ამბები

14:02 | 27.11.2011 | ნანახია 2391 - ჯერ

ავსტრალიამ “ბარბაროსები” გაანადგურა

“სამი ერის” უკანასკნელმა გამარჯვებულმა და მსოფლიოს თასის მესამეადგილოსანმა, ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა, უელსთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ, ძალები “ბარბაროსებთან” მოსინჯა და აშკარად ძალის გადამეტება მოუვიდა.
“კენგურუებმა” ვერსკვლავთკრებული არ დაინდეს და 51212 მაყურებლის წინაშე, 60:11 გაანადგურეს. სახალისო მატჩში, ავსტრალიელებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს და თავად მხოლოდ ერთი, ისიც მატჩის მიწურულს მიიღეს. “ბარბაროსებმა”, რომლთაც 110 კეპის მქონე სამხრეთაფრიკელი ვიქტორ მეტფილდი კაპიტნობდა, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 20-წუთიანი კაცმეტობაც გამოუყენებელი დარჩათ.
“ვოლაბები” კაცნაკლული ორჯერ დარჩნენ და ორჯერვე პირველ ტაიმში. ისინი სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ და ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ უდისციპლინობის გამო, რეფერიმ მე-14 წუთზე ადამ ეშლი-კუპერი, ხოლო 30-ე წუთზე ჯეიმს სლიპერი გაასინბინა. მიუხედავად ამისა, მათ შესვენებამდე 2 ლელო გაიტანეს და ტაიმი 18:3 მოიგეს, მე-2 ნახევარში კი, მეტოქე აშკარად დაჩაგრეს.
ავსტრალიელთაგან ორ-ორი ლელო ჯეიმს ჰორვილმა, ლეიგ ტერნერმა და დიგბი იოანემ მიითვალეს, თითო-თითო კი, რობ ჰორნის და რადიკ სამოს ანგარიშზეა. ამას ჯეიმს ოკონორმა 7 რეალიზაცია, ერთი ჯარიმა და ერთიც არეკნი დაურთო და 20 ქულა მოაგროვა. “ბარბაროსთაგან” კი, 2 ჯარიმა დენ სიპრიანიმ, ხოლო ლელო რაგბი-ლიგიდან დამატებულმა მარჯვენაფლანგელმა, ინგლისელმა სემ ტომკინსმა მიითვალა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126217