6 ერი

16:23 | 3.03.2016 | ნანახია 1090 - ჯერ

ირლანდიას პეინი უბრუნდება

ირლანდიის ნაკრების შუამარბმა ჯარედ პეინმა მუხლქვეშა მყესების ტრავმა მოიშუშა. 30 წლის მორაგბემ ინგლისთან მატჩი გამოტოვა, თუმცა, იტალიასთან თამაში შეეძლება.

„ჯარედმა ვარჯიში დაიწყო და იტალიასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. მომავალი კვირიდან ის უკვე ძირითად ბირთვთან ერთად ივარჯიშებს.“ - თქვა ირლანდიელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა რიჩი მერფიმ.

მის გარდა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს ნაკრების კიდევ ორი მოთამაშეა. ინდივიდუალური ვარჯიში გარემარბმა ტომი ბოუმაც განაახლა. 32 წლის სპორტსმენმა ჯვარედინი მყესები 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაიწყვიტა და ხუთი თვეა არ უთამაშია.

მუხლის ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს ასრულებს იან ჰენდერსონი. 24 წლის მორკინალის რეაბილიტაცია გრაფიკს უსწრებს. ვარაუდობენ, რომ ის თამაშს აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში შეძლებს.

2016 წლის ექვსი ერის სამი ტურის შემდეგ, ირლანდია და იტალია მეხუთე-მეექვსე ადგილებზე არიან - „სამყურებმა“ ერთი თამაში ფრედ დაასრულეს და ორჯერ დამარცხდნენ, ხოლო „აძურამ“ სამივე შეხვედრა დათმო. დუბლინში აუტსაიდერების ჯახი 12 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082604