ამბები

12:53 | 5.12.2011 | ნანახია 3009 - ჯერ

ქართველების “მონპელიე” წინ მიიწევს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, ყველაზე ქართულმა გუნდმა “მონპელიემ” ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
“მონპელიე” “ბიარიცს” სტუმრად ეთამაშებოდა და იმდენი მოახერხა, ხელს პრემიალური ქულაც გააყოლა. მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, პირველხაზელი გიორგი ჟღენტი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, 65-ეზე გამოჩნდა ასევე პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კიდევ ერთი პირველხაზელი გოდერძი შველიძე განაცხადში არ იყო. პირველი ტაიმი მასპინძლებისა იყო. ანგარიში ჯარიმით სტუმრებმა კი გახსნეს, მაგრამ მე-15 წუთზე ჯარიმითვე წონასწორობა აღდგა, ხოლო ორ წუთში “ბიარიცმა” ლელო გაიტანა. “მონპელიემ” საპასუხო ლელო 22-ე წუთზე მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ხუთიოდე წუთში ჯარიმა გაუშვა და ტაიმი 8:11 დათმო. მეორე ნახევარი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტუმრები ლელოთი წინ გაიჭრნენ და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ 62-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაუშვეს და კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს. 63-ე წუთზე მესამე ლელო-რეალიზაციით “მონპელიე” 22:17 დაწინაურდა, მერე ჯარიმა გაუშვა, 74-ე წუთზე ჯარიმა თავადაც გაიტანა, ორიოდე წუთში კი, პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მიითვალა. ბოლო წუთზე “ბიარიცმა” ჯარიმით ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანა, 23:30 დამარცხდა და ერთი პრემიალური ქულა მანაც მოინაგრა. ახლა “მონპელიეს” 27 ქულა აქვს, მე-8 ადგილზე აღზევდა და ექვსეულს მიუახლოვდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 33:16 დაამარცხა, მაგრამ გამარჯვებულთა შორის ქართველ პირველხაზელს არ უთამაშია, ფეიქრიშვილი კი, ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ნახევარში მასპინძელთა ორ ჯარიმას, ერთ ლელოსა და რეალიზაციას სტუმრებმა სამი ჯარიმით უპასუხეს - 13:9. მეორე ნახევარში “კლერმონმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, 70-ე წუთისთვის 30:9 დაწინაურდა და სამი ლელოც გატანილი ჰქონდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ლელო-რეალიზაცია თავადაც გაუშვა და პრემიალურ ქულას ვეღარ შეწვდა, თამაში კი 30:16 მოიგო. “კლერმონი” 40 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ტულუზას” 3 ქულით ჩამორჩება, “კასტრი” კი, 33 ქულით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს.
“ტულუზამ” დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის “ტულონს” პრემიალური ქულით სძლია. პირველხაზელი ქუბრიაშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა ოთხივე ჯარიმა პირველ ტაიმში გაიტანეს, მაგრამ ორი ჯარიმა, ერთი ლელო და რეალიზაცია თავადაც გაუშვეს - 12:13. მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აგროვეს და 33:12 იმარჯვეს. “ტულონს” 30 ქულა დარჩა და მე-5 ადგილზეა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” საკუთარ მოედანზე “ბაიონი” 37:18 დაამარცხა, სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულა მოაგროვა და მე-4 საფეხურზე აინაცვლა, თუმცა, ქართველ ლეგიონერს ამ გამარჯვებაში წვლილი არ მიუძღვის. 19:12 იმარჯვა “პერპინიანთან” გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა”. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ რატიანიძე მოხვდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, ნახევარი საათის თავზე დაშავდა 31-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ტაიმი 13:9 შესვენებამდე 3 წუთით ადრე გატანილი ლელოთი მოიგეს, მერე უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდეს, მაგრამ 71-ე წუთზე მეტოქეს ჯარიმით სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. “ლიონს” 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
ახლა Top 14-ის ქართული კლუბები ორი კვირით ევროთასებზე გადაინაცვლებენ, ჩემპიონატი კი, 23 დეკემბერს განახლდება.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 43 (12 თამაში), 2. კლერმონი - 40 (12 თ.), 3. კასტრი - 33 (12 თ.), 4. აჟენი - 32 (11 თ.), 5. ტულონი - 30 (11 თ.), 6. სტად ფრანსე - 30 (12 თ.), 7. რასინგ მეტრო - 30 (12 თ.), 8. მონპელიე - 27 (12 თ.), 9. ბრივი - 22 (12 თ.), 10. ბორდო - 21 (11 თ.), 11. ბაიონი - 20 (12 თ.), 12. პერპინიანი - 20 (12 თ.), 13. ლიონი - 17 (11 თ.), 14. ბიარიცი - 15 (12 თ.).

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084427