ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” პირველ სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” იტალიურ “აირონის” უმასპინძლა, მეტოქე 54:3 გაანადგურა და ერთი დღით, 19 ნოემბრის საღამომდე IV ჯგუფის სათავეში მოექცა.
“სტად მარსელ მიშლენზე” შეკრებილმა 17589 მაყურებელმა საყვარელი გუნდის კარგი თამაშით და 8 გატანილი ლელოთი ისიამოვნა. ფრანგებს ჯარიმის კარში დარტყმაზე არც უფიქრიათ და პირველი ლელო მე-10 წუთზე გაიტანეს. “აირონიმ” სამ წუთში ჯარიმით უპასუხა - ეს იყო და ეს. შესვენებამდე “კლერმონმა” კიდევ ორი ლელო მიითვალა და რადგან სამივე რეალიზაცია ზუსტი იყო, ტაიმი 21:3 მოიგო. მასპინძლებმა პრემიალური, მეოთხე ლელო 50-ე წუთზე მიითვალეს, მაგრამ არ მოეშვნენ, დარჩენილ ნახევარ საათში კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს, სულ რვიდან შვიდი რეალიზაცია გამოიყენეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ქართველი პირველხაზელი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და ამის შემდეგ, “კლერმონმა” კიდევ სამი ლელო მიითვალა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, შაბათ საღამოს, ინგლისში “ლესტერი” ირლანდიურ “ოლსტერს” დაუხვდება და მათ შორის მოგებული ცხრილის სათავეში მოექცევა. II ტურში უკვე ჩატარებული დანარჩენი სამი მატჩი დაძაბული გამოდგა და მინიმუმ ერთი პრემიალური ქულის აღება ყველა გუნდმა მოახერხა. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა შოტლანდიაში გამართული შეხვედრა, სადაც ორივე გუნდმა ერთად 95 ქულა დააგროვა და ამ სარაგბო თრილერში გამარჯვება მასპინძელ “ედინბურგს” დარჩა. მასპინძლებმა ფრანგულ “რასინგ მეტროს” საწყის 8 წუთში ორი ლელო გაუტანეს და 17:3 დაწინაურდნენ, მერე სტუმრებმა გაილაღეს, 20 წუთის ინტერვალში 4 ლელო მიითვალეს და 31-ე წუთისთვის 31:17-ს იგებდნენ, ტაიმი კი, 31:20 მოიგეს. მე-2 ნახევრის დასაწყისი კვლავ ფრანგებისა იყო და მათი უპირატესობა 24 ქულამდე გაიზარდა - 44:20 53-ე წუთზე. აბა, ვინღა იფიქრებდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ ყოფილა, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნითი მეოთხედი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. მათ მიერ 63-ე წუთზე გატანილ ლელო-გარდასახვას სტუმრებმა სამ წუთში ჯარიმით უპასუხეს (47:27), აი, 68-ე წუთიდან კი, “ედინბურგმა” 3 ლელო გაიტანა, სამივე რეალიზაცია გამოიყენა და 48:47 იმარჯვა.
II ჯგუფის მეორე შეხვედრაში უელსის “კარდიფი” “ლონდონ აირიშს” მასპინძლობდა, მე-6 წუთზე უკვე 10:0-ს იგებდა, მე-19 წუთზე კი, ინგლისელები წითელი ბარათის გამო მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. მაგრამ სტუმრები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს, მხოლოდ 6 ქულის სხვაობით, 18:24 დამარცხდნენ და უელსიდან ერთი პრემიალური ქულა წაიღეს, მეტოქეს კი, 4 ლელოს გატანა არ დაანებეს. მეორე უელსური გუნდი “სკარლეტსი” ინგლისში “ნორთჰემპტონს” ეწვია და მასპინძლებს 28:23 აჯობა, თანაც სტუმრებმა 4 ლელო გაიტანეს. “სკარლეტსმა” საწყისი ერთი საათი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და 62-ე წუთზე 28:9 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოსკენ ორი ლელო თავადაც გაუშვა და მხოლოდ 5 ქულის სხვაობით იმარჯვა - 28:23.
ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან დღეს საღამოს ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” ირლანდიურ “მუნსტერს” მასპინძლობს. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაშია და პირველ ნომრად ითამაშებს. “ჰაინეკენის თასის” II ტურის ბოლო შეხვედრა ინგლისში გაიმართება და “ბათი” ქართველთა “მონპელიეს” დაუხვდება. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში რვა ნომრად ითამაშებს მამუკა გორგოძე. ასევე ძირითად შემადგენლობაშია და პირველ ნომრად დადგება მიხეილ ნარიაშვილი. სათადარიგოთა შორისაა პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, ხოლო გოდერძი შველიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
“ჰაინეკენის თასი”. II ტური
I ჯგუფი
18 ნოემბერი
ნორთჰემპტონი - სკარლეტსი 23:28 (9:21)
1. სკარლეტსი (უელსი) 2 2 0 0 59-46 9
2. მუნსტერი (ირლანდია) 1 1 0 0 23-21 4
3. ნორთჰემპტონო (ინგლისი) 2 0 0 2 44-51 2
4. კასტრი (საფრანგეთი) 1 0 0 1 23-31 0
19 ნოემბერი
კასტრი - მუნსტერი
II ჯგუფი
18 ნოემბერი
კარდიფი - ლონდონ აირიში 24:18 (18:9)
ედინბურგი - რასინგ მეტრო 48:47 (20:31)
1. ედინბურგი (შოტლანდია) 2 2 0 0 68-66 9
2. კარდიფ ბლუზი (უელსი) 2 2 0 0 50-38 8
3. რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 2 0 0 2 67-74 3
4. ლონდონ აირიში (ინგლისი) 2 0 0 2 37-44 2
III ჯგუფი
20 ნოემბერი
ლენსტერი - გლაზგო
ბათი - მონპელიე
1. გლაზგო უორიორზი (შოტლანდია) 1 1 0 0 26-21 4
2. ლენსტერი (ირლანდია) 1 0 1 0 16-16 2
3. მონპელიე (საფრანგეთი) 1 0 1 0 16-16 2
4. ბათი (ინგლისი) 1 0 0 1 21-26 1
IV ჯგუფი
18 ნოემბერი
კლერმონი - აირონი 54:3 (21:3)
1. კლერმონი (საფრანგეთი) 2 1 0 1 65-19 6
2. ლესტერი (ინგლისი) 1 1 0 0 28-12 4
3. ოლსტერი (ირლანდია) 1 1 0 0 16-11 4
4. აირონი (იტალია) 2 0 0 2 15-82 0
19 ნოემბერი
ლესტერი - ოლსტერი
V ჯგუფი
19 ნოემბერი
ბენეტონი - ოსპრეი
ბიარიცი - სარაცინი
1. სარაცინი (ინგლისი) 1 1 0 0 42-17 5
2. ოსპრეი (უელსი) 1 1 0 0 28-21 4
3. ბიარიცი (საფრანგეთი) 1 0 0 1 21-28 1
4. ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 1 0 0 1 17-42 0
VI ჯგუფი
19 ნოემბერი
გლოსტერი - ჰარლექუინზი
კონაჩტი - ტულუზა
1. ჰარლექუინზი (ინგლისი) 1 1 0 0 25-17 4
2. ტულუზა (საფრანგეთი) 1 1 0 0 21-17 4
3. გლოსტერი (ინგლისი) 1 0 0 1 17-21 1
4. კონაჩტი (ირლანდია) 1 0 0 1 17-25 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია