ამბები

11:49 | 21.11.2011 | ნანახია 1800 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფის” ქართული დერბები სტუმართა სასარგებლოდ

რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” მე-2 ტურში, ქართველი ლეგიონერების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გამარჯვებები სტუმრად მოთამაშე “ტულონმა” და “ბრივმა” მოიპოვეს. შესაბამისად, “ტულონი” და “ბრივი” ორ-ორი მოგებით თავთავიანთი ჯგუფების სათავეში მოექცნენ და მეოთხედფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ.
II ჯგუფში, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” დაუხვდა. მასპინძელთა შემადგენლობაში, პირველი ტურის მსგავსად, განაცხადში ქართველი მორაგბეები კვლავ ვერ მოხვდნენ. ეტყობა, “ტულონი” “ჩელენჯ ქაფს” მთლად აგდებულად არ უყურებს, ამიტომ, შედარებით ძლიერ მეტოქესთან მწვრთნელი ექსპერიმენტებს მოერიდა, უძლიერესთან მიახლოვებული შემადგენლობით ითამაშა და 26:19 იმარჯვა. იტალიურ “პეტრარკასთან” მატჩში, ჩილაჩავას და მიქაუტაძეს ტულონელთა ძირითად გუნდში წარმატებული დებიუტი კი ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად ისინი განაცხადში არ იყვნენ, ქუბრიაშვილი კი, მოედანზე მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 40 წუთი ითამაშა.
ტრიბუნაზე შეკრებილმა 7615-მა მაყურებელმა საინტერესო შეხვედრა იხილა. ტემპი მაღალი იყო და გუნდები მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავდნენ. საწყის ოც წუთში, სტუმართა მიერ გატანილ ორ ჯარიმას მასპინძლებმა ჯერ ჯარიმითვე, ხოლო მერე არეკნით უპასუხეს და წონასწორობის აღდგენა ორჯერვე მოახერხეს. 27-ე წუთზე “ტულონმა” უკვე ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და 36-ე წუთზე გატანილი ჯარიმა ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ზედ შესვენების წინ ჯარიმა “ტულონმაც” გაიტანა და ტაიმი 16:9 მოიგო.
53-ე წუთზე “ლიონმა” კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ სამ წუთში სტუმრებმა ჯარიმითვე უპირატესობა კვლავ შვიდ ქულამდე გაზარდეს, ხოლო 59-ე წუთზე თავისი მეორე ლელო მიითვალეს, რეალიზაციაც ზუსტი იყო და “ტულონი” 26:12 დაწინაურდა. ცხადი გახდა, რომ მასპინძლებს ამ მატჩის გადარჩენა გაუჭირდებოდათ, მაგრამ ისინი არ დანებდნენ, დასკვნით 15 წუთში სტუმართა 22-ის ოკუპაცია მოახდინეს და ბოლოსწინა წუთზე ლელოც გაიტანეს, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანეს (19:26) და პრემიალური ქულაც მოიპოვეს.
V ჯგუფში, ბექა შეყლაშვილის “აჟენი” დავით ხინჩაგიშვილის, იური ნატრიაშვილის და ვასილ კაკოვინის “ბრივს” დაუხვდა და 5177 მაყურებლის წინაშე 8:29 დანებდა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო შეყლაშვილი, რომელიც 54-ე წუთზე ბექა მწვრთნელმა შეცვალა. სტუმართა ქართველებიდან მხოლოდ ხინჩაგიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა.
სტუმრებმა ანგარიში ჯარიმით დებიუტშივე გახსნეს, მე-10 წუთზე კი, ლელო გაიტანეს. მასპინძლებმა ტაიმის შუაწელს ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ ერთი ლელო და ჯარიმა მიიღეს - 3:16. მეორე ტაიმის დასაწყისში, ჩხუბის და სინბინების შემდეგ, “ბრივმა” კიდევ ერთხელ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება და უპირატესობა გაზარდა. 54-ე წუთზე ბრიველთა მორიგ ჯარიმას “აჟენმა” ლელოთი უპასუხა, შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი, “ბრივმა” მესამე ლელო გაიტანა, ამჯერად რეალიზაციაც ზუსტი იყო და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ახლა “ჩელენჯ ქაფზე” გუნდები დაახლოებით სამი კვირა დაისვენებენ. III ტურში “ტულონი” ინგლისში “ნიუკასლს” ეთამაშება, ხოლო “ლიონი” იტალიურ “პეტრარკას” უმასპინძლებს. V ჯგუფში “აჟენი” ინგლისის “სეილს” დაუხვდება, ხოლო “ბრივი” ესპანეთში “ლა ვილას” ეწვევა.

“ჩელენჯ ქაფი”. II ტური
I ჯგუფი
18 ნოემბერი
სტად ფრანსე - ბუქარესტი 49:3
19 ნოემბერი
პარმა - უორსტერი 3:34

1.    სტად ფრანსე (საფრანგეთი)             2    2    0    0    72-17    9
2.    უორსტერ უორიორზი (ინგლისი)    2    1    0    1    48-26    5
3.    ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი)      2    1    0    1    37-56    5
4.    კროჩიატი პარმა (იტალია)               2    0    0    2    10-68    0

III ტური
10 დეკემბერი
პარმა - სტად ფრანსე
11 დეკემბერი
ბუქარესტი - უორსტერი

II ჯგუფი
19 ნოემბერი
პეტრარკა - ნიუკასლი 3:34
ლიონი - ტულონი 19:26

1.    ტულონი (საფრანგეთი)                  2    2    0    0    79-41    9
2.    ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი)     2    2    0    0    61-22    9
3.    ლიონი (საფრანგეთი)                     2    0    0    2    38-53    1
4.    პეტრარკა პადოვა (იტალია)           2    0    0    2    25-87    0

III ტური
8 დეკემბერი
ნიუკასლი - ტულონი
10 დეკემბერი
ლიონი - პეტრარკა

III ჯგუფი
17 ნოემბერი
ბაიონი - ბორდო 20:3
20 ნოემბერი
უოსპსი - როვიგო 38:7

1.    ლონდონ უოსპსი (ინგლისი)      2    2    0    0    85-21   10
2.    ბაიონი (საფრანგეთი)                 2    2    0    0    63-13    9
3.    ბორდო (საფრანგეთი)                 2    0    0    2    17-67    0
4.    როვიგო (იტალია)                       2    0    0    2    17-81    0

III ტური
10 დეკემბერი
როვიგო - ბორდო
ბაიონი - უოსპსი

IV ჯგუფი
17 ნოემბერი
დრაგონსი - პერპინიანი 23:13
19 ნოემბერი
ექსეტერი - კავალიერი 68:0

1.    ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი)       2    2    0    0    56-16    9
2.    ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი)                      2    1    0    1    80-15    6
3.    პერპინიანი (საფრანგეთი)                       2    1    0    1    28-35    4
4.    კავალიერი პრატო (იტალია)                   2    0    0    2    3-101    0

III ტური
9 დეკემბერი
პერპინიანი - კავალიერი
11 დეკემბერი
ექსეტერი - დრაგონსი

V ჯგუფი
18 ნოემბერი
სეილი - ლა ვილა 59:6
20 ნოემბერი
აჟენი - ბრივი 8:29

1.    ბრივი (საფრანგეთი)          2    2    0    0    55-26    8
2.    სეილ შარქსი (ინგლისი)    2    1    0    1    77-32    5
3.    აჟენი (საფრანგეთი)           2    1    0    1    58-39    5
4.    ლა ვილა (ესპანეთი)          2    0    0    2    16-109   0

III ტური
8 დეკემბერი
აჟენი - სეილი
10 დეკემბერი
ლა ვილა - ბრივი

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087346