ამბები

14:32 | 28.11.2011 | ნანახია 2135 - ჯერ

ქართველებმა “პერიგოს” გამარჯვების გემო გაახსენეს

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის აუტსაიდერ “პერიგოს” ქართველი ლიდერები დაუბრუნდნენ და ეს ფაქტი “დაქსის” 23:18 ძლევით აღინიშნა.
თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის გუნდი Pro D2-ს ამ სეზონში დაუბრუნდა, მაგრამ ზიბზიბაძე ჯერ საქართველოს ნაკრებთან ერთად ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე ირჯებოდა, მერე ტრავმირებული იყო და გუნდს ვერ ეხმარებოდა. ტრავმის გამო ვერ თამაშობდა დადუნაშვილიც და მარტო მარგველაშვილის გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. XI ტურამდე ჩატარებულ ათ მატჩში, “პერიგოს” 9 მარცხი და მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა. ის სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდა და ზედიზედ წაგებულ ექვს მატჩში გუნდს მხოლოდ 2 პრემიალური ქულა ჰქონდა აღებული. ამიტომ, მასპინძლებს გათამაშების ლიდერ “დაქსთან” ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, მაგრამ საყვარელი გუნდის საქომაგოდ ტრიბუნებზე 3500 მაყურებელი მაინც შეიკრიბა და კარგადაც ისიამოვნა.
ამჯერად მარგველაშვილი განაცხადში არ იყო, დადუნაშვილი და ზიბზიბაძე კი, სათადარიგოთა შორის მოხვდნენ. საწყის ნახევარ საათში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და 9:3 დაწინაურდნენ, მერე მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან 32-ე წუთზე მოედანზე შერკინების პირველხაზელი დადუნაშვილი შეუშვა და ამის შემდეგ “პერიგოს” შერკინებამ და განსაკუთრებით პირველმა ხაზმა, მეტოქე აშკარად დაჯაბნა. მოედანზე სწორედ დადუნაშვილის გამოჩენას უკავშირებს კლუბის ოფიციალური საიტი გუნდის გამარჯვებას. ოთხ წუთში მოედანზე ზიბზიბაძეც გავიდა, მანამდე “დაქსს” ერთი ჯარიმა გატანილი ჰქონდა და ტაიმი 12:6 დასრულდა.
55-ე და 58-ე წუთზებე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, მასპინძლები გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლნენ და 63-ე წუთზე ანგარიში უკვე თანაბარი იყო - 15:15. აღსანიშნავია გუნდის ახალწვეულის, ზელანდიელი ბენჯამინ ბოტიკას კარგი თამაში, რომელმაც 8-დან 6 დარტყმა გამოიყენა, ეს კი, ამ დონეზე კარგ შედეგად ითვლება. 74-ე წუთზე “პერიგო” ლელოთი დაწინაურდა, რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ სამ წუთში ზელანდიელმა ჯარიმა გაიტანა, უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა და ცხადი გახდა, რომ “პერიგო” ამ თამაშს მოიგებდა. დარჩენილ წუთებში “დაქსმა” ჯარიმით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა და ერთი პრემიალური ქულის აღება მოახერხა, მაგრამ მარცხი ლიდერობის დაკარგვად მაინც დაუჯდა. ქართული ტრიოს “პერიგო” 13 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა, მაგრამ ამ მოგებამ გუნდის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს იმედი გაუჩინა, რომ ის საკუთარ მოედანზე მაინც ყველა შეხვედრას მოიგებს და საგაისოდ Pro D2-ში ადგილს შეინარჩუნებს.
კიდევ ერთი ქართული სამეულის გუნდი, ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” საკუთარ მოედანზე დავით ლოსაბერიძის და ზერო პეტრიაშვილის “პოსთან” მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. თამაშში მონაწილეობა მასპინძელთა გუნდის მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო - შერკინების მეორეხაზელი დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს; ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ასეიშვილიც და მან მოედანზე 64 წუთი გაატარა.
პირველი ტაიმი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა, მათ ოთხ ჯარიმას სტუმრებმა მხოლოდ ორით უპასუხეს, მეორე ნახევრის დებიუტში კი, “ორიაკმა” ჯარიმითვე ანგარიში გაზრდა - 15:6. 51-ედან 58-ე წუთამდე, მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ შვიდ წუთში ლელო, გარდასახვა და ორი ჯარიმა მიიღეს და მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩნენ. მართალია, ორიოდე წუთში “ორიაკმა” ჩამორჩენა ჯარიმითვე მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დასკვნით ოც წუთში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვეღარ მაოხერხა და “პომ” 19:18 იმარჯვა. ახლა მას 30 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა, მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ “გრენობლს” და Top 14-ის საგზურისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. რაც შეეხება “ორიაკს”, ის 17 ქულით მეცამეტეა და მიზნად Pro D2-ში დარჩენა აქვს დასახული.
გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა” XI ტურში “ბურგუენი” 30:13 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. რადგან “დაქსი” “პერიგოსთან” დამარცხდა, “გრენობლმა კონკურენტი 3 ქულით მოიტოვა უკან და ცხრილის სათავეში 38 ქულით მოექცა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” საკუთარ მოედანზე 21:15 დაამარცხა “ლა როშელი”. პირველხაზელი მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მირცხულავა განაცხადში არ იყო. “ტარბი” სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-11 ადგილზეა. “ოიონასთან” სტუმრად 19:18 იმარჯვა კახა კობერიძის “ალბიმ”, მაგრამ ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 30 ქულით მე-5 ადგილზეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091488