა და კარგი თამაშის ფასი იციან. სუნამოების მაღაზიაში შევედით და გამყიდველმა ქალმა გვითხრა, ჯორჯიას ვგულშემატკივრობო. როცა არგენტინა-საქართველოს თამაში იყო, მაშინ არგენტინას უჭერდნენ მხარს. ჩვენი და რუმინეთის თამაშის დროს, მგონი ყველა ჩვენს მხარეს იყო. სტადიონი სავსე იყო საქართველოს ნაკრების მაისში გამოწყობილი ზელანდიელებით. სახეზეც საქართველოს დროშები ჰქონდათ დახატული. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიყავით, ამ ყველაფერს რომ ვუყურებდით.
- ალბათ, განსაკუთრებული განცდაა, ისეთ მაგარ გუნდს რომ გულშემატკივრობ, როგორიც ჩვენი ნაკრებია რაგბიში.
- რა თქმა უნდა და თანაც საქართველოდან შორს რომ ხდება ეს ყველაფერი, ასმაგი ემოცია გაქვს. ჩვენი ბიჭები ძალიან მობილიზებულები იყვნენ და რაც მთავარია, გამარჯვებისთვის განწყობილები. თამაში იმდენად ემოციური იყო, ახლა რომ მკითხოთ, ვინ რა ლელო გაიტანაო, ვერ გეტყვით. ზუსტად მხოლოდ ის მახსოვს, რომ მოვიგეთ.
- მეორე გამარჯვებულმა მითხრა, რომ იქედან გოგოსთვის სიყვარულის ახსნას აპირებდა და თქვენც ეხმარებოდით ამ ამბავში, მაგრამ გადაიფიქრეთ, რამ შეგიშალათ ხელი?
- ჩვენ კი არა, თვითონ გადაიფიქრა და თუ რატომ, ეს აღარ ვიცით. თორემ ჩვენ ყოველწუთს მზად ვიყავით. ავთო ყველაზე უმცროსი და გამოუცდელი იყო ჩვენს შორის. ფრიდონა შევარქვით, იმიტომ რომ იქ მის სახელს ვერავინ იმახსოვრებდა და ძირითადად ავტოს ეძახდნენ. ახალ ზელანდიაში ფრიდონას ყველაზე დიდი პრობლემა იყო გზაზე გადასვლა. იქ მოძრაობა საპირისპირო მიმართულებითაა და უხეშად რომ აგიხსნათ, თავი უკუღმა უნდა ატრიალო. ვერაფრით დაიმახსოვრა ეს ჩვენმა უმცროსმა მეგობარმა და ერთხელ კინაღამ ავტობუსი დაეჯახა, მეორედ – ახალზელანდიელი გოგო. ის გოგო უცინოდა, ფრიდონა კი უბღვერდა. საბოლოო ჯამში, "პოდრუჩკით" დავდიოდით ფრიდონასთან ერთად, სანამ ადაპტაცია არ გაიარა.
სამაგიეროდ, ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა ფრიდონას, რომელიც მაგრად გამოგვადგა და ამიტომ ფრიდონას ახალი სახელი შევარქვით - "ჯიპიესი". აბსოლუტურად ზეპირად იმახსოვრებდა ყველა გზას, მისასვლელსაც და მოსასვლელსაც. არადა, ისეთი მიხვეულ-მოხვეული ქუჩები იყო, ეს ნამდვილად არ იყო მარტივი ამბავი. რაც მთავარია, არასდროს შემცდარა. მერე უკვე, სინგაპურის აეროპორტშიც გამოავლინა ეს ნიჭი. ერთი სიტყვით, მე და თორნიკე ფრიდონას იმედად დავდიოდით.
- გავიგე, ახალ ზელანდიაში ყველაზე საშინელ მტაცებელ ცხოველებზე სანადიროდ იყავით და საყოველთაო აღიარება მოიპოვეთ, მართალია ეს ამბავი?
- აუუუ, ეს იყო საოცარი ისტორია, ჩვენი და ფოლსომების შებმა. მოკლედ, ნადირობა სულაც არ იყო დაგეგმილი. აღმოჩნდა, რომ "ნატახტარის" თორნიკე არის ნადირობისა და თევზაობის დიდი მოყვარული და იქ შევედით სამონადირეო მაღაზიაში. საკმაოდ დიდხანას გავჩერდით, იმიტომ, რომ თორნიკე თითოეული ანკესის ისტორიას სწავლობდა. გამყიდველიც ძალიან ენაწყლიანი ტიპი აღმოჩნდა და ბოლოს იმითაც დაინტერესდა, საიდან ვიყავით. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით და თანაც ჩვენს ქვეყანაში მგლები არიან, სულ გაგიჟდა. თურმე ახალ ზელანდიაში მტაცებლები არ ბინადრობენ და ყველაზე დიდ მავნებლად ითვლება კურდღელი - ბალახს გვიჭამსო. რომ გაიგო, ჩვენთან დათვიც არის, ტურაც და გარეული ტახიც, გვითხრა, მე ახლა თქვენ დაგპატიჟებთ სანადიროდ და საქართველოში რომ ვიქნები, მერე თქვენ დამპატიჟეთ მგლებზე სანადიროთო. რადგან ჟურნალისტებთან ერთად ვიყავით და ერთ მანქანაში ვერ ვეტეოდით, თავის თანამშრომელს თხოვა, ისიც წამოსულიყო მანქანით. თან ისეთი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა, რომ თავისიანი უკან ჩასვა, საბარგულში და ჩვენ წინ მოგვათავსა კომფორტულად. ყოველ ხუთ წუთში კი, კითხულობდა თავის მეგობარს, არ გაიგუდოსო. ბოლოს და ბოლოს ვიკითხეთ, რაზე სანადიროდ მივდივართ-თქო და გვითხრეს - ფოსომებზეო. იქ ისეთი ღრმა პროფესიული საუბარი მიდიოდა მონადირეებს შორის, რომ სირცხვილით ვერ ვიკითხეთ, რა იყო ეს ფოსომი. ბოლოს, მაინც რომ ვერაფერს მივხვდით, ვიკადრეთ და ვკითხეთ.
აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხეზე მცოცავი რაღაც არსება, რომელიც ფოთლებს ჭამდა. ერთი სიტყვით, სანამ არ მოვკალით, ვერაფრით გავიგეთ, რა იყო ეს ფოსომი. აღმოჩნდა, რომ ერთი "ბულკივით" ცხოველია. წარმოიდგინეთ, ციყვის მსგავსი, უფრო დიდი თავით და უფრო პატარა კუდით, ბრჭყალებით, ჭამს მხოლოდ ფოთლებს და ახალ ზელანდიაში საშინელი რეპუტაციით სარგებლობს. მივადექით ამ ფოსომებს და გავჟუჟეთ დედაბუდიანად, მაგრამ თორნიკემ ყველა რეკორდი მოხსნა. ისეთი ნადირობა აჩვენა იქ, რომ ტაშს უკრავდნენ ბოლოს და ტაშითვე გამოაცილეს.
- ამ დიდ მოგებამდე რამე სხვა გათამაშებაში მიგიღია მონაწილეობა?
- არა, არაფერში და არც არაფერი მომიგია, თუ არ ჩავთვლით კორპორაციულ გათამაშებას ჩემს სამსახურში, სადაც DVD პლეერი მოვიგე.
- "ნატახტარმა" ახალი გათამაშება რომ მოაწყოს, რის მოგებას ისურვებდი?
- რა გითხრათ, საერთოდ, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ერთმა ადამიანმა ორჯერ მოიგოს ასეთი დიდი გათამაშება. ისე კი, მე ფეხბურთის დიდი ფანი ვარ. ახლა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ბრაზილიაში და იქ დიდი სიამოვნებით ამოვყოფდი თავს, მაგრამ მოგების შანსი ალბათ ნულის ტოლი მაქვს, ისევე, როგორც იმის შანსი, რომ ჩვენს ნაკრებს ვიხილავ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ხომ იცით, კაცი იმედით ცოცხლობს და მეც იმედიანად ვარ.
ლატარეაში ვინმეს ორჯერ მოეგოს, ასეთი ამბავი არ გამიგია, მაგრამ გამოჩნდება ვინმე ბედნიერი, რომელსაც ისეთივე კარგ მოგზაურობასა და შთაბეჭდილებებს ვუსურვებ, როგორიც ჩვენ გვქონდა.
®
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია