საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული გუნდის აწ უკვე ყოფილი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი ჟურნალისტებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეხვდნენ. ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა იმის ნათელი გამოხატულება იყო, რომ დიქსონი და ქართული რაგბი განუყოფელ რეალობად რჩება, უბრალოდ, ფუნქციების გარკვეული გადანაწილება მოხდა.
ნიჟარაძემ და დიქსონმა უმთავრესად მომავალზე ისაუბრეს. ბევრი რამ, მაგალითად, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა და სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა ჯერ გაურკვეველია, ისევე, როგორც 2013 წლიდან დასაწყები ახალი ტურნირის მონაწილეთა ვინაობა და ფორმატი. “ბორჯღალოსნების” ახალი თავკაცი ვინ იქნება, ეს დეკემბრის ბოლოს უნდა გაირკვეს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სარეიტინგო გათვლები უკანა პლანზე გადაიწევს და ორი წლის განმავლობაში მრავლად იქნება ექსპერიმენტები, ხოლო ახალი ტურნირის დაარსებაზე საბოლოო შეთანხმება მომავალი წლის იანვარში უნდა შედგეს.
გიორგი ნიჟარაძე: “ეს პრესკონფერენცია აქამდე იმის გამო არ ჩავატარეთ, რომ რიჩის ჩამოსვლას ველოდებოდით. მსოფლიო თასზე ჩვენი გამოსვლის შეფასებას აღარ დავიწყებ, უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით. ამაზე მეტყველებს ყველა ის წერილი, რომლებსაც დღესაც ვიღებთ. ამასთან, დავინახეთ ჩვენი შეცდომებიც და ისიც ვიცით, რომ ზელანდიაში უკეთ შეგვეძლო გამოსვლა. თუ რეგულარულად არ ვეთამაშეთ დიდ გუნდებს, წინსვლა არ გვექნება და მსოფლიო თასზეც სწორედ ასეთი გამოცდილების ნაკლებობას განვიცდიდით. აქამდე თუნდაც შოტლანდიასთან, წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვეთამაშა, იმ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ამ თემაზე საუბრები მიდის და შედეგები აუცილებლად იქნება.
განვლილ ოთხ წელიწადში, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების გაკეთება მოგვიწია. მძიმე არჩევანის წინაშე დავდექით. ძნელი იყო 4-წლიანი ციკლის შუაში ახალი მწვრთნელის მოძიება. ყველა სპეციალისტს ამა თუ იმ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებდა და სწორედ ამ დროს მივმართეთ რიჩის დახმარების თხოვნით, რომელიც საქართველოში სულ სხვა ფუნქციით იმყოფებოდა. დიქსონი რაგბის განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობდა, მაგრამ საქართველოში მთელი წელიწადი ჰქონდა გატარებული და ჩამოყალიბებული აზრი გააჩნდა ჩვენს ნაკრებზე თუ თითოეულ მოთამაშეზე. ის უცებ შეეწყო გუნდს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი მადლობა რიჩის, რომელიც ასეთი ძნელბედობის ჟამს მხარში ამოგვიდგა, გუნდი შეკრა და მოკლე დროში მოახერხა ის, რომ მსოფლიო თასზე ღირსეულად ვითამაშეთ. ასევე მადლობა მთელ სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბს, რომელთა წევთაგან ბევრი (ექიმები) სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა. მსოფლიო თასის სამწვრთნელო გუნდიდან ჩვენთან რჩება დონ კასკი, რომელიც მუშაობას რაგბის აკადემიაში განაგრძობს, რაღა თქმა უნდა, ილია მაისურაძე და რიჩი დიქსონი, რომელიც ქართულ რაგბიში სხვა ფუნქციებს შეასრულებს.
წინა გუნდმა კარგად იმუშავა, ქართული რაგბის თამასა აწია და ახლა ახალი ამოცანები დადგა ჩვენს წინაშე. უმთავრესი მიზანი 2015 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაა, მერე კი, იქ უკეთ უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება საკმარისი აღარ იქნება და ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ, პრეტენზია კი, მეოთხედფინალში გასვლაზე გვექნება. ეს ძნელად შესასრულებელი ამოცანაა, რადგან კონკურენტებიც სწრაფად ვითარდებიან და ჩვენც განსხვავებულები უნდა ვიყოთ. რიჩისთან ერთად განვლილი პერიოდი გავაანალიზეთ და შევთანხმდით, რომ ნაკრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი ჭირდება. დიქსონი საქართველოში რაგბის განვითარების პროგრამას უხელმძღვანელებს და კონსულტანტი იქნება, ახალი მწვრთნელის ვინაობა კი, დეკემბრის ბოლომდე გაირკვევე. ამასთან, გვსურს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ სარაგბო ცენტრად ვაქციოთ და უკრაინის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და აზიის ქვეყნების სპეციალისტებს სემინარები ჩავუტაროთ. ეს სრულიად რეალურია და ამ პროგრამას დიქსონი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ნაკრების ახალ მწვრთნელს, არ გვსურს, ვიჩქაროთ და შეცდომა დავუშვათ. ახალი თავკაცი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ის უნდა იყოს 40-დან 60 წლამდე ასაკის, კარიერაში აღმავლობის პერიოდი უნდა ჰქონდეს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთ წელზე მეტი არ უნდა იყოს უმუშევარი, ანუ, პრაქტიკული სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონდეს, დაგვეხმაროს ადგილობრივი მწვრთნელების მომზადებაში. დეკემბრის ბოლომდე დრო გვაქვს და შესაფერის კანდიდატურას შევარჩევთ. ბევრს აქვს სურვილი საქართველოს ნაკრებში მუშაობის, მათ შორის ცნობილ სპეციალისტებსაც, მაგრამ აქ ფინანსებია განმსაზღვრელი. ახალი მწვრთნელი ძვირი არ უნდა დაგვიჯდეს, რადგან ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, თორემ დღესვე შეგვიძლია დავრეკოთ და მაღალანაზღაურებადი ცნობილი სპეციალისტი ჩამოვიყვანოთ. გვიჯობს, ჩვენს ხელთ არსებული ფინანსები სხვა პრობლემების მოგვარებას მოვახმაროთ, მით უმეტეს, რომ ცნობილი მწვრთნელი გარანტირებულ წარმატებას სულაც არ ნიშნავს.
ტოპ-კლასის მწვრთნელები მიჩვეულნი არიან, რომ მათ განკარგულებაში უმაღლესი დონის მორაგბეები ხვდებიან. ჩვენთან სხვაგვარადაა საქმე. გვყავს ტოპ-კლასის, ოდნავ დაბალი დონის, კიდევ უფრო დაბალი დონისა და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სპორტსმენები. ამ ოთხი ჯგუფის შეკვრა და დაბალანსება უნდა მოხდეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება ისეთი პიროვნება, რომელსაც გააჩნია ამბიცია, ის უნდა მოერგოს ქართულ რეალობას, გაგვიყვანოს მსოფლიო თასზე და იქ წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, უკეთეს კონტრაქტსაც აუცილებლად იშოვის. ნაკრებში აუცილებლად იქნება ერთი ან ორი უცხოელი და ასევე, ერთი, ან ორი ქართველი სპეციალისტი. მანამდე ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს სტაჟირებაზე გავუშვებთ უცხოეთში, ფიზმომზადების მწვრთნელს კი, მხოლოდ სამი წლის შემდეგ, უშუალოდ მსოფლიო თასის წინ ავიყვანთ, მანამდე გუნდში ამ პოსტზე ქართველი იმუშავებს.
რიჩი დიქსონზე ზელანდიაში სულ მეკითხებოდნენ, რჩეებოდა თუ არა ის საქართველოს ნაკრებში. მინდა ვთქვა, რომ რიჩი ქართული რაგბის განუყოფელი ნაწილია და თუ საქართველოს რაგბის კავშირის სათავეში ჩვენი გუნდი დარჩა, დიქსონიც ჩვენთან ერთად იქნება. ქართული რაგბი ახლა არის გზაგასაყარზე - თუ ქვეყანა მხარში დაგვიდგება, შეგვიძლია ოთხი წლის შემდეგ დიდი ნახტომი გავაკეთოთ, ოღონდ, მანამდე რაღაცეების დათმობა მოგვიწევს, თუ არა და, გარკვეული პერიოდით ამ დონეს ინერციით შევინარჩუნებთ, მერე კი, დაღმასვლა დაიწყება. ახალი ოთხწლიანი ციკლის პირველი პერიოდი ექსპერიმენტებს დაეთმობა და თუ არ იქნება შედეგი, გულშემატკივრებს, ყველას, მთელ ქვეყანას ვთხოვთ, მკაცრად ნუ განგვსჯიან. აუცილებელია, გამოიცადოს ახალგაზრდები და შეიქმნას ნაკრების კანდიდატთა 100-კაციანი ჯგუფი, რომელთაგან არჩევანს მწვრთნელი გააკეთებს და არა ისე, როგორც ახლაა, როცა სულ რაღაც 40 კაციდან ირჩევა სასურველები. კონკურენციის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს გუნდის ზრდას.
თებერვალ-მარტში გასამართ ერთა თასს ტურნეები გვერჩივნა, მაგრამ ეს ჩვენთვის ერთადერთი გზაა მსოფლიო თასზე მოსახვედრად და ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყვით, პრინციპული მატჩების გარდა, ჩემი აზრით, იქ ახალგაზრდული, ექსპერიმენტული შემადგენლობით უნდა გამოვიდეთ. ივნისში უძლიერესი გუნდის შეკრებას ვერც აქამდე ვახერხებდით და ვერც მომავალში შევძლებთ, მაგრამ ძველ ტურნირებში, IRB-ს ერთა თასზე და “ჩერჩილის თასზე” მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ტურნირები ალბათ მალე გაუქმდება კიდეც. იანვარში, მეორე ეშელონის ქვეყნების (სამოა, ფიჯი, ტონგა, აშშ, კანადა, იაპონია, საქართველო, რუსეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ნამიბია) წარმომადგენლები ამერიკაში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ახალი ტურნირის დაარსებაზე. ახალი ტურნირი, სავარაუდოდ, 2013 წლის გაიმართება.
მართალია, დროის ამ მონაკვეთში ჩვენ უძლიერესი შემადგენლობის შეკრება არ შეგვიძლია, მაგრამ მსოფლიო ჩვენ ვერ მოგვერგება, ჩვენ უნდა მოვერგოთ მსოფლიოს. ამასთან, სხვა გუნდებიც მეტნაკლებად მსგავს სიტუაციაში იქნებიან. სამაგიეროდ, ახალგაზრდების გამოცდის საშუალება გვექნება, ისინი ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშში დაიხვეწებიან და ნოემბერში გვექნება სერიოზული ტესტ-მატჩები. ისეთი თაობა მოდის, ვფიქრობ, ეს პროცესი მძიმე გადასატანი არ იქნება. გარკვეული პერიოდით რეიტინგი უნდა დავივიწყოთ. ის სულაც არ ასახავს რეალობას და თუ ცოტა ხნით ოდნავ ჩამოვჩოჩდებით, არაფერს ნიშნავს, სამაგიეროდ, მერე გვექნება დიდი ნახტომი და კუთვნილ ადგილს დავიკავებთ. გამოცდილება მოიტანს შედეგს და ამ გადაწყვეტილებაში ყველა გვერდით უნდა დაგვიდგეს. თუ არ მოვამზადეთ ახალგაზრდები, მომავალში შედეგი არ გვექნება.
მომდევნო 4 წელიწადი უნდა იყოს განათლების წელიწადი. ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და მოვიზიდოთ თანხები შიდა ჩემპიონატში. თუ არ განვითარდა შიდა პირველობა, წინსვლა გაგვიჭრდება. თუ ქართული კლუბიდან მორაგბე წავა საფრანგეთში, ან ინგლისში, მას ჩვენც გვერდით დავუდგებით, აი, პოლონეთში, ჩეხეთში და გერმანიაში კი, ფინანსური დაინტერესების გამო, მორაგბე არ უნდა მიდიოდეს. აუცილებელია, გვქონდეს ძლიერი ჩემპიონატი. კარგია, რომ “არმიამ” ლეგიონერები საქართველოში დააბრუნა, მაგრამ შედარებით თანაბარ პირობებში უნდა იყოს 5-6 გუნდი და მაშინ გვექნება ძლიერი ჩემპიონატი, ახლა კი, ქართული კლუბები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაწესებული საპრიზო ფონდით არსებობენ. ვთხოვ ბიზნესმენებს, რომ ფული დააბანდონ ქართულ პროექტში და რაგბი სწორედ რომ ქართული პროექტია. მოვუწოდებ ტელევიზიებს, პირდაპირ ეთერში გადასცენ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრები, რათა სპონსორობის მსურველებს სანაცვლოდ რაღაც მაინც შევთავაზოთ. აუცილებელია, რომ საქართველოში მორაგბეთა საერთო რიცხვი 30 ათასამდე მაინც გავზარდოთ, ოღონდ არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ ხარისხობრივადაც და მხოლოდ მაშინ გვექნება წინსვლა”.
რიჩი დიქსონი: “შეიძლება ჩემი ინგლისური არ გესმოდეთ, მაგრამ აუციელბლად გაიგებთ, იგრძნობთ იმ ემოციას, რომელიც ჩემგან ქართულ რაგბიზე საუბრისას მოდის. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტის შემოთავაზება და იყო დიდი პატივი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გაყვანა. ახალ ზელანდიაში ნაჩვენები თამაშით უდიდესი პატივისცემა მოვიპოვეთ და ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდით. არგენტინა და იტალია დიდი ხანი ელოდნენ, შესაბამისად, “ოთხ ერში” და “ექვს ერში” გაწევრიანებას და ამისათვის სრული რესურსი გამოიყენა, მაგრამ როცა იქ მოხვდა, აღმოჩნდა, რომ გუნდები უკვე გადაბერებული ჰყავდათ და ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდიან. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. მე ვერ გავახალგაზრდავდები, მომავალი მსოფლიო თასისას უკვე 69 წლის ვიქნები და აუცილებელია ცვლილებები. უფრო მეტი საქმის გაკეთება შემიძლია სხვა კუთხით მუშაობით, რათა საქართველოში რაგბის განვითარება არ შეწყდეს და ამ კუთხით დავკავდები. მე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ქართული რაგბისთვის და როდესაც ახალი მწვრთნელები მოვლენ სათავეში, ისინი ამას დაინახავენ. ყოველთვის აღტაცებით გავიხსენებ ჩემი მწვრთნელობის პერიოდს, მაგრამ სხვას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და მე კიდევ დიდხანს დავრჩები ქართულ რაგბიში, ოღონდ განსხვავებული კუთხით. მე კიდევ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით და თუ გვინდა, რომ უფრო ძლიერი საქართველოს რაგბი კავშირი ვიხილოთ, გია წინ უნდა გაგვიძღვეს და ჩვენც ბოლომდე მივყვებით.
რაგბი უნიკალური რამაა ქვეყნის წარმოჩინების თვალსაზრისით. ყველაზე ცუდი მოუთმენლობაა და თუ სულსწრაფები ვიქნებით, ალივით ავვარდებით და მერე ისევ ჩავქრებით. სწორედ ამიტომაა 4-წლიანი გეგმის სწორად გათვლა მნიშვნელოვანი. ჩვენ კი ვაკაკუნებთ ელიტის კარზე და ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, იქ შესულებმა ადგილი დავიმკვიდროთ. მინდა, რომ როდესაც უკვე ინვალიდის სავარძელში ვიჯდები, საქართველოს ნაკრები ელიტაში ვიხილო.
ყველას კარგად გვესმის, რომ ნაკრების კანდიდატთა სია უნდა გაიზარდოს, სხვანაირად არაფერი გამოვა. მსოფლიო თასზე ჩვენს მოწინააღმდეგეებს შეცვლაზე ისეთი მორაგბეები ყავდათ, რომელთაც 40-50 სანაკრებო შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ამით გვაჯობეს. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ. ახალი ტურნირები და იქ ახალგაზრდული გუნდით თამაში, სწორედ აქამდე მიგვიყვანს, ამიტომ პირვანდელი შესაძლო მარცხების არ უნდა შეგვეშინდეს. საჭიროა ერთიანი ორგანიზმის შექმნა, სადაც ყველას თავისი ფუნქცია მიენიჭება და დიდი ნახტომი გარდაუვალი იქნება”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია