საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის XI ტურში, ქართველი ლეგიონერების კლუბებიდან უქულოდ არავინ დარჩენილა. იმ გუნდებმაც კი, რომელთაც მარცხი განიცადეს, მეტოქეს 7-ზე მეტი ქულით მოგების საშუალება არ მისცეს და აქტივში ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს.
ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ ჯახად, ქართველთა გუნდების - “მონპელიესა” და “კლერმონის” დაპირისპირება ითვლებოდა. 2010 წლის საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, სტუმრად ეთამაშებოდა გასული ჩემპიონატის ფინალისტს, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიეს”, რომელმაც წლევანდელი სეზონი არცთუ წარმატებით დაიწყო და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.
შეხვედრას 11250 მაყურებელი ესწრებოდა. მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 29:23 იმარჯვეს და მომხვდურს პირველ საფეხურზე ასვლა არ დაანებეს.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა დავით ზირაქაშვილმა. ის მოედანზე ერთ-ერთი აქტიური იყო და ეტყობოდა, რომ ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იბრუნებს, მაღალ დონეზე თამაში სწყურია. ამ აქტიურობის გამო, მე-18 წუთზე, ის სინბინს გადაურჩა. მოწინააღმდეგემ ბურთის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ სიჩქარეაკრეფილმა ქართველმა პირველხაზელმა სვლა არ შეანელა და მას ისე მიახტა, ლამის ადგილზე დატოვა. საბედნიეროდ, მასპინძელთა მორაგბე ტრავმას გადაურჩა და რეფერიც მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, პირველ ტაიმში, ზირაქაშვილმა ერთი გარღვევაც განახორციელა, როდესაც მეტოქის 22-ში დაცვის ხაზი გაგლიჯა და 3-4 მოწინააღმდეგე ჩაიყოლა. ეს შეტევა იმით დასრულდა, რომ “მონპელიე” დაჯარიმდა, მაგრამ სტუმართა დამრტყმელს ამ ეპიზოდში მიზანმა უმტყუნა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩვეულად გაისარჯა საქართველოს ნაკრებისა და “მონპელიეს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე. მასპინძლები აქცენტს ფიზიკურ თამაშზე აკეთებდნენ და ასეთ პირობებში მამუკას დარტყმები ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტიც იყო. ჰოდა, ურტყამდა გორგოძეც და თითქმის ყველა ჯერზე მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან ახევინებდა. ქართველმა “გულივერამ” თავისი გუნდის ორივე ლელოში მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში, ძალისმიერი შეტევისას, ერთი დარტყმა მან განახორციელა და რამდენიმე მცველი ჩაითრია, მერე კი, მასპინძლებმა ბურთი ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაცურეს და მას თანაგუნდელები შეჰყვნენ. მეორე ჯერზე, “მონპელიე” სტუმართა შტურმის მოგერიებით იყო დაკავებული, ჩათვლის მოედნიდან 2-3 მეტრში, “კლერმონმა” რაქში ბურთი დაკარგა, პირველი პასი გორგოძემ გააკეთა, რის შემდეგაც ბურთი ბოლომდე, მარცხენა ფლანგამდე ჩათამაშდა და იქიდან ნაგუსამ ლამის მთელი 100 მეტრი ირბინა.
ძირითად შემადგენლობაში იყო “მონპელიეს” პირველხაზელი ჟღენტი, რომელიც ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა და 62-ე წუთზე შეცვალეს, ასევე პირველხაზელი ნარიაშვილი კი, ბრძოლაში 59-ე წუთიდან ჩაერთო. განაცხადში არ იყო კიდევ ერთი პირველხაზელი შველიძე.
“მონპელიე”, 2 ჯარიმით, მე-5 წუთისთვის უკვე 6:0-ს იგებდა. “კლერმონმა” ჯარიმებითვე წინასწორობა 24-ე წუთისთვის აღადგინა, ნახევარი საათის თავზე კი, ნაგუსამ თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამას ჯერ ზუსტი რეალიზაცია, ხოლო ტაიმის ბოლომდე მასპინძელთა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა მოჰყვა და ტაიმი 16:6 დასრულდა. სტუმრებმა ერთი ჯარიმა შესვენებამდე, მე-2 კი, მე-2 ტაიმის განახლებისთანავე გააფუჭეს. სამაგიეროდ, 49-ე წუთზე მათი იერიში ლელოთი და ზუსტი რეალიზაციით დასრულდა. “კლერმონი” თითქოს სათამაშო უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ჯერ 2 ჯარიმა გაუშვა, ხოლო მე-60 წუთზე, კონტრშეტევისას, მე-2 ლელო მიიღო და 13:29 ჩამორჩა. დასკვნით ათ წუთში, მორგან პარამ ჯერ ლელო გაიტანა და რეალიზაცია თავადვე გამოიყენა, შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე კი, ჯარიმიდან გუნდს კიდევ 3 ქულა შესძინა, ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა (23:29) და სტუმრებმა შინ ერთი პრემიალური ქულა გაიყოლეს.
ამრიგად, “მონპელიეს” 18 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ჯერ ისევ დაბლა, მე-11 საფეხურზე იმყოფება. “კლერმონს” 36 ქულა გაუხდა, მე-2 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ტულუზას”, ვისაც გამარჯვება მეორე ქართულმა გუნდმა, “ბრივმა” არ დაანება. დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და ირაკლი ნატრიაშვილის გუნდი, “ტულუზას” მასპინძლობდა და ტაიმი 0:6 დათმო, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, 0:9 ჩამორჩა, მაგრამ 50-ე წუთისთვის, 2 ჯარიმით, მეტოქეს მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მასპინძლებმა მე-3 ჯარიმაც გაიტანეს და შეხვედრა 9:9 დასრულდა. სხვათა შორის, გასულ სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება ასევე ფრედ, ოღონდ 16:16 დასრულდა.
ხინჩაგიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა, კაკოვინი და ნატრიაშვილი კი, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ბრიველებმა იცოდნენ, რომ თუ მეტოქეს თამაშის გაშლის საშუალებას მისცემდნენ, მათი საქმე ცუდად იქნებოდა და ამიტომ, ხისტი დაცვა არჩიეს. მოძრავი კაკოვინი პრაქტიკულად ყველგან იყო და მოწინააღმდეგეს სიჩქარის აკრეფის საშუალებას არ აძლევდა, კარგად იდგა “ბრივის” შერკინებაც და რიგ ეპიზოდებში მეტოქეს დაჯარიმებასაც აიძულებდა. კაკოვინმა მოედანზე 58, ხოლო ნატრიაშვილმა 78 წუთი გაატარა. “ბრივს” 21 ქულა აქვს და მე-8 საფეხურზე იმყოფება.
XI ტურში, ფრედ ითამაშა კიდევ ორი ქართველი ლეგიონერის გუნდმა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, სატურნირო ცხრილის მეზობელს, დავით ქუბრიაშვილის “ტულონს” მასპინძლობდა (ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე Top 14-ის განაცხადში ჯერ ვერ ხვდებიან) და ორივე ქართველი ერთმანეთის პირისპირ პირველივე წუთებიდან იდგა. ასე გაგრძელდა 50 წუთი, მერე კი, მწვრთნელებმა ორივე მათგანი, პრაქტიკულად, ერთდროულად შეცვალეს.
“კასტრის” ჯარიმას ჯონ უილკინსონმა 4 ზუსტი დარტყმით უპასუხა. 25-ე წუთზე, მასპინძლებმა ჩამორჩენა ჯარიმითვე შეამცირეს, მაგრამ შესვენებამდე ლელო-გარდასახვა მიიღეს და ტაიმი 6:19 დათმეს. დაიწყო მე-2 ტაიმი და მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით, მერე კი, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანეს. ეს 47-ე წუთზე მოხდა, 66-ე წუთზე კი, წონასწორობა არეკნით აღდგა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, უილკინსონმა ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ჯარიმა “კასტრმაც” გაიტანა და ეს საინტერესო მატჩი 22:22 დასრულდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, წინ კი, “კასტრი” დარჩა. ის 33 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ტულონი” 30 ქულით მეოთხეა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, 9237 მაყურებლის წინაშე, “ბორდოს” უმასპინძლა და მომხვდური 24:15 დაამარცხა, მაგრამ ქართველ პირველხაზელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველ ტაიმში ჯერ მასპინძლები გადიოდნენ წინ ჯარიმით, მერე სტუმრები ჯარიმითვე ანგარიშს ათანაბრებდნენ, შესვენების წინ კი, “აჟენმა” არეკნი გაიტანა და ტაიმი 12:9 მოიგო. მე-2 ნახევარში გუნდებმა ქულები კვლავ ჯარიმებით აგროვეს, ერთხელ სტუმრებმა არეკნიც გაიტანეს, მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლეს. “აჟენს” 28 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზეა.
აქვე ერთი ამბავიც. თითქმის ყველა ფრანგულმა გამოცემამ დაწერა, რომ “ჩელენჯ ქაფზე”, “ბრივთან” მატჩში, შეყლაშვილი 42-ე წუთზე გაასინბინეს. როცა სტადიონზე არ იმყოფები და მატჩის ხილვის საშუალება არ გაქვს, იძულებული ხარ, იმ ინფორმაციას დაეყრდნო, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებ. ორი დღის შემდეგ, “აჟენის” ოფიციალურ საიტზე მატჩის მიმოხილვა დაიდო და გაირკვა, რომ “აჟენიდან” შეყლაშვილი კი არა, სხვა მორაგბე გაუსინბინებიათ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაშვებული უზუსტობისთვის, შეყლაშვილს და მკითხველს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, მაგრამ მსგავსი უზუსტობისგან დაცული მომავალში ვიქნებით-თქო, ამის პირობას ვერ დავდებთ - ჩვენ სხვა წყაროებზე ვართ დამოკიდებული.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” “ბაიონს” ეწვია, 9:15 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. მათმა გუნდმა პრემიალური ქულის მომტანი ჯარიმა მაშინ გაიტანა, როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო და ამით ერთი წუთით ადრე გაშვებულ ჯარიმას უპასუხა. “ლიონს” 13 ქულით ბოლოსწინა მე-13 საფეხური უკავია.
ტურის კიდევ ორ შეხვედრაში, “რასინგ მეტრომ” “ბიარიცი” 28:9 დაამარცხა, ხოლო “პერპინიანი” საკუთარ მოედანზე “სტად ფრანსესთან” 16:35 შერცხვა.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 38 (11 თამაში), 2. კლერმონი - 36 (11 თ.), 3. კასტრი - 33 (11 თ.), 4. ტულონი - 30 (10 თ.), 5. რასინგ მეტრო - 30 (11 თ.), 6. აჟენი - 28 (10 თ.), 7. სტად ფრანსე - 26 (11 თ.), 8. ბრივი - 21 (11 თ.), 9. ბაიონი - 19 (10 თ.), 10. პერპინიანი - 19 (11 თ.), 11. მონპელიე - 18 (10 თ.), 12. ბორდო - 17 (10 თ.), 13. ლიონი - 13 (9 თ.), 14. ბიარიცი - 10 (10 თ.).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია