ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
BBC-ის ცნობით, მას არ სურს “არწივებთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, რადგან ირლანდიელი სპეციალისტი სამუშაოს გაგრძელებას სამშობლოსთან ახლოს, ევროპაში გეგმავს. ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ინგლისის ეროვნული გუნდის ვაკანტური ადგილი დაიკოვოს.
“კმაყოფილი ვარ იმ ორწლინახევრით, რომელიც ამერიკაში გავატარე. ეს ჩემთვის სასარგებლო სამუშაო იყო. მსოფლიო თასზე გამოსვლით დიდი სიამოვნება მივიღე, ახლა კი, მსურს, მუშაობა სახლთან ახლოს გავაგრძელო” - თქვა 53 წლის სპეციალისტმა.
ამრიგად, 2012 წლის ივნისში, როდესაც საქართველოს ნაკრები აშშ-სა და კანადას ტესტ-მატჩების გასამართად ეწვევა, “არწივებს” ახალი დამრიგებელი ეყოლებათ. შეგახსენებთ, რომ ოსალივანის გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ “ბორჯღალოსნებმა” ორჯერ ითამაშეს. 2007 წლის მსოფლიო თასზე, ის ირლანდიის ნაკრებს ავარჯიშებდა და მაშინ ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით, 14:10 იმარჯვეს, ხოლო 2010 წელს, აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართული ტესტ მატჩი “ბორჯღალოსნებმა” ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 19:17 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია