საშინაო რაგბის ურთიერთგარკვევა შაბათს ნაშუადღევს დასრულდება. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “არმია”, “ლიბერთის თასის” ფინალში თანაქალაქელი “ყოჩების” ძლევით, დუბლის შესრულებას შეეცდება მაგრამ ეს მათთვის იოლი არ იქნება და აწ უკვე უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “ყოჩები”, გულშემატკივარს თავდაუზოგავ ბრძოლას ჰპირდება.
თასის გათამაშება მორაგბეებში დიდი სიმპატიით არასოდეს სარგებლობდა. ის არასდროს ყოფილა ფინანსურად დაფასებული და წლევანდელი გათამაშება გამონაკლისია - “ლიბერთი ბანკმა” გამარჯვებულისთვის მთელი 10 ათასი ლარი გაიღო, მაგრამ მორაგბეები და მათი მწვრთნელები, უფრო მეტ ყურადღებას ტიტულის მოპოვებას ანიჭებენ და თანხაზე სულაც არ ფიქრობენ.
ერთი წლის წინ შექმნილი “არმია”, აბა, თასს როდის მოიპოვებდა და “ყოჩები” ამ ჯილდოს სამგზის მფლობელები არიან. ეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში, თორემ ისე, თასი მანამდე ერთხელ აღუმართავთ. საქართველოს თასს “ყოჩები” ბოლოს 2007 წელს ფლობდა, როდესაც დუბლი შეასრულა, გასულ წელს კი, ეს ჯილდო თბილისის “ლელომ” დაისაკუთრა, რომელიც ქვეყნის თასის ყველაზე მეტჯერ მფლობელ “ლოკომოტივს” ჯილდოებში ეჯიბრება.
თასის ფინალის წინა დღეს, მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ნიკოლოზ ჭავჭავაძე (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ცოტა რთული იყო თასზე გადართვა, მაგრამ მოვახერხეთ მობილიზება და უკვე ფინალში ვართ. ფსოქოლოგიურ-ტექნიკური თვალსაზრისით, მზადების პროცესში ცვლილება არ განგვიხორციელებია. პატივს ვცემთ ჩვენ გულშემატკივრებს, ახლაც ვიცით, რომ ტრიბუნაზე ის ჯარისკაცები იქნებიან, რომელთაგანაც მაგალითი უნდა ავიღოთ და მაყურებელს კარგ თამაშს შევთავაზებთ. დაგვაკლდება გუნდის კაპიტანი ბესიკ უდესიანი, რომელიც ტრავმის მიუხედავად, ბიჭებს გვერდიდან არ მოშორებია. ასევე, არ გვეყოლება ბაირამაშვილი, რომელსაც განმეორებითი ოპერაცია სჭირდება.
ევროთასებზე სათამაშოდ მზად ვართ, მაგრამ ამისათვის საქართველოს რაგბის კავშირის თანადგომა გვჭირდება. მათ უნდა განაცხადონ მზადყოფნა და პროექტი უნდა შედგეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ”.
ლევან მგელაძე (“ყოჩების” მთავარი მწვრთნელი): “რაც შეგვიძლია ვემზადებით და ბიჭები მაქსიმუმს გაიღებენ ამ შეხვედრის მოსაგებად. “ლელოსთან” ნახევარფინალური თამაშის შემდეგ, ორი მორაგბე დავკარგეთ. ის სირცხვილი, რაც ჩემპიონატში განვიცადეთ, თასის ფინალში უნდა ჩამოვირეცხოთ. “არმია” ფავორიტია, მაგრამ ერთი თამაში დაგვრჩა და იქ მეტის გაკეთება შეგვიძლია. შარშანდელი სეზონი მე-3 საფეხურზე დავასრულეთ, მაგრამ სეზონის დაწყების წინ 10, შუა სეზონში კი, 5 მორაგბე დავკარგეთ - ზოგი ინგლისში წავიდა სასწავლებლად, ზოგი საფრანგეთში. რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში, ხშირად ძირითად შემადგენლობაში უმეტესად ჭაბუკთა ლიგის მორაგბეები გვეყენა და ტრავმებმა ძალიან გაგვაწამა. ფინალურ მატჩში ბევრი რამ გამართლებაზეა და იმედია, ჩვენ გაგვიმართლებს. ფაქტია, ჩვენი გუნდის მორაგბეებს, სეზონის განმავლობაში ასე ცოტა არასდროს უთამაშიათ, ახლა ტრავმები ნაკლებად გვაწუხებს და იღბლის იმედიც გვექნება.
ევროთასებზე გასვლასთან დაკავშირებით, ჩემი გამოცდილებით გეტყვით. “ბათუმში” მუშაობის პერიოდში, ასეთ ტურნირებში მონაწილეობა მიღებული მაქვს და აუცილებელია, რომ რამდენიმე წლით ადრე წარადგინო გარანტიები. ისე, ეს ყველაზე კარგი ნაბიჯია ქართული რაგბის განვითარებისთვის და თუ ქართული კლუბი ევროთასებზე გავა, მწვრთნელიც გაიზრდება და მორაგბეც. ამის გარეშე არაფერი გამოვა”.
შალვა მამუკაშვილი (“ყოჩების” კაპიტანი): “ეს იქნება სეზონის ბოლო თამაში. “არმია” ჩემპიონია” და მათ ჩემპიონობას პატივს ვცემთ, მაგრამ კონკრეტულად ამ თამაშში, ეს არაფერს ნიშნავს. პირადად მე, ღირსეული თამაშის და მარცხის არ მწამს და თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, გამარჯვებასაც მივაღწევთ”.
ბესიკ უდესიანი (“არმიას” კაპიტანი): “ჩემპიონატის ფინალმა ასეთი მატჩებისთვის აუცილებელი პრაქტიკა შეგვძინა და უფრო დალაგებულად გავა გუნდი მომავალ შეხვედრაში. გვესმის, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს და ის გუნდი მოიპოვებს გამარჯვებას, რომელიც მეტად იბრძოლებს წარმატების მისაღწევად”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია