ამბები

13:57 | 15.12.2011 | ნანახია 4166 - ჯერ

მიქაუტაძემ Top 14-ში დებიუტი ლელოთი აღნიშნა

20 წლის ქართველმა მეორეხაზელმა, კონსტანტინე მიქაუტაძემ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა და ეს მოვლენა გატანილი ლელოთი აღნიშნა.
ევროტურნირების შეხვედრებს შორის, დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, გადადებული შეხვედრა ბექა შეყლაშვილის “აჟენს” უმასპინძლა. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან, რეგულარულ პირველობაში ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან და ყველა დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაძლიერებულმა მასპინძლებმა იოლი გამარჯვება იზეიმეს და თან პრემიალური ქულაც მიითვალეს.
შერკინების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ, ათი წუთი სინბინში გაატარა. რეფერიმ ის 69-ე წუთზე, რაქში გვერდიდან შესვლისთვის გააძევა. მიქაუტაძე ბრძოლაში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ლელო კი, 74-ე წუთზე გაიტანა. “ტულონმა” კარგი იერიში წამოიწყო, მაგრამ “აჟენმა” გარღვევა ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეაჩერა, სტუმრები პირველ მოკლე დარტყმასაც გაუმკლავდნენ, მეორედ მიქაუტაძემ დაარტყა და ხაზი გადაკვეთა. ეს იყო “ტულონის” მეოთხე ლელო ამ შეხვედრაში და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 34:12.
“მოედანზე გასვლამდე სტრესის ქვეშ ვიყავი, მაგრამ პირველი ორი-სამი წუთის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. Top 14-ში თამაში ძალიან რთული ყოფილა, თუმცა, ევროთასებზე ჩატარებულმა შეხვედრებმა გარკვეული გამოცდილება შემძინა” - თქვა ნამატჩევს მიქაუტაძემ.
ამ მოგების შემდეგ, “ტულონს” 35 ქულა დაუგროვდა და მესამე საფეხურზე გამაგრდა, ხოლო “აჟენი” 32 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “ტულონი” “ჩელენჯ ქაფზე”, 17 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს, ხოლო “აჟენი”, ასევე “ჩელენჯ ქაფზე”, 18 დეკემბერს “სეილს” სტუმრად ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი

http://www.youtube.com/watch?v=Rz_xxh5PcL4


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089443