ფრანგული “ბრივის” პირველხაზელმა ირაკლი ნატრიაშვილმა, ამასწინათ ინტერვიუში გვითხრა, გუნდი ბოლო წუთებზე კონცენტრაციას კარგავს და ამის გამო, რამდენიმე დასანანი მარცხი განვიცადეთო. ასე იყო ამჯერადაც, როცა ქართველების გუნდი “ბორდოს” სტუმრად ეთამაშებოდა, საფინალო სირენის შემდეგ, 4 წუთში, საბედისწირო ლელო მიიღო და კვლავ მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით მოუწია დაკმაყოფილება.
დავით ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო, ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იდგა და სრულად ითამაშა, ვასილ კაკოვინი კი, მას გვერდით 45-ე წუთიდან ამოუდგა, თუმცა, შერკინებაში მაინც მასპინძლები დომინირებდნენ. “ბრივმა” ტრადიციულად კარგი დაცვა ითამაშა, მაგრამ შეტევაში ფანტაზია ისევ აკლდა და თამაშების მოსაგებად ამ კომპონენტის გამოსწორება მართებს. სტუმრები ორი ჯარიმით პირველ ნახევარში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ “ბორდომ” ჯარიმითვე ორჯერ აღადგინა წონასწორობა. 45-ე წუთზე ჯარიმით უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ და სტუმრებმა წონასწორობა ორ წუთში აღადგინეს, ხოლო 76-ე წუთზე მეოთხე ჯარიმა გაიტანეს და წინ გაიჭრნენ. “ბრივმა” ძირითადი დროის ბოლომდე გაძლო, მერე საფინალო სირენა გაისმა, მაგრამ ბურთის მოედანს გარეთ გატანა ვერ მოხერხდა. მე-4 დამატებულ წუთზე, შეცვლაზე შესულმა ტონგელმა ვიქტორ ლილომ ლელო გაიტანა, ამას ზუსტი რეალიზაცია მოყვა და “ბორდომ” 16:12 იმარჯვა.
მიუხედავად მარცხისა, “ბრივი” 22 ქულით კვლავაც მე-8 ადგილზე რჩება. Top 14-ის XII ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება და სიტუაციაც მას შემდეგ შეიცვლება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 38 (11 თამაში), 2. კლერმონი - 36 (11 თ.), 3. კასტრი - 33 (11 თ.), 4. ტულონი - 30 (10 თ.), 5. რასინგ მეტრო - 30 (11 თ.), 6. აჟენი - 28 (10 თ.), 7. სტად ფრანსე - 26 (11 თ.), 8. ბრივი - 22 (12 თ.), 9. მონპელიე - 22 (11 თ.), 10. ბორდო - 21 (11 თ.), 11. ბაიონი - 20 (11 თ.), 12. პერპინიანი - 19 (11 თ.), 13. ბიარიცი - 14 (11 თ.), 14. ლიონი - 13 (10 თ.).
დღეს: ტულუზა - ტულონი, კლერმონი - კასტრი, სტად ფრანსე - რასინგ მეტრო;
ხვალ: აჟენი - ბაიონი, ლიონი - პერპინიანი, ბიარიცი - მონპელიე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია