საქართველოს ჩემპიონმა რაგბიში, თბილისის “არმიამ” ქუთაისის “აიას” “ლიბერთის თასის” განმეორებით შეხვედრაშიც აჯობა, ორი მატჩის ჯამში 13 ქულით იმარჯვა და 26 ნოემბერს, თანაქალაქელ “ყოჩებთან” დუბლის შესრულებას ეცდება.
ჩემპიონატის ფინალისა არ იყოს, ქუთათურებმა ეს შეხვედრაც აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-5 წუთზე, ორი მატჩის ჯამში დაწინაურდნენ, მაგრამ გამძლეობამ კვლავ უმტყუნათ და უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ლელო გიორგი ელიზბარაშვილის ფეხით დარტყმულს მოჰყვა, მან ზურგქარი ვერ გათვალა და საკუთარი 22-ის ხაზის სიახლოვედან დარტყმული ბურთი მოედანს გადასცდა. შერკინების მოგების შემდეგ, ქუთაისელებმა რაქიდან რამდენჯერმე მოკლეზე დაარტყეს, ჩათვლის მოედანი კი, გელა შალამბერიძემ გადაკვეთა და გაგა სინაურიძემაც რეალიზაცია არ გააფუჭა.
განახლდა თუ არა თამაში, “არმიამ” ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და ბახვა კობახიძემ ჩამორჩენა შეამცირა, ორი მატჩის ჯამში კი, თბილისელები დააწინაურა. შემდეგ კობახიძემ 55 მეტრიდან ქარის იმედად სცადა ჯარიმის გატანა და არაფერი გამოვიდა. თუმცა, მე-15 წუთისთვის, უკეთესი პოზიციიდან კიდევ ერთი შანსი მიიღო და კარიდან ოდნავ მარცხნივ, დაახლოებით 22 მეტრიდან, უშეცდომოდ დაარტყა. მალე, მას საკუთარი გუნდის დაწინაურების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ წინა ორთან შედარებით უფრო ხელსაყრელი სიტუაციიდან, ჯარიმა ძელს გაარტყა.
მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. კარგი იყო ხვიჩა ბუჯიაშვილი, რომლის 30-მეტრიანი გარღვევა მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა და “არმიას” ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. 24-ე წუთზე, არმიელები კობახიძის ჯარიმით დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 30-ე წუთზე, სინაურიძემ ჯარიმითვე წინ კვლავ “აია” გაიყვანა, ცხადი გახდა, რომ ჩემპიონს წარმატების მიღწევის მეტი შანსი ჰქონდა.
შესვენების წინ, თბილისელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, გიორგი შკინინი სამ მცველს გასცდა, მას ლაშა თავართქილაძე დაეხმარა და ბოჭვის მიუხედავად, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და ტაიმი “არმიამ” 14:10 მოიგო.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, კვლავ ქუთაისელებმა შეუტიეს. ჯერ ბესიკ ხამაშურიძეს გაუცუდდა არეკნი 51 მეტრიდან, მერე კი, სინაურიძემ 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ ინიციატივას “არმია” დაეუფლა. ალექსანდრე ტუჩაშვილის გარღვევა ლოგიკურად ლელოთი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხაზზე ბურთი დროულად არ გავიდა. ქუთაისელთა ნახევარზე გატარებულმა დრომ “არმიას” მხოლოდ 3 ქულა შესძინა - 65-ე წუთზე კობახიძემ ჯარიმა გაიტანა.
ბოლოსკენ “აიამ” გაიბრძოლა, მეტოქის მოედანთან ხუთ მეტრში რამდენიმე დარტყმა განახორციელა, მაგრამ “არმიამ” თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად, 26 ნოემბერს, “ლიბერთის თასის” ფინალში ერთმანეთს ორი თბილისური გუნდი - უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “ყოჩები” და ქვეყნის ჩემპიონი “არმია” - დაუპირისპირდება და გამარჯვებული საპრიზო 10 ათასი ლარის მფლობელიც გახდება.
“ლიბერთის თასის” ნახევარფინალი რაგბიში. განმეორებითი მატჩი
20 ნოემბერი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 17:10 (14:10)
(პირველი მატჩი – 18:12)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი (გაგოშვილი 65), 12. მჭედლიძე, 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი (ნინიძე 75), 9. სამხარაძე; 1. ქორიძე (კაკოვინი 62), 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე (ნავროზაშვილი 41), 4. ბიწაძე, 5. ბუჯიაშვილი (ჟღენტი 41), 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. თავართქილაძე.
1 ლელო: თავართქილაძე
4 ჯარიმა: კობახიძე
1 სინბინი: თხილაიშვილი
აია: 15. ხამაშურიძე, 14. გოგლიჩიძე (აბრამიძე 50), 13. ძნელაძე, 12. ზვიადაძე, 11. გოშაძე (ჩხიკვაძე 25), 10. სინაურიძე, 9. შარვაშიძე (კუხიანიძე 64); 1. ჟვანია (არაბიძე 66), 2. მატკავა, 3. ლომიძე (გურეშიძე 25), 4. შალამბერიძე, 5. ძაგნიძე (ჩიტაიშვილი 50), 6. რევიშვილი, 7. დგებუაძე (ცირეკიძე 50), 8. თხელიძე.
1 ლელო: შალამბერიძე
1 რეალიზაცია: სინაურიძე
1 ჯარიმა: სინაურიძე
1 სინბინი: ხამაშურიძე
ფინალი. 26 ნოემბერი
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია