საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” შერკინების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა მარჯვენა ხელი მოიტეხა და ექიმების დიაგნოზით, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში იძულებითი დასვენება მოუწევს.
2010 წლის საფრანგეთის ჩემპიონი, ამავე წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის III ტურში ინგლისურ “ლესტერელთან” თამაშში დაშავდა. შესვენებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, როდესაც 28 წლის ქართველმა რაქის გაწმენდის მცდელობისას მარჯვენა ხელში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ის ბრძოლას მყისვე გამოეთიშა და ექიმებს დახმარება სთხოვა.
ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მარჯვენა ბურჯს გამოკვლევა გუშინ საღამოს ჩაუტარდა. დათოს ხელი აქვს მოტეხილი, თანაც ისე, რომ ძვლები ერთმანეთსაა აცილებული და აუცილებლად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მიმდინარე კვირაში მას კლინიკა Châtaigneraie de Beaumont-ში დოქტორ ჟან-პოლ ჰალო ოპერაციას გაუკეთებს. ოპერაციის შემდეგ, ის საქართველოში ჩამოვა და სარეაბილიტაციო პროცესს სამშობლოში გაივლის. ცნობილია, რომ ქართველ პირველხაზელს დასვენება მინიმუმ ორი თვით მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია