საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის XII ტურში, ქართველი ლეგიონერების ექვსი გუნდიდან სამმა გაიმარჯვა, სამმა კი, მარცხი განიცადა.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა”, საკუთარ მოედანზე “ოიონას” უმასპინძლა და 18:9 იმარჯვა. ნაცარაშვილი განაცხადში არ ყოფილა, შერკინების მეორეხაზელი დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, სასტარტოში იყო პირველხაზელი ასეიშვილიც და მწვრთნელმა ის 52-ე წუთზე შეცვალა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში ორი ჯარიმა გაუშვეს, თავად ორი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ზედ ერთი ჯარიმაც მიაყოლეს. მეორე ტაიმში ჯერ სტუმრებმა არეკნი გაიტანეს, რაზეც ათ წუთში მასპინძლებმა ჯარიმით უპასუხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. “ორიაკი” კვლავ მე-13 ადგილზეა, ოღონდ ახლა 21 ქულა აქვს და მდევრები უკან მოიტოვა.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ” თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგოს” უმასპინძლა და 26:14 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ქართველი ლეგიონერები არ გამოჩენილან, განაცხადში არ იყო მარგველაშვილიც. შუამარბი ზიბზიბაძე ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, დადუნაშვილი კი, მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა. 30-ე წუთისთვის ანგარიში 10:9 იყო, მაგრამ შესვენებამდე “პომ” მონაგარს კიდევ 6 ქულა შემატა და ტაიმი 16:9 მოიგო. მასპინძლებმა მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდეს, “პერიგომ” ბოლო წუთზე ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “პო” 34 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ხოლო “პერიგო” 13 ქულით კვლავ ბოლო, მე-16 ადგილზეა.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” საკუთარ მოედანზე “ნარბონი” მიიღო და 19:13 იმარჯვა. მირცხულავა განაცხადში არ იყო, მაგრაქველიძე კი, თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები მე-14 წუთისთვის უკვე 10:0-ს იგებდნენ, ხოლო ტაიმი 13:3 დასრულდა. 62-ე წუთზე “ტარბი” უკვე 19:6-ს იგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ლელო გაუშვა და მეტოქეს ერთი პრემიალური ქულა გაატანა. “ტარბს” 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 საფეხურზეა.
მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი”, რომელიც “ლა როშელთან” სტუმრად 16:18 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, Pro D2-ს 39 ქულით ლიდერობს. “ალბის” შემადგენლობაში არ უთამაშია კახა კობერიძეს, რომელიც საკუთარ მოედანზე “მონ დე მარსანთან” 14:15 დამარცხდა და ისიც მხოლოდ ქულას დასჯერდა. მის გუნდს 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია