ამბები

10:58 | 12.12.2011 | ნანახია 1806 - ჯერ

“მონპელიე” “ლუდსახარშს” შორდება, “კლერმონი” კი გალიდერდა

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის III ტურის დასკვნით დღეს, ქართველთა 2 გუნდიდან ერთმა გაიმარჯვა, მეორე კი, დამარცხდა, თუმცა, უქულოდ არც ამჯერად დარჩა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ამ ტურნირზე გამარჯვებას გემო ვერც ამჯერად გაუსინჯა. ფრანგები “გლაზგოელ მეომრებს” ეწვივნენ, მაგრად იბრძოლეს, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც დამარცხდნენ. “მონპელიეს” შოტლანდიაში რამდენიმე ლიდერი აკლდა, მათ შორის გორგოძეც, რომელსაც ბოლო დროს გადაღლა დაეტყო და მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. მთლიანობაში, სტუმრები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ და აშკარად ეტყობოდათ შეუთამაშებლობა.
პირველ ხაზში, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შველიძე და ჟღენტი. შველიძე 65-ე წუთზე ნარიაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო ჟღენტი 76-ე წუთზე შეცვალეს. “მონპელიე” ძალისმიერად უტევდა, აქტიური იყო ჟღენტი, რომელმაც მეტოქის პირველხაზელს შერკინებაში დაჯარიმება არაერთხელ აიძულა. მოედანზე გასული სამივე ქართველი, აქტიური იყო რაქების გაწმენდისას და მოკლე დარტყმებით მცირეოდენ მანძილსაც იგებდნენ, მაგრამ რაქიდან თუ მოლიდან გატანილი ბურთი, უკანახაზელებს ხელიდან ხშირად უვარდებოდათ. არაფრად ვარგოდა სტუმართა დერეფანი. “მონპელიემ” გადამწყვეტ მომენტებში რამდენიმე თავისი მოწოდება წააგო და ასე, ბუნებრივია, გამარჯვებას ვეღარ მოიპოვებდა.
შეხვედრის დებიუტში, სტუმრები, სინბინის გამო, მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ. მასპინძლებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და მე-20 წუთისთვის 2 ჯარიმა გამოიყენს, თუმცა, ერთი თავადაც გაუშვეს. 28-ე წუთზე, “მონპელიემ” ლელო გაიტანა და დაწინაურდა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, უპირატესობა ოთხ ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ტაიმი მაინც “გლაზგომ” მოიგო. გლაზგოელებმა ჯარიმით ჯერ სხვაობა შეამცირეს, ხოლო 35-ე წუთზე, მორიგი ჯარიმა ცენტრიდან გაიტანეს და 12:10 დაწინაურდნენ. ამ მომენტში, ფრანგებს კიდევ ერთხელ გაუსინბინეს მორაგბე, მაგრამ ამით შოტლანდიელებმა ვერ ისარგებლეს.
მე-2 ტაიმში “მონპელიე” ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ზემოთ ნახსენები შეცდომებისა და უზუსტობების გამო, ქულების აღებას ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ, სწრაფი და ტექნიკური შოტლანდიელები, თითქმის ყველა შემთხვევაში ახერხებდნენ ხაზის გაჭრას და ხიფათის შექმნას. ჰოდა, არ აპატიეს ამდენი შეცდომა მასპინძლებმა სტუმრებს და ჯერ ჯარიმა, 73-ე წუთზე კი, ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 20:10 დაწინაურდნენ.
დასკვნითი 4 წუთი ყველაზე სახალისო საყურებელი გამოდგა. “მონპელიე” ათ ქულას აგებდა და პრემიალური ქულის ასაღებად საკუთარი 22-დან ცდილობდა ხელდახელ შეტევას. “გლაზგომ” ორჯერ მოახერხა ბურთზე კონტროლის გამყარება, მაგრამ ფრანგებმა ის ორჯერვე დაიბრუნეს. ბოლოს, მარცხენა ფლანგზე ფიჯელი მატადიგო გაიქცა და დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ “მონპელიემ” 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის, ერთი პრემიალური ქულა მაინც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ჰაინეკენის თასზე” ჩატარებული 3 შეხვედრიდან, ქართველთა ფრანგულმა კლუბმა ერთი ფრედ დაასრულა, დანარჩენ ორში კი, მცირე სხვაობით დამარცხდა და თითო-თითო პრემიალური ქულა მიითვალა.
ახლა “მონპელიე”, 4 ქულით, III ჯგუფის ბოლო ადგილზეა, მაგრამ ლიდერს სულ რაღაც 7 ქულით ჩამორჩება და თეორიულად, დარჩენილ სამ შეხვედრაში მისი აღმოფხვრა თავისუფლად შეუძლია. ეს თეორიულად, თორემ პრაქტიკულად ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. აი, ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება კი, რეალურად შეუძლია. შეგახსენებთ, რომ “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში, ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის.
IV ჯგუფში, ინგლისის “ლესტერი” დაამარცხა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” და სატურნირო ცხრილის თავში მოექცა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურადაც ირჯებოდა. ის კარგად წმენდდა რაქებს, მაგრამ 36-ე წუთზე, ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ხელი დაიზიანა. როგორც ჩანს, ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ქართველი ბრძოლას ეგრევე შეეშვა და ექიმებს უხმო, მერე კი, მწვრთნელმაც შეცვალა...
საერთოდ, ინგლისელებმა ძალიან უხეშად ითამაშეს. ამის გამო, ისინი 49-ე წუთზე ორმაგი სინბინით დაისაჯნენ, რეფერიმ 2 მორაგბე ერთად გაასინბინა და 13-კაცა მეტოქეს ფრანგებმა ლელო იოლად გაუტანეს. სწორედ აქ გადაწყდა მატჩის ბედი.
ისე, მასპინძლები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ. “კლერმონი” ჯარიმით მალევე კი დაწინაურდა და მერე სალელოვედაც შეუტია, მაგრამ მე-16 წუთზე, ბრუკ ჯეიმსი ზედიზედ ორჯერ შეცდა და ინგლისელებმა ლელო გაიტანეს. ამას, ფრანგებმა ჯერ 2 ჯარიმით უპასუხეს, ტაიმის ბოლოს კი, ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ტაიმი 16:5 მოიგეს.
შემდეგ იყო ზემოთნახსენები ორმაგი სინბინი და ფრანგების ლელო, რასაც 66-ე წუთზე მე-3 ლელო მოჰყვა და ანგარიში 30:5 გახდა. ეს 66-ე წუთზე მოხდა და ცხადი გახდა, რომ “კლერმონი” გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ თამაში პრემიალური ქულის მომტან მე-4 ლელოზე გაგრძელდა და... ფრანგებმა ეს ვერ შეძლეს, სამაგიეროდ, საჯარიმო ლელო “ლესტერმა” მიითვალა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ერთ კვირაში, ფრანგები ინგლისს ეწვევიან და თუ იქაც იმარჯვეს, მაშინ ჯგუფიდან გასასვლელად კარგი შანსი ექნებათ, თუ არა და, დარჩენილ ორ შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.
შეგახსენეთ, რომ III ტურში, “ნორთჰემპტონთან” 41:22 იმარჯვა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, 6 ქულით მე-3 ადგილამდე აღზევდა და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
 

“ჰაინეკენის თასი”. III ტური
I ჯგუფი
10 დეკემბერი
კასტრი - ნორთჰემპტონი 41:22 (23:12)
სკარლეტსი - მანსტერი 14:17 (8:11)

1.    მანსტერი (ირლანდია)            3    3    0    0    67-59    12
2.    სკარლეტსი (უელსი)               3    2    0    1    73-63    10
3.    კასტრი (საფრანგეთი)             3    1    0    2    88-80    6
4.    ნორთჰემპტონი (ინგლისი)    3    0    0    3    66-92    3

IV ტური
18 დეკემბერი
მანსტერი - სკარლეტსი
ნორთჰემპტონი - კასტრი

II ჯგუფი
9 დეკემბერი
კარდიფი - ედინბურგი 25:8 (6:3)
10 დეკემბერი
რასინგ მეტრო - ლონდონ აირიში 14:34 (14:10)

1.    კარდიფ ბლუზი (უელსი)          3    3    0    0    75-46    12
2.    ედინბურგი (შოტლანდია)         3    2    0    1    76-91    9
3.    ლონდონ აირიში (ინგლისი)      3    1    0    2    71-58    7
4.    რასინგ მეტრო (საფრანგეთი)     3    0    0    3    81-108   3

IV ტური
16 დეკემბერი
ედინბურგი - კარდიფი
17 დეკემბერი
ლონდონ აირიში - რასინგ მეტრო

III ჯგუფი
11 დეკემბერი
ბათი - ლენსტერი 13:18 (6:3)
გლაზგო - მონპელიე 20:15 (12:10)

1.    ლენსტერი (ირლანდია)                              3    2    1    0    72-42    11
2.    გლაზგოელი მეომრები (შოტლანდია)       3    2    0    1    59-74    8
3.    ბათი (ინგლისი)                                         3    1    0    2    50-57    6
4.    მონპელიე (საფრანგეთი)                            3    0    1    2    44-52    5

IV ტური
17 დეკემბერი
მონპელიე - გლაზგო
ლენსტერი - ბათი

IV ჯგუფი
9 დეკემბერი
ოლსტერი - აირონი 31:10 (12:3)
11 დეკემბერი
კლერმონი - ლესტერი 30:12 (16:5)

1.    კლერმონი (საფრანგეთი)                 3    2    0    1    95-31    10
2.    ოლსტერი (ირლანდია)                    3    2    0    1    56-41    9
3.    ლესტერის ვეფხვები (ინგლისი)      3    2    0    1    60-51    8
4.    აირონი (იტალია)                             3    0    0    3    25-113    0

IV ტური
17 დეკემბერი
ლესტერი - კლერმონი
აირონი - ოლსტერი

V ჯგუფი
10 დეკემბერი
ტრევიზო - ბიარიცი 30:26 (24:12)
სარაცინი - ოსპრეი 31:26 (23:13)

1.    სარაცინი (ინგლისი)                   3    2    0    1    83-58    10
2.    ოსპრეი (უელსი)                         3    1    1    1    80-78    7
3.    ბიარიცი (საფრანგეთი)               3    1    0    2    62-68    7
4.    ბენეტონ ტრევიზო (იტალია)     3    1    1    1    73-94    6

IV ტური
16 დეკემბერი
ოსპრეი - სარაცინი
ბიარიცი - ტრევიზო

VI ჯგუფი
9 დეკემბერი
ჰარლექუინსი - ტულუზა 10:21 (3:11)
10 დეკემბერი
კონაჩტი - გლოსტერი 10:14 (7:11)

1.    ტულუზა (საფრანგეთი)      3    3    0    0    78-37   12
2.    ჰარლექუინსი (ინგლისი)    3    2    0    1    63-47    8
3.    გლოსტერი (ინგლისი)         3    1    0    2    40-59    5
4.    კონაჩტი (ირლანდია)          3    0    0    3    37-75    1

IV ტური
17 დეკემბერი
გლოსტერი - კონაჩტი
18 დეკემბერი
ტულუზა - ჰარლექუინსი
 

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095908