ამბები

14:17 | 14.12.2011 | ნანახია 1886 - ჯერ

Pro D2-ში მხოლოდ ორმა ითამაშა

საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონატის მეორე დივიზიონ Pro D2-ის XIII ტურში, ექვსი გუნდის 12 ქართველიდან, მოედანზე მხოლოდ ორი გავიდა და ორივე მათგანის გუნდი დამარცხდა.
თედო ზიბზიბაძეს, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის აუტსაიდერი კლუბი “პერიგო” “მონ დე მარსანს” სტუმრად დაუპირისპირდა და 0:26 დამარცხდა. პერიგოელები თავს მხოლოდ იმით თუ დაიმშვედებენ, რომ მეტოქეს პრემიალური ქულა არ ააღებინეს, მაგრამ თავად ამით ვერაფერი შეიმატეს. ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში იყო შერკინების პირველხაზელი დადუნაშვილი, ვინც 53-ე წუთზე შეცვალეს და 65-ეზე მოედანზე ისევ დააბრუნეს, ზიბზიბაძე წინა შეხვედრაში დაშავდა, ხოლო მარგველაშვილი მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა. მასპინძლებმა ტაიმი 19:0 მოიგეს და შეხვედრის მიწურულს ლელო-გარდასახვა გაიტანეს. “პერიგოს” 13 ქულა დარჩა და კვლავ ბოლო ადგილზეა.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” “ოშს” ეწვია და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა, არადა, გამარჯვებასთან სულ ახლოს იყო. მაგრაქველიძე თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მირცხულავა განაცხადში არ იყო. შეხვედრის მე-8 წუთზე, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდის პირველხაზელს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც გუნდებმა 14-14 კაცით ითამაშეს. “ტარბმა” ტაიმი 16:6 მოიგო და საათის თავზე 22:12-ს იგებდა, მაგრამ ჯერ ორი ჯარიმა გაუშვა, ხოლო უკანასკნელი შეტევის შედეგად ლელოც გაუშვა, რეალიზაციც ზუსტი იყო და 22:25 დამარცხდა. “ტარბს” 30 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “დაქსს” სტუმრად ეთამაშებოდა და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა, რაც ალბათ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ქართული სამეულიდან განაცხადში ვერავინ მოხვდა, მათი გუნდი კი, 22 ქულით მეცამეტეა.
დავით ლოსაბერიძის და ზერო პეტრიაშვილის “პომ”, უქართველებოდ 17:12 დაამარცხა “ლა როშელი” 38 ქულით მე-3 ადგილზეა და Top 14-ის საგზურისთვის იბრძვის. 43 ქულით პირველ ადგილზეა გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი”, რომელმაც ქართველი ლეგიონერის გარეშე “ბეზიე” სტუმრად 16:11 დაამარცხა. კახა კობერიძის “ალბი” “კარკასონთან” სტუმრად 19:24 დამარცხდა, მაგრამ ამაში ჩვენებურს ბრალი არ მიუძღვის, რადგან განაცხადშიც არ იყო. “ალბი” 32 ქულით მეათეა.
Pro D2-ის XIV ტურის თამაშები 17-18 დეკემბერს გაიმართება.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077846