ამბები

19:06 | 1.12.2011 | ნანახია 4396 - ჯერ

რატიანიძის ლელომ “ლიონს” ქართველების “მონპელიესთან” ვერ უშველა

ვეტერანი ქართველი პირველხაზელის, ტარიელ რატიანიძეს გვიანმა ლელომ, მის გუნდ “ლიონს”, თოპ 14-ის გადადებულ შეხვედრაში, ქართველების “მონპელიესთან” ვერ უშველა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილის და გოდერძი შველიძის გუნდი, ლიონში სტუმრად კარგ ხასიათზე ჩავიდა, რადგან გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და “კლერმონის” ძლევის შემდეგ, აგერ უკვე სეზონის მეოთხე გამარჯვება მიითვალა. სტუმრებს ყველაფერი ადვილად არ გამოსვლიათ. მათ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 23-ე წუთზე გატანილი ლელოთი მოახერხეს და შესვენებამდე მონაგარს კიდევ სამი ჯარიმა შემატეს - 14:0. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატეს და საათის თავზე 23:3 დაწინაურდნენ.
მასპინძელთა 33 წლის პირველხაზელმა ტარიელ რატიანიძემ, რომელიც თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო და ამ სეზონში მხოლოდ თავის მეორე შეხვედრას ატარებდა, ლელო 67-ე წუთზე მიითვალა და რეალიზაციაც ზუსტი იყო, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, “მონპელიემ” თავისი მეორე ლელო გაიტანა და მატჩში 30:10 იმარჯვა.
რატიანიძეზე უკვე ვთქვით და მასპინძელთა განაცხადში არ იყო “ლიონის” მეორე ჩვენებური გურამ კავთიძე. განაცხადში არ იყო სტუმართა რიგებში გოდერძი შველიძეც. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი და გიორგი ჟღენტი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. გორგოძე 65-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი 54-ეზე, ხოლო ჟღენტი 70-ეზე. აღსანიშნავია, რომ სანამ ქართველი პირველხაზელები ერთად იდგნენ, “მონპელიეს” პირველი ხაზი დომინირებდა და ჯარიმათა უმრავლესობა ვიზავის სწორედ ჟღენტმა “აკიდა”.
ამ მოგების შემდეგ, “მონპელიემ” 22 ქულა მოაგროვა და მე-8 საფეხურამდე აღზევდა, ხოლო “ლიონი” 13 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. XII ტურში “მონპელიე” სტუმრად კიდევ ერთ აუტსაიდერ “ბიარიცს” ეთამაშება, ხოლო “ლიონი” სტუმრად “ტულონს” ეთამაშება.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107297