საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანმა, აწ უკვე პირველ ლიგაში გავარდნილმა თბილისის “ყოჩებმა”, “ლიბერთის თასის” ნახევარფინალში თანაქალაქელ “ლელოს” ორი მატჩის ჯამში ერთი ქულით აჯობა და 26 ნოემბერს ფინალში თამაში დაიბევა. მისი მეტოქის ვინაობა ხვალ, 20 ნოემბერს გაირკვევა, როცა ქუთაისის “აია” “ავჭალაში” თბილისის “არმიასთან” 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება (პირველი მატჩი ქუთაისში “არმიამ” 18:12 მოიგო).
ეს შეხვედრა ერთი კვირის წინანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მაშინ ავჭალაში ძლიერი ქარი უბერავდა, მაგრამ გუნდებმა მცირერიცხოვან მაყურებელს კარგი სანახაობა შესთავაზეს და ხელდახელ თამაშით ლამაზი ლელოებიც გავიდა. ამჯერად დარი იყო, მაყურებელიც სტადიონზე მრავლად მივიდა, მაგრამ უსახური, უხარისხო რაგბის მომსწრე გახდა. ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. “ყოჩებმა” საკუთარი შეტევისას ბარე ათჯერ დაკარგეს ბურთი, “ლელო” დერეფანში ბურთს ხეირიანად ვერ აგდებდა, ბურთი ორივე გუნდს წინ ხშირად უვარდებოდა, არ ვარგოდა ფეხით თამაში და მორაგბეები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
“ყოჩებს” 5-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ, მათ პირველი თამაში 26:21 მოიგეს და საპასუხო მატჩის დებიუტში უპირატესობა უფრო მეტად გაზარდეს. მათ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში კარგი მოლი დააყენეს, მათი შეჩერება “ლელომ” ვერ მოახერხა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი ხოსიტაშვილმა დაამიწა. შავლეგ მახარაშვილმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ ინიციატივას “ლელო” დაეუფლა. ლელოელები მოედნის მეტოქეთა ნახევარზე “დაბანაკდნენ”, მაგრამ იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიყავდათ, რადგან გადამწყვეტ მომენტში სცოდავდნენ.
სხვაობის შემცირების შანსი ირაკლი ყიასაშვილს პირველად დახლოებით 46 მეტრიდან მიეცა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად დაარტყა. ტაიმის შუაწელს ნონო ანდღულაძემ “ყოჩების” დაცვის ხაზი გაჭრა, მაგრამ ამ კარგ შეტევას ლელო არ მოყოლია, ბოლო მომენტში “ყოჩებმა” დაცვის დალაგება მოახერხეს, მაგრამ რეფერიმ შემტევ გუნდს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნა და თანაც წესების განზრახ დარღვევისთვის დამცველ გუნდს მორაგბე გაუსინბინა. ყიასაშვილმა ახლო მანძილიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 3:5. ცოტა ხანში გუნდებმა უზუსტო ჯარიმები გაცვალეს, 36-ე წუთზე კი, “ლელომ” რამდენიმეფაზიანი შეტევა წამოიწყო, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც შემტევს დროც ჰქონდა, სივრცეც, მაგრამ სანამ მოიფიქრა, რა უნდა ექნა, მცველებმა შებოჭეს და სალელოვე შანსიც დაიკარგა.
ამას კვლავ “ყოჩების” საპასუხო მიძალება მოყვა. ალექსანდრე თოდუამ მეტოქეს დაასწრო და საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ბურთიანად აუტში გავიდა. მერე მახარაშვილმა არეკნი სცადა – არაზუსტად. ამას “ყოჩების” მხრიდან ჯარიმის დარტყმა მოყვა, თუმცა ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი კარს ააცილეს. ზედ შესვენებამდე, ჯარიმის შესრულების უფლება უკვე “ლელომ” მიიღო, ყიასაშვილმა 43 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და “ლელომ” ტაიმი 6:5 მოიგო.
ყიასაშვილმა თავისი მესამე ჯარიმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე გამოიყენა და ორი მატჩის ჯამში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მალე მას კიდევ ერთხელ მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ 50 მეტრიდან ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია. 57-ე წუთზე, ჯარიმა უკვე “ყოჩებმა” შეასრულეს, დარტყმა ირაკლი გეგენავამ განახორციელა და მიზანმა უმტყუნა. სამიოდე წუთში, 42 მეტრიდან ჯარიმა არაზუსტად შეასრულა ყიასაშვილმაც. ამას “ლელოს” იერიში მოყვა, ლექსო გუგავამ ხაზი გაჭრა, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე ვერ მიაღწია. 70-ე წუთზე, “ლელოს” კონტრშეტევა “ყოჩების” დაჯარიმებით დასრულდა, მაგრამ 22 მეტრიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ყიასაშვილს მიზანმა კვლავ უმტყუნა. ხუთიოდე წუთში, “ყოჩების” მხრიდან ჯარიმის შესრულება უკვე გიგი გაბუნიამ ითავა, მაგრამ კარის გასწვრივ 22 მეტრიდან ასპროცენტიანი შანსი გააცუდა და ამისათვის, შესაძლოა, მისი გუნდი დასჯილიყო, თუმცა, 77-ე წუთზე, ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა უკვე “ლელომ” ვერ გამოიყენა და 9:5 კი იმარჯვა, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
“ლიბერთის თასის” ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები
19 ნოემბერი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 9:5 (6:5)
20 ნოემბერი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) (18:12)
ფინალი. 26 ნოემბერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია