საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ლიგა “ფედერალ 1”-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა თამაშობს, უკვე VII ტურის შეხვედრები გაიმართა.
“ფედერალ 1” ოთხ რეგიონალურ დივიზიონადაა დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში 10 გუნდი თამაშობს და მათგან 4-4 საუკეთესო, Pro D2-ში აღზევებისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს, 2 ფინალისტი კი, ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას იღებს.
პირველ ჯგუფში პირველ სამ საფეხურს ქართველ ლეგიონერთა გუნდები იკავებენ. დავით ბოლღაშვილის “ლილმა” გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონი” სტუმრად 20:15 დაამარცხა, 28 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერია. ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო, მჭდლიშვილი კი, 52-ე წუთზე შეცვალეს. “დიჟონი” 49-ე წუთისთვის 15:5 დაწინაურდა, მაგრამ დასკვნით ათ წუთში უპირატესობა საბოლოოდ გაფლანგა. 70-ე წუთზე ლელო-გარდასახვით (სტუმრებმა მანამდე ჯარიმა გაიტანეს) ანგარიში გათანაბრდა, ოთხ წუთში კი, “ლილმა” კიდევ ერთი ლელო მიითვალა. “დიჟონს” 19 ქულა აქვს, “მაკონთან” და “ნევერთან” V-VII ადგილებს ინაწილებს და პლეი ოფის საგზურზე ჯერ კიდევ ოცნებობს.
ამ ჯგუფის ცენტრალირ შეხვედრაში ქართული დერბი გაიმართა. ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონმა” შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას და არჩილ კობაურის “მასის” უმასპინძლა და 16:3 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეცვალეს შერკინების პირველხაზელი ყუფარაძე, ხოლო დადუნაშვილი განაცხადში არ იყო. სტუმართა შორის სრულად ითამაშა მესამეხაზელმა სუთიაშვილმა, პირველხაზელი აშვეთია შესვენებისას შეცვალეს, ხოლო კობაური განაცხადში ვერ მოხვდა. “მასი” მე-9 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, “მონლუსონმა” საპასუხო ჯარიმა ზედ შესვენებამდე გაიტანა და ტაიმი 3:3 დასრულდა, მეორე ნახევარში კი, გამარჯვება მოიპოვა. ახლა ორივე გუნდს 23-23 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
ზემოთნახსენებმა, შოთა მელიქიძის 19 ქულიანმა “მაკონმა” ავთანდილ კოპალიანის და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” სტუმრად 8:3 დაამარცხა, ოღონდ, სტუმართა ქართველ პირველხაზელს ამ გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიუღია. მესამეხაზელი საყვარელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ასევე ძირითად შემადგენლობაში მყოფი პირველხაზელი კოპალიანი კი, მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეცვალა. “ორლეანს” 8 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილი უკავია.
უქულო და უიმედო აუტსაიდერი, რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი” ამჯერად “ნევერთან” სტუმრად 0:48 განადგურდა. გიგაურმა შუამარბად სრულად ითამაშა, ხოჭოლავა მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, გიორგაძე კი, განაცხადში არ იყო.
II ჯგუფში პლეი ოფის საგზურისთვის გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სენი” იბრძვის, რომელმაც VII ტურში აუტსაიდერი “ფოსეანი” 71:10 გაანადგურა. ვეტერანი მესამეხაზელი ლაბაძე და მეორეხაზელი მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მათ სრულად ითამაშეს, ბელქანია კი, განაცხადში არ იყო. “ლა სენს”, რომელშიც ძალიან ცოტა ლეგიონერი თამაშობს, 22 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.
17 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზეა უკანახაზელი ირაკლი მაჩხანელის “სენტ-ეტიენი”, რომელიც ამ ტურში ლიდერ “ბურგ-ან-ბრესს” 20:20 დაუზავდა. ქართველი გარემარბი ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა, 66-ე წუთზე ამ სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა, რითაც “სენტ-ეტიენი” 18:14 დააწინაურა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმრებმა წონასწორობა ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით აღადგინეს.
გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა” დაძაბულ ბრძოლაში 24:19 დაამარცხა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი “მონტობანი”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე იმ დროს შეცვალეს, როცა მასპინძლები 18:6-ს იგებდნენ. “შატორენარს” 12 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა დავით კაჭარავას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცამ”, რომელმაც ირაკლი ნინიძის “რომანი” 25:22 დასცა. სტუმართა რიგებში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია. სრულად გაისარჯა მასპინძელთა შუამარბი კაჭარავა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს პირველხაზელი მაღალდაძე. “ნიცას” სულ 7 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
თემურ გელანტიას “ნიმი”, 16:23 დამარცხდა “კასტანესთან” სტუმრად. ქართველი მორაგბე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ამ დროს მისი გუნდი 6:15-ს აგებდა და მიუხედავად ჩამორჩენის ორ ქულამდე დაყვანისა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. “ნიმს” 10 ქულით მე-8 ადგილი უკავია.
III ჯგუფში საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით წონასწორობა 30-ე წუთზე კი აღადგინა, მაგრამ “სენ ჟუნიენი” “სენ მედართან” სტუმრად 3:6 დამარცხდა. კვირიკაშვილმა და მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ სრულად ითამაშეს, გიორგი ოზგებაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველთა გუნდს მხოლოდ 12 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
IV ჯგუფში დიმა ბასილაიას და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენი” “ლიმოჟთან” სტუმრად 15:21 დამარცხდა. მესამეხაზელი ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა, მეორეხაზელი ნემსაძე კი, ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. მიუხედავად მარცხისა, “ვალანს დაჟენს” 23 ქულა აქვს და “ლურდთან” და “ლიმოჟთან” პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია