ამბები

17:35 | 22.11.2011 | ნანახია 4240 - ჯერ

მომავლისთვის გადადგმული მძიმე ნაბიჯი

“ნეტრიაშვილს ჩვენც ვურჩიეთ, რომ “ბრივის” წინადადებას დათანხმებოდა და მასთან კონტრაქტი გაეფორმებინა. ის თავად მოვიდა რჩევის საკითხავად და ნებისმიერი თვალსაზრისით, ერთობლივად, მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ირაკლი ახალ ზელანდიაში ვერ დაგვეხმარება, სამაგიეროდ, მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩვენ გვეყოლება უმაღლესი დონის ორი ნომერი”, - თქვა რამდენიმე თვის წინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ. მაშინ გაირკვა, რომ ირაკლი ნატრიაშვილს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა და უმაღლესი დონის კლუბში თამაშის სანაცვლოდ, ყველასთვის საოცნებო, 2011 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას უნდა დამშვიდობებოდა.
ბევრისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი დარჩა, მაგრამ ამ გადასახედიდან, ეს იყო, სავარაუდოდ, ყველაზე სწორი ნაბიჯი. შანსი იმისა, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შემთხვევაშიც კი (რაც გარანტირებული ვერანაირად ვერ იქნებოდა), ნატრიაშვილით მსოფლიო თასის შემდეგ ევროპის რომელიმე წამყვანი კლუბი დაინტერესდებოდა, არც ისე დიდი იყო. ამ დროს 27 წლის მორაგბემ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ლიგის - Top 14-ის კლუბში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის მიერ ჩატარებული 12 შეხვედრიდან (10 Top 14-ში და 2 “ჩელენჯ ქაფზე”) 6-ში ძირითად შემადგენლობაში იყო, დანარჩენ მატჩებში კი (ორის გარდა), შეცვლაზე ითამაშა.
ზემოთ ნახსენებ თემებზე “მსოფლიო სპორტი” თავად მორაგბეს ესაუბრა, რომელსაც “ჩელენჯ ქაფზე” “აჟენთან” გამოტოვებული მატჩის შემდეგ დაუკავშირდა:
ირაკლი ნატრიაშვილი: “Top 14-ში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვიწევს - “ტულუზასთან” და “ბორდოსთან”. აქამდე ჩატარებული მატჩებიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დავიწყე და ამიტომ, მწვრთნელმა ჩემი დასვენება გადაწყვიტა. ჩვენი კლუბი უფრო დიდ ყურადღებას Top 14-ის მატჩებს უთმობს და ამის გამო, რადგან ყველაფერი კარგად მიდიოდა, შეცვლაზეც აღარ შემიშვეს, ანუ, დასვენების საშუალება მომცეს”.
- გამოდის, რომ თქვენთვის პრიორიტეტი Top 14 ყოფილა.
- წასაგებად არც “ჩელენჯ ქაფზე” გავდივართ, მით უმეტეს, რომ ტურნირი წარმატებულად დავიწყეთ და საერთოდ, რაგბიში ყველა გუნდი და ყველა მორაგბე მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე, მაგრამ უმთავრესი აქცენტი მაინც Top 14-ზე კეთდება და მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევს. “ჩელენჯ ქაფზე” ჩვენი მიზანი მინიმუმ მეოთხედფინალში თამაშია, Top 14-ში კი, რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ.
- გასულ სეზონში “ბრივი” უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდა და წელს რა მიზანი აქვს?
- მიზანი ახლაც უძლიერესთა შორის დარჩენაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ. რა თქმა უნდა, რეგულარული ჩემპიონატის ექვსეულში დასრულება იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა, მე-7-მე-8 ადგილზე გასვლასაც არავინ ჩათვლის ურიგო შედეგად.
- Top 14-ში “ბრივი” თამაშებს იშვიათად იგებს, მაგრამ არც დიდი ანგარიშით მარცხდება (3 მოგება 10 თამაშში და 5 ბონუს ქულა შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის).
- ბოლო 15 წუთი კონცენტრაცია გვაკლდება. “აჟენთან” და “ლიონთან”, სეზონის სტარტზე, სწორედ ბოლო წუთებზე განვიცადეთ დასანანი მარცხი. ნელ-ნელა უკეთ ავთამაშდით და “ბიარიცს” და “ბაიონს” ისე მოვუგეთ, ბონუს ქულებიც ჩავიწერეთ. ნელ-ნელა გუნდი შეთამაშდება და სიტუაციაც უკეთესი გვექნება.
- “ტულონთან” მატჩში უნიკალური შემთხვევა მოხდა, პირველ ხაზში ერთდროულად სამი ქართველი იდექით...
- ამ მატჩში სულ სხვანაირად მოტივირებული გავედით მოედანზე. მარტო ქართველები კი არა, აქამდე Top 14-ში არ ყოფილა მომენტი, შერკინების პირველ ხაზში ერთი ეროვნების სამი მორაგბე მდგარიყო. ზედმეტად მოტივირებულიც კი ვიყავით ამ უპრეცენდენტო მოვლენით და ამას ფრანგული პრესაც გამოეხმაურა. მარტო სპეციალისტები კი არა, ჩვენი სამეულის გარჯით მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა.
- მაშინ რატომ აღარ განმეორდა ქართული პირველი ხაზი?
- კაკოვინს დიდი ხანია სამ ნომერზე არ უთამაშია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პირველი ნომერია და მწვრთნელიც უმეტესად ხინჩაგიშვილის შემცვლელად იყენებს. მას პირველ ნომრად თამაში უკეთ გამოსდის და ურჩევნია, იქ დააყენოს. ზოგადად, ხინჩაგიშვილი და კაკოვინი, მეტოქის ნებისმიერ სამ ნომერს უდიდეს პრობლემას უქმნიან და მწვრთნელსაც ურჩევნია, ასე იყოს. ამიტომ, კაკოვინის სამ ნომრად დაყენებას ერიდება და უფრო ხინჩაგიშვილის შემცვლელად ინახავს. ისე, იმიტომ არა, რომ ქართველები ვართ, “ბრივს” მთელ Top 14-ში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ხაზი ჰყავს, თითქმის ყველა მატჩში ვდომინირებდით და მიხარია, ასე რომაა.
- “ბრივში” გადასვლამდე თბილისის “არმიაში” თამაშობდით და ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო ფორმაში იყავით. როგორ მოახერხეთ საფრანგეთის უძლიერეს ჩემპიონატთან ასე სწრაფად შეწყობა?
- რუმინეთში თამაშის პერიოდში, სეზონთაშორის შესვენება დაახლოებით 5 თვე გრძელდებოდა და ეს ფორმას მაკარგვინებდა. ისე მოხდა, რომ “არმიაში” სათამაშო პრაქტიკა მივიღე და ფორმის აღდგენაც არ გამჭირვებია. საფრანგეთში ერთი კვირის დაგვიანებით ჩავედი, ივნისში ვიზის პრობლემები ვერ მოვაგვარე და კლუბს ივლისში შევუერთდი, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი ნიკოლა ფურკიეს დახმარებით, ყველაფერი მალევე აღვიდგინე. აქაურებსაც უკვირთ, ეს როგორ შევძელი, მაგრამ მთავარია, რომ მწვრთნელები კმაყოფილები არიან.
- იმ დროს, როდესაც თქვენ კლუბისათვის ვარჯიშობდით, ნაკრები მსოფლიო თასზე სათამაშოდ ემზადებოდა. არ გაგიჭირდათ “ბორჯღალოსნების” თამაშის ტელევიზორში ყურება?
- ეს მართლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებდი, აზრს ყველას დავეკითხე. დამიჯერეთ, ყველა ჩვენს თამაშს პირდაპირ ეთერში მივადევნე თვალი და ისე განვიცდიდი, თითქოს მონაწილე ვიყავი. როდესაც “ბრივში” გადასვლას ვთანხმდებოდი, უწინარესად, აზრი საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ვკითხე და მათგან მივიღე უდიდესი მხარდაჭერა. მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, რომ Top 14-ში, როგორც 2 ნომერი გავიზრდებოდი და ნაკრებს 2015 წელს ინგლისში უფრო მეტად წავადგებოდი. მე ამის მჯერა!
- საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე რას იტყვი?
- განა შეიძლება, ჩვენი ნაკრების თამაშით ვინმე უკმაყოფილო იყოს? შოტლანდიასთან პირველად რომ არ გვეთამაშა, შეიძლება ეს შეხვედრა მოგვეგო კიდეც, ყოველ შემთხვევაში, უკეთეს თამაშს ვაჩვენებდით, დანარჩენ თამაშებში კი, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს.
- როგორ უყურეთ ამ თამაშებს?
- “ბრივის” თითქმის მთელი შემადგენლობა ერთად ვიკრიბებოდით. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ყველა ერთი აზრის იყო - მოგება შეგვეძლო და ამიტომ ყველას გული დაწყდა, ინგლისთან თამაშის ხარისხით კმაყოფილები იყვნენ, რუმინეთთან მოგება კი, ძალიან გაუხარდათ. საერთოდ, მსოფლიო თასზე მთელ საფრანგეთში საფრანგეთის ნაკრებისა და რუმინელების შემდეგ, ყველა საქართველოს გულშემატკივრობდა.
- როგორ მოეწონათ ჩვენი ნაკრების თამაში საფრანგეთში და თავად თუ არიან ჩვენთან სათამაშოდ მზად?
- ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ვითარდება და თავად ფრანგ მორაგბეებს ჩვენს წინააღმდეგ თამაშის სურვილიც აქვთ. ეს შეიძლება ბრიტანელებს, უფრი შოტლანდიელებს და იტალიელებს არ სურდეთ ჩვენთან თამაში, თორემ სხვას პრობლემა არ აქვს. აუცილებელია, რომ კარგ გუნდებს ვეთამაშოთ და თუნდაც მომავალ მსოფლიოზე შოტლანდიასთან პირველად თამაშის სინდრომი არ გვჭირდეს, თორემ შედეგი არ მოვა. კარგი იქნება, თუნდაც მეორე დონის ქვეყნის ნაკრებებისთვის კარგი ტურნირი გაკეთდეს.
- რამდენი ხანი გაკავშირებს “ბრივთან” და ნაკრების თამაშებში თუ შეძლებ მონაწილეობას?
- როცა “ბრივთან” კონტრაქტს ვაფორმებდი, ფრანგებს ისეთი მორაგბე სჭირდებოდათ, რომელიც მსოფლიო თასის მსვლელობისას და მას შემდეგაც გამოადგებოდათ. ამიტომ მომიწია ნაკრებში თამაშზე უარის თქმა, თორემ, 2-წლიან კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ისინი ნაკრებში თამაშს ვერ ამიკრძალავენ. უბრალოდ, შეიძლება იყოს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უფლება მექნება, სუსტი გუნდის წინააღმდეგ არ ვითამაშო, თორემ სხვა მხრივ პრობლემა არაა.

 


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.167644