ამბები

13:41 | 9.12.2011 | ნანახია 2039 - ჯერ

პირველ დღეს ორივე დამარცხდა

რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფ”-ის III ტურში, ხუთშაბათს მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა, ორივე მათგანში ქართველი ლეგიონერების კლუბებმა ითამაშეს და ორივე დამარცხდნენ.
მიუხედავად ამისა, რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის ერთი სასიამოვნო ფაქტი მაინც მოხდა. “ტულონის” განაცხადში ისევ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერები - კონტანტინე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა. ამასთან, “ნიუკასლთან” სტუმრად განცდილი მარცხის მიუხედავად, ფრანგები მეოთხედფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ და ბევრი რამ ერთი კვირის შემდეგ, ამ გუნდების საპასუხო მატჩისას გაირკვევა.
“ამლინ ჩელენჯ ქაფ”-ზე, წამყვანი ფრანგული სარაგბო კლუბები თავის გამოჩენის შანსს სათადარიგო მორაგბეებსაც აძლევენ, რათა ლიდერებს უფრო მნიშვნელოვანი Top 14-ისთვის დასვენების საშუალება მიეცეთ და გამონაკლისი არც “ტულონია”, თუმცა, კლუბში იმასაც აღნიშნავენ, რომ თასის იოლად დათმობას არ აპირებენ. ამ ფონზე სასიამოვნოა, რომ მიქაუტაძე და ჩილაჩავა, პირველ გუნდში იტალიურ “პეტრარკასთან” მატჩის შემდეგ, ამჯერად ჯონ უილკინსონის ყოფილ გუნდთან, “ნიუკასლთანაც” გამოჩნდნენ.
“კინგსტონ პარკზე” თამაშის საყურებლად 5579 მაყურებელი შეიკრიბა. შერკინების მეორეხაზელი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ჩილაჩავა განაცხადში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა თავკაცმა ბერნარდ ლაპორტემ მას თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცა. არადა, შერკინებაში ინგლისელებმა ერთგვარი უპირატესობა მოიპოვეს და ეგებ ქართველ პირველხაზელს სიტუაცია შეეცვალა, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად განსაჯა. განაცხადში არ იყო “ტულონის” ძირითადი შემადგენლობის თითქმის მუდმივი წევრი დავით ქუბრიაშვილი.
შეხვედრას თავისი კვალი ამინდმა დაატყო. თამაშის დღეს ნიუკასლში ძლიერი ქარი ქროდა და პერიოდულად წვიმაც ასხამდა. შესვენებამდე გუნდები სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. ანგარიშის გახსნის შანსი ნახევარი საათის თავზე სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ მათი რამდენიმე ფაზიანი შეტევა, ინგლისელებმა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეაჩერეს და მეტოქეს ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს. 35-ე წუთზე დაწინაურება უკვე “ნიუკასლს” შეეძლო, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დასაწყისში “ნიუკასლმა” ორი დარტყმა გამოიყენა და 6:0 დაწინაურდა. ერთ წუთში თავისი ჯარიმა “ტულონმაც” გაიტანა და ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ქულის აღება ვეღარ შეძლო. უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა, მათი სალელოვე იერიში ამჯერად ფრანგებმა მოიგერიეს და მცირე სხვაობით მარცხის გამო, ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს.
ამრიგად, II ჯგუფის სათავეში “ნიუკასლი” მოექცა, მაგრამ მას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება “ტულონი”. 17 დეკემბერს, ეს გუნდები უკეთეს პირობებში, საფრანგეთში ითამაშებენ და ფრანგებს ლიდერობის დაბრუნების საშუალება გაუჩნდებათ, მერე კი, დარჩენილი თამაშების გათვალისწინებით, ლიდერობის შენარჩუნების და ჯგუფიდან გასვლის კარგი შესაძლებლობა ექნებათ. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან.
V ჯგუფში, წარმატების მიღწევის პრაქტიკული შანსი დაკარგა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”. ფრანგებმა 3217 მაყურებლის წინაშე, ინგლისის “სეილ შარქსს” უმასპინძლეს, საწყის 25 წუთში შოკი მიიღეს და მეტოქეს თან ერთი პრემიალური ქულაც გაატანეს, რაც ამ ჯგუფის მეორე “ქართული გუნდისთვის”, “ბრივისთვის” სასიამოვნო არ უნდა იყოს. “სეილმა” 23 წუთში სამი ლელო გაიტანა, ორი რეალიზაცია გამოიყენა, შეხვედრის დებიუტში ერთი ჯარიმაც მიითვალა 22:0 დაწინაურდა. 30-ე წუთზე, მასპინძლებმა ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითეს და სიტუაციის შეცვლის იმედიც გაუჩნდათ, მაგრამ შესვენებამდე მეოთხე ლელო მიიღეს, რეალიზაციაც ზუსტი იყო და ტაიმი ინგლისელებმა 29:7 მოიგეს.
მათ პრემიალური ქულა უკვე გარანტირებული ჰქონდათ, ხელსაყრელი ანგარიშითაც იგებდნენ და მოეშვნენ, რის გამოც 53-ე წუთზე ლელო-გარდასახვით დაისაჯნენ, მაგრამ ფრანგებს მეტის გასაკეთებლად ძალა აღარ ეყოთ და “აჟენი” 14:29 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ამრიგად, “აჟენს” ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიღა შერჩა, რომლის პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია. ისღა შეუძლია, 18 დეკემბერს ინგლისელებს სტუმრად პრემიალური ქულა მაინც არ ააღებინოს და ამით “ბრივს” წაეშველოს.

“ჩელენჯ ქაფი”. III ტური
I ჯგუფი
10 დეკემბერი

პარმა - სტად ფრანსე
11 დეკემბერი
ბუქარესტი - უორსტერი
 

1  სტად ფრანსე (საფრანგეთი) 2 2 0 0 72-17 9
2 უორსტერ უორიორზი (ინგლისი) 2 1 0 1 48-26 5
3 ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) 2 1 0 1 37-56 5
4 კროჩიატი პარმა (იტალია) 2 0 0 2 10-68 0



II ჯგუფი
8 დეკემბერი

ნიუკასლი - ტულონი 6:3 (0:0)
10 დეკემბერი
ლიონი - პეტრარკა
 

1 ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) 3 3 0 0 67-25 13
2 ტულონი (საფრანგეთი) 3 2 0 1 82-47 10
3 ლიონი (საფრანგეთი) 2 0 0 2 38-53 1
4 პეტრარკა პადოვა (იტალია) 2 0 0 2 25-87 0


III ჯგუფი
10 დეკემბერი

როვიგო - ბორდო
ბაიონი - უოსპსი
 

1 ლონდონ უოსპსი (ინგლისი) 2 2 0 0 85-21 10
2 ბაიონი (საფრანგეთი) 2 2 0 0 63-13 9
3  ბორდო (საფრანგეთი) 2 0 0 2 17-67 0
4 როვიგო (იტალია) 2 0 0 2 17-81 0



IV ჯგუფი
9 დეკემბერი

პერპინიანი - კავალიერი
11 დეკემბერი
ექსეტერი - დრაგონსი
 

1 ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) 2 2 0 0 56-16 9
2  ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი)  2 1 0 1 80-15 6
3 პერპინიანი (საფრანგეთი) 2 1 0 1 28-35 4
4  კავალიერი პრატო (იტალია) 2 0 0 2 3-101 0



V ჯგუფი
8 დეკემბერი

აჟენი - სეილი 14:29 (7:29)
10 დეკემბერი
ლა ვილა - ბრივი
 

1 სეილ შარქსი (ინგლისი) 3 2 0 1 106-46 10
2 ბრივი (საფრანგეთი) 2 2 0 0 55-26 8
3  აჟენი (საფრანგეთი) 3 1 0 2 72-68 5
4 ლა ვილა (ესპანეთი) 2 0 0 2 16-109 0

 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104234