რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ქართველი ლეგიონერების ორი ფრანგული კლუბი თავთავიანთ ჯგუფს ლიდერობს. მეტი უბრალოდ შეუძლებელიც იყო, რადგან ამ ტურნირში ჩვენებურთა ოთხი გუნდი თამაშობს და ისინი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
II ჯგუფში ფრანგულმა “ტულონმა” ინგლისურ “ნიუკასლს” უმასპინძლა და ერთი კვირის წინ სტუმრად 3:6 განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. 13264 გულშემატკივრის გასახარად, ტულონელებმა ინგლისელები 36:10 დაამარცხეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა საწყისი 15 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მერე კი, მასპინძლებმა აიწყვიტეს, შესვენებამდე სამი ლელო გაიტანეს და ტაიმი 22:3 მოიგეს.
მეორე ნახევრის დაწყებიდან ოთხ წუთში, “ტულონმა” პრემიის მომტანი მეოთხე ლელოც მიითვალა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. 59-ე წუთზე ფრანგებმა მეხუთე, საკონტროლო ლელოც დადეს და 36:3 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მოეშვნენ, ბოლოსკენ ერთი ლელო თავადაც მიიღეს, თუმცა, მაინც დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ დავით ქუბრიაშვილი იყო და მან ბოლო 20 წუთი ითამაშა, ხოლო ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩნენ. ახლა “ტულონს” 15 ქულა აქვს, ახალ წელს ლიდერის რანგში ხვდება და უახლოეს მდევარ “ნიუკასლს” ორი ქულით უსწრებს. კალენდრის გათვალისწინებით, ტულონელებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.
ამავე ჯგუფში, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა” 1000 გულშემატკივრის წინაშე იტალიური “პეტრარკა” სტუმრად შეარცხვინა. ლიონელებმა ერთი კვირის წინანდელი მაგალითი გაითვალისწინეს, როდესაც მეტოქე იოლად კი დაამარცხეს, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღეს და საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს. ფრანგებმა 7 უპასუხო ლელო გაიტანეს და გადამწყვეტი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს. კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო რატიანიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
V ჯგუფს დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივი” ლიდერობს, რომელმაც ესპანური “ლა ვილა” ამჯერად 38:13 დაამარცხა და პრემიალური ქულაც აიღო. წინა მატჩის მსგავსად, მწვრთნელმა ქართველ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა, “ბრივი” კი, ჯგუფს 18 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “სეილს” სამი ქულით უსწრებს. ინგლისურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ბექა შეყლაშვილის “აჟენი” 41:21 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მის გუნდს 5 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგა.
ახლა ევროთასებზე დაახლოებით ერთთვიანი შესვენებაა და ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი ტური მომავალი წლის იანვარში გაიმართება.
“ჩელენჯ ქაფი”. IV ტური
I ჯგუფი
15 დეკემბერი
სტად ფრანსე - პარმა 45:3 (12:3)
17 დეკემბერი
უორსტერი - ბუქარესტი 57:13 (24:6)
1. სტად ფრანსე (საფრანგეთი) 4 4 0 0 174-20 19
2. უორსტერ უორიორზი (ინგლისი) 4 3 0 1 129-52 15
3. ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) 4 1 0 3 63-137 5
4. კროჩიატი პარმა (იტალია) 4 0 0 4 13-170 0
V ტური
ბუქარესტი - სტად ფრანსე
უორსტერი - პარმა
II ჯგუფი
17 დეკემბერი
პეტრარკა - ლიონი 3:43 (3:33)
ტულონი - ნიუკასლი 36:10 (22:3)
1. ტულონი (საფრანგეთი) 4 3 0 1 118-57 15
2. ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) 4 3 0 1 77-61 13
3. ლიონი (საფრანგეთი) 4 2 0 2 112-72 10
4. პეტრარკა პადოვა (იტალია) 4 0 0 4 44-161 0
V ტური
ნიუკასლი - პეტრარკა
ტულონი - ლიონი
III ჯგუფი
15 დეკემბერი
ბორდო - როვიგო 15:10 (5:10)
უოსპსი - ბაიონი 25:11 (13:11)
1. ლონდონ უოსპსი (ინგლისი) 4 3 0 1 121-51 14
2. ბაიონი (საფრანგეთი) 4 3 0 1 93-49 13
3. ბორდო (საფრანგეთი) 4 2 0 2 63-84 9
4. როვიგო (იტალია) 4 0 0 4 34-127 1
V ტური
ბორდო - ბაიონი
როვიგო - უოსპსი
IV ჯგუფი
17 დეკემბერი
კავალიერი - პერპინიანი 13:30 (6:13)
18 დეკემბერი
დრაგონსი - ექსეტერი 19:23 (16:6)
1. პერპინიანი (საფრანგეთი) 4 3 0 1 112-68 14
2. ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) 4 3 0 1 121-40 14
3. ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) 4 2 0 2 81-57 10
4. კავალიერი პრატო (იტალია) 4 0 0 4 36-185 0
V ტური
კავალიერი - ექსეტერი
პერპინიანი - დრაგონსი
V ჯგუფი
15 დეკემბერი
ბრივი - ლა ვილა 38:13 (33:3)
18 დეკემბერი
სეილი - აჟენი 41:21 (20:9)
1. ბრივი (საფრანგეთი) 4 4 0 0 140-57 18
2. სეილ შარქსი (ინგლისი) 4 3 0 1 147-67 15
3. აჟენი (საფრანგეთი) 4 1 0 3 93-109 5
4. ლა ვილა (ესპანეთი) 4 0 0 4 47-194 0
V ტური
ბრივი - აჟენი
ლა ვილა - სეილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია