ამბები

18:48 | 18.11.2011 | ნანახია 2271 - ჯერ

ფინალისტებს ავჭალიდან ველით

“ლიბერთის თასის” ნახევარფინალების განმეორებითი მატჩების წინ, ფინალში გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს და მიზნის მისაღწევად საბრძოლველი ყველა მათგანს აქვს. პირველმა შეხვედრებმა აშკარა ფავორიტები ვერ გამოავლინა, ორმა გუნდმა სარაგბო საზომებით არცთუ დიდი ფორა მოიპოვა და ამ უქმეებზე “ავჭალაზე” მისულ მაყურებელს საინტერესო ბრძოლების ხილვა მოუწევს.
მართალია, თასის გათამაშებაზე დაწესებული საპრიზო ფონდი ჩემპიონატისასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და გუნდები მაინც თავგამოდებით იბრძვიან. ამის დასტურად პირველი შეხვედრებიც გამოდგება, სადაც სასურველი მიზნის მისაღწევად ძალღონე არავინ დაიშურა და შედეგად, ყველაზე მეტად მოგებული მაყურებელი რჩება. 19 და 20 ნოემბერს, 14:00 საათიდან მათ “ავჭალის” სტადიონზე მისვლა და კიდევ ორი ლამაზი სანახაობის უსასყიდლოდ ხილვა შეუძლიათ.
პირველი ფინალისტი დედაქალაქური გუნდების დაპირისპირების შედეგად გაირკვევა. თბილისის “ყოჩებმა” პირველ შეხვედრაში ერთგვარი სიურპირიზი შემოგვთავაზა, “ლელო” 26:21 დაამარცხა და ახლა ამ ხუთქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. სიურპრიზი იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული პირველობა, უსპონსოროდ და ულიდერებოდ დარჩენილმა “ყოჩებმა” ძალიან სუსტად ჩაატარა, 14-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა და უმაღლეს ლიგას ბოლო ადგილით პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაემშვიდობა. ამასთან, გათამაშების მიწურულს, ლევან მგელაძის შეგირდებმა ფარ-ხმალი დაყარეს და მეტოქეებთან დიდი ანგარიშებით დამარცხდნენ.
როგორც ჩანს, ამის ფონზე “ყოჩებმა” რეაბილიტაცია თასის მოგებით გადაწყვიტა, პირველ ნახევარფინალამდე არსებული ერთთვიანი პაუზა სათანადოდ გამოიყენა და განმეორებითი მატჩის წინ მცირეოდენი ფორაც შეიქმნა. პირველი შეხვედრა ძლიერ ქარში, “ავჭალის” სტადიონზე გაიმართა. საწყის 40 წუთში ქარი “ლელოს” სასარგებლოდ უბერავდა და მიუხედავად მეტოქის დიდი წინააღმდეგობისა, მათ ტაიმი 14:8 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 21:8. “ყოჩები” არ დანებდა, დარჩენილ ნახევარ საათში “ლელოს” ორი ლელო გაუტანა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მერე ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და 26:21 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის მიუხედავად, “ყოჩებმა” “ლელოს” რეგულარული პირველობის ორივე მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართა და პირველ წრეში 20:36, ხოლო მეორეში მხოლოდ 19:28 დამარცხდა. “ლელოს” ბოლო წლების ტრადიციისამებრ წელსაც ჩემპიონობა სურდა, მაგრამ საბოლოოდ, საპლეიოფო ოთხეულში დიდი ძალისხმევით, ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით გააღწია, მაგრამ იქ საწყის ეტაპზევე “ლოკომოტივთან” დამარცხდა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, რაც ამბიციური გუნდისათვის ცუდი შედეგია. არასტაბილური თამაში ამ კლუბის სამი მორაგბის ეროვნულ გუნდში მივლინებამაც განაპირობა, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისიდან ისინი გუნდს დაუბრუნდნენ, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. მოკლედ, ჩემპიონატში დაკარგულის ანაზღაურებას “ლელო” თასზე ეცდება, ამისათვის კი, 19 ნოემბერს მეტოქესთან ხუთქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევს.
მეორე წყვილი ჩემპიონატის მსვლელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი, მისი დასრულების შემდეგ, რაგბის გულშემატკივრებში უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ერთმანეთს რეგულარული პირველობის გამარჯვებული და ფინალისტი ქუთაისის “აია” და რეგულარული პირველობის მეორეადგილოსანი, ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “არმია” დაეჯახნენ. ქუთაისელები წელს საუცხოო თამაშს კი აჩვენებენ, მაგრამ “არმია” დაუძლეველ ბარიერად ექცათ და წელს წაგებული ხუთი შეხვედრიდან ოთხი სწორედ მათთან დათმეს. თავის მხრივ, “არმიამ”, ამ ერთი წლის შექმნილმა გუნდმა, ზაფხულის შემდეგ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა, რაშიც უდიდესი წვლილი უცხოეთიდან დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს მიუძღვით და შედეგმაც არ დააყოვნა. უნდა ითქვას, რომ არმიელებმა ქართული კლუბებიდანაც დიდი შევსება მიიღეს, გუნდის შერკინება და უკანა ხაზი მეტ-ნაკლებად დაბალანსდა და “არმია” საქართველოს ჩემპიონი დამსახურებულად გახდა.
ამ გუნდებს შორის, პირველი მატჩი ქუთაისში, “დინამოს” სტადიონზე გაიმართა და ქუთაისელი გულშემატკივარი ჩემპიონატში განცდილი მარცხისთვის რევანშს ელოდა, მაგრამ გამარჯვება კვლავ თბილისელებს დარჩათ - 18:12. ექვსი ქულა ის ფორაა, რომლის აღმოფხვრაც რაგბიში შეუძლებელია და ახლა უკვე “ავჭალაში”, ჩემპიონატის ფინალური მატჩის ადგილას, “აია” თავისთვის დანავსული სერიის და “არმიის” დამარცხებას ეცდება. შეხვედრა კვირას, 20 ნოემბერსაა დანიშნული და 14:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული პირველობის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში, “არმია” “აიას” ფოთში დაუპირისპირდა და მაშინ დაძაბულ ბრძოლაში ქუთათურებმა 17:15 იმარჯვეს. რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემ მატჩში, “არმიამ” თბილისში 23:15 მოიგო, მერე კი, ავსტრალიური პლეი ოფის პირველ ეტაპზე მეტოქეს უკვე ქუთაისში ეთამაშა და 24:16 იმარჯვა. “აია” “ლოკომოტივის” გავლით ფინალში მაინც მოხვდა, იქ კვლავ “არმიას” წინაშე წარსდგა, პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ ძალა და გამძლეობა აღარ ეყო და 22:29 დამარცხდა. მერე იყო ქუთაისში გამართული თასის პირველი ნახევარფინალი და ახლა განმეორებითი შეხვედრის ჯერია...

“ლიბერთის თასის” ნახევარფინალები რაგბიში. განმეორებითი მატჩები
19 ნოემბერი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) (21:26 პირველი მატჩი)
20 ნოემბერი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) (18:12)

ფინალი. 26 ნოემბერი

ზურა ქსოვრელი
მალხაზ ახვლედიანის ფოტო


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079468