საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ლიგა “ფედერალ 1”-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა თამაშობს, უკვე VII ტურის შეხვედრები გაიმართა. სასიხარულოა, რომ “ბორჯღალოსნების” უკანახაზელმა, ირაკლი მაჩხანელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო მიითვალა, მეორე ქართული ლელო დავით კაჭარავას ანგარიშზეა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა თავის გუნდს 14 ქულა შესძინა.
“ფედერალ 1” ოთხ რეგიონალურ დივიზიონადაა დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში 10 გუნდი თამაშობს და მათგან 4-4 საუკეთესო, Pro D2-ში აღზევებისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს, ორი ფინალისტი კი, ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას იღებს.
პირველი ჯგუფის ლოდერმა, დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, სტუმრად ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მან აუტსაიდერი - რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავას და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი” 25:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა შორის ბოლღაშვილს არ უთამაშია. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი ხოჭოლავა და შუამარბი გიგაური, რომლებიც მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო პირველხაზელი გიორგაძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. “ლილი” 33 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო “ბულონი” 8 თამაშის შემდეგ კვლავ უქულოდაა.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას და არჩილ კობაურის “მასიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონს” 25:6 სძლია. პირველხაზელები - აშვეთია და მჭედლიშვილი მწვრთნელებმა შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მობურთალმა სუთიაშვილმა შერკინების მესამე ხაზში 52 წუთი ითამაშა. კობაური განაცხადში არ იყო. “მასი” 28 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “დიჟონს” 19 ქულით მე-7 ადგილი უკავია.
მესამეადგილოსანმა, ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონმა” “სტრასბურთან” სტუმრად 16:19 წააგო და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ყუფარაძემ შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო დადუნაშვილი განაცხადში არ იყო. 65-ე წუთზე სტუმრები 9:19-ს აგებდნენ, მაგრამ ორ წუთში ლელო-გარდასახვა გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. “მონლუსონი” 24 ქულით მესამეა.
შოთა მელიქიძის “მაკონმა” “ბობინის” 19:10 მოუგო, თუმცა, ამ გამარჯვებაში ქართველს წვლილი არ მიუძღვის. მისი გუნდი 23 ქულით მეხუთეა. ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” “ნვერთან” სტუმრად 3:29 დამარცხდა და 8 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს. ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა საყვარელიძემ, ხოლო კოპალიანი ბრძოლაში 31-ე წუთზე ჩაერთო.
ორივე ქართული ლელო “ფედერალ 1”-ის II ჯგუფში გავიდა. ირაკლი მაჩხანელმა ამჯერად თავი “მონტობანთან” გამოიჩინა. ქართველი უკანახაზელი “სენტ-ეტიენის” ძირითად შემადგენლობაში იყო, ლელო 48-ე წუთზე დადო და ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანა (14:26), მისი გუნდი კი, 23:29 დამარცხდა და ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “სენტ-ეტიენს” 18 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა დავით კაჭარავას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცამ” და ამ გამარჯვებაში ქართველმა შუამარბმა ლომის წილი შეიტანა. თემურ გელანტიას “ნიმთან” შეხვედრაში, კაჭარავამ მიმდინარე სეზონის პირველი ლელო 27-ე წუთზე გაიტანა და 0:9-ის შემდეგ, გუნდს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა. კაჭარავამ სრულად ითამაშა, მისი თანაგუნდელი მაღალდაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მატჩის დებიუტში, მე-9 წუთზე სინბინი დაიმსახურა. მასპინძელთა რიგებში, სასტარტოში იყო გელანტია, ვინც 63-ე წუთზე შეცვალეს, “ნიცამ” კი, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 20:18 იმარჯვა. “ნიცა” კვლავ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, მაგრამ ახლა უკვე იმდენივე, 11 ქულა აქვს, რამდენიც მის მიერ ძლეულ “ნიმს”.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სენმა” 24:20 აჯობა ჯგუფის ლიდერ “ბურგ-ან-ბრესს”. ბელქანია განაცხადში არ იყო, მეორეხაზელმა მაისურაძემ და მესამეხაზელმა ლაბაძემ კი, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს - პირველი 62-ე, ხოლო მეორე 74-ე წუთზე შეცვალეს. “ლა სენს” 26 ქულით მე-3 ადგილი უკავია. ამავე ჯგუფში, გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა” ირაკლი ნინიძის “რომანს” სტუმრად 19:14 მოუგო. ნინიძე განაცხადში არ იყო, ხოლო კუთარაშვილი ბრძოლაში 50-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 13:14-ს აგებდა. “შატორენარი” 16 ქულით მე-6 ადგილზეა და მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება “რომანი”.
III ჯგუფში, მერაბ კვირიკაშვილის გარჯამ ვერ უშველა “სენ-ჟუნიენს”. საქართველოს ნაკრების დამრტყმელმა ოთხი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ მისი გუნდი “აჟმოსთან” სტუმრად 19:20 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “მეკომ” ორი ჯარიმა პირველ ტაიმში, 0:11-ზე მიითვალა (ტაიმი 6:11 დასრულდა), მერე ჯარიმითვე სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, ხოლო 66-ე წუთზე გარდასახვით “სენ-ჟუნიენი” 16:14 დააწინაურა. 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ, ქართველთა გუნდი 19:17 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წამებზე დაჯარიმდა და ამის შედეგად დამარცხდა. კვირიკაშვილმა 15 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა, სრულად გაისარჯა 8 ნომრის პოზიციაზე გიორგი ჩხაიძე, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მობურთალი კიდევ ერთი ქართველი, მესამეხაზელი გიორგი ოზგებაშვილი მწვრთნელმა 73-ე წუთზე შეცვალა. “სენ-ჟუნიენს” მხოლოდ 13 ქულა აქვს და III ჯგუფის ბოლო ადგილზეა.
IV ჯგუფში, დიმა ბასილაიას და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენი” საკუთარ მოედანზე “ბლანიაკთან” 18:25 დამარცხდა და მე-4 საფეხურამდე დაეშვა. მანამდე წაუგებელი გუნდისთვის, ეს ზედიზედ მეორე მარცხია. ნემსაძე განაცხადში არ იყო, ხოლო ბასილაია 72-ე წუთამდე თამაშობდა. “ვალანს დ’აჟენი” ლიდერ “ლიმოჟს” სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია