ფრანგული “ტულონის” მწვრთნელმა ოლივიე აზამიმ “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” საკუთარი გუნდის მიერ გამართული პირველი შეხვედრა და ახალგაზრდა მორაგბეების გამოსვლა შეაფასა, მათ შორის, ქართველი ლეგიონერების. იტალიურ “პეტრარკასთან” 53:22 მოგებულ შეხვედრაში, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდათ შერკინების პირველხაზელ ლევან ჩილაჩავას და მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს.
ჩილაჩავამ საკუთარი დებიუტი მე-16 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა. ამ დროს “ტულონი” 0:6-ს აგებდა და მას შემდეგ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ლელო არ გაუტანია, მაგრამ ძალიან სასარგებლო იყო მიქაუტაძე, რომელმაც მწვრთნელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. “ჩელენჯ ქაფის” მეორე ტურის შეხვედრას “ტულონი” 19 ნოემბერს, “ლიონის” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს და აზამიმ მომავალ ჯახზეც ისაუბრა, სადაც, სავარაუდოდ, გუნდის ბირთვი გამოცდილი მორაგბეებით იქნება დაქომპლექტებული.
- “ტულონმა” “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” გამოსვლა წარმატებით დაიწყო. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ პირველმა თამაშმა?
- იმ რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ვიმყოფებოდით, შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის იოლი არ იყო ამ საშინაო თამაშისთვის მომზადება. გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა მორაგბეები და საჭირო იყო მათი სასწრაფო შერწყმა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დასახული ამოცანის შესრულება ძალიან რთული იყო, მაგრამ ბიჭებმა კარგად იმუშავეს ვარჯიშებზე და მიუხედავად არც თუ კარგი დასაწყისისა, დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულეს.
- ახალგაზრდა “ტულონელებით” თუ ხართ კმაყოფილი?
- დიახ, ზოგიერთმა მათგანმა დიდი რაგბი ითამაშა და ეს სამომავლოდ ძალიან წაგვადგება. ასეთი თამაშების შემდეგ შეძლებენ ისინი საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და მეტად განვითარდებიან. მიუხედავად იმისა, რომ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” დონე Top 14-ისას ვერ შეედრება, ეს მაინც უფრო მაღალი დონეა იმაზე, სადაც აქამდე ეს ბიჭები გამოდიოდნენ.
- რას იტყვით “ტულონის” პირველ ხაზზე (აქ ლევან ჩილაჩავა და დავით ქუბრიაშვილი თამაშობენ - რედ.)?
- ის, რომ სამმა მათგანმა ლელო გაიტანა (პირველი ლელო ჩილაჩავას ანგარიშზეა - რედ.), ასეთი რამ კი, ხშირად არ ხდება, მათ წარმატებაზე თავის თავად მეტყველებს. ეს ძალიან კარგია იმ ახალგაზრდა მორაგბეებისთვის, რომლებიც ვარჯიშებზე ძალიან ბევრს მუშაობენ. ისინი გამორჩეულები იყვნენ ამ შეხვედრაში და საწყენია, ჩვენს მთავარ არენაზე რომ არ ითამაშეს.
- მეორე ხაზში ძალიან საინტერესო მოთამაშე, კონსტანტინე მიქაუტაძე აღმოვაჩინეთ...
- დიახ, კონსტანტინე მიქაუტაძე კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშეა და მას უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ის ძალიან ბევრს მუშაობს. აუცილებელი იყო მისი დიდ გუნდში სწორედ ახლა ინტეგრირება, რათა კარგად დაინახოს თავისი შესაძლებლობები, სათამაშო ხარისხი და ის მინუსებიც, რომლის გამოსწორებაზე მოუწევს მუშაობა.
- შაბათს “ლიონთან” გელით შეხვედრა. რას იტყვით ამ გუნდზე, როგორია თქვენი ამბიციები?
- “ლიონი” კარგი გუნდია, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და სეზონის დასაწყისიდან კარგ შედეგებს აჩვენებს. ამასთან, გუნდს მუდამ თან სდევს უიღბლობა. ამ კვირაში გუნდში ეპიდემიამ იფეთქა და ამის გამო, ბევრი მორაგბე თამაშს ვერ მოახერხებს. ეს გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან განვლილი მატჩების ანალიზი და მათი მიხედვით რაიმეს დაგეგმვა აზრს კარგავს, ჩვენ არ ვიცით ისინი სად როგორ ითამაშებენ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. გუნდში დავაბრუნებთ იმ მორაგბეებს, რომელთაც ორი კვირით დასვენების საშუალება ჰქონდათ. მოკლედ, გამარჯვების იმედი გვაქვს.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია